#მოგზაურობა #დეკორი

რაფაელ მატივეს ოდა პარიზულ არქიტექტურას - სახურავიდან დანახული ქალაქი

გაზიარება:

პარიზი დაუსრულებელი აღმოჩენების ქალაქია, ის მუზეუმს ჰგავს ღია ცის ქვეშ. როდესაც ფიქრობ, რომ ეს ქალაქი ვეღარაფრით გაგაოცებს, სწორედ მაშინ დაგარწმუნებს საპირისპიროში. ფოტოგრაფ რაფაელ მატივეს შემთხვევაშიც ასე მოხდა, კლასიკური პარიზული არქიტექტურის ფოტოსერიების გადაღების შემდეგ, ფოტოგრაფმა, Galleries Lafayette-ის სახურავზე ასვლა და პარიზის სხვა რაკურსით დანახვა გადაწყვიტა და იმ დღიდან მოყოლებული, პარიზული ისტორიების მოყოლა ჩვენთვის არ შეუწყვეტია.

რაფაელ მატივეს ობიექტივში პარიზის მრავალფეროვანი, მდიდრული და ძალიან რომანტიკული ბუნება აისახება, თუმცა მასთან ერთად ამ ქალაქის კულტურულ სიმდიდრესაც ვეცნობით: ჰაუსმანის სტილიდან - არტ ნუვომდე, მატივეს Instagram გამომწერებისთვის სრულიად ახალი სამყარო იშლება.

„პარიზულ არქიტექტურაში მარადიული სილამაზე იმალება, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფასადის ბრწყინვალება და შექმნათ თქვენი საკუთარი ისტორია მის მიღმა, ანრი ვერნოს Fear of the City-ში, Saint Laurent-ის უკანასკნელი ჩვენების მსგავსად" - რაფაელ მატივე.

რაფაელის instagram ფიდი სავსეა პარიზული შენობების ექსტერიერის ფოტოებით, რომელთა უმრავლესობაშიც ისტორიას ადამიანები ჰყვებიან, კომფორტის ზონაში მყოფი ადამიანები, რომლებიც დროს საკუთარ სახლებში ატარებენ, საუბრობენ, ვარჯიშობენ, ჭამენ და უყვართ, ჩვენ კი მატივეს დახმარებით, ამ მშვიდი პროცესის მონაწილენი ვხდებით.

ზევით