#მოდა

პარიზული გლამური SAINT LAURENT-ის გაზაფხულის კოლექციაში

გაზიარება:

2016 წელს Saint Laurent-ის კრეატიული დირექტორის როლში, ახალგაზრდა და საოცრად ნიჭიერი იტალიელი დიზაინერი, ენტონი ვაკარელო მოგვევლინა. Saint Laurent-ი დიდი ხნით ადრე იქცა პარიზული ფუფუნების, სექსუალურობისა და დახვეწილების სინონიმად, თუმცა ენტონის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, მოდის სახლმა ძველი დიდებულება და ბრენდის 61-წლიანი ესთეტიკა, ვაკარელოს მინიმალიზმთან გააერთიანა და რაღაც ახალს და ამაღელვებელს დაუდო სათავე.

ენტონი ვაკარელოს ხელწერა ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელია, რაც გასულ ღამეს, პარიზის მოდის კვირეულზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეიფელის კოშკის ბრწყინვალების ფონზე, სანახაობრივად დრამატულ Jardins du Trocadéro-სა და Fontaine de Varsovie-ს მიღმა, Saint Laurent-მა, განსაკუთრებული სიზუსტით განლაგებული შავი ხის სკამები მთავარი შადრევნის გარშემო განათავსა და რბილი ნათებით ჯერ ცნობილი ვარსკვლავები, მათ შორის ქეით მოსი, ჰეილი ბიბერი, როზი ჰანტინგტონ-უაითლი, ამბერ ვალეტა და სხვები შემოიკრიბა, შემდეგ კი პარიზული გლამური წარადგინა პოდიუმზე.

ფრანგული მოდის სახლი დიდებულების ჩვეულ ტალღაზე გახლდათ, გრანდიოზული სანახაობრიობის გარდა, რომელიც დიდწილად შერჩეულმა ლოკაციამ განსაზღვრა, YSL-ის Spring 2023 Ready to wear კოლექცია საორკესტრო მუსიკის ფონზე წარსდგა. ტყავის ქურთუკები და მოსაცმელები, სტრუქტურირებული ლაბადები, კაპიუშონიანი კაბები და ასიმეტრიული ჭრილები ენტონი ვაკარელოს ახალ კოლექციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

პარიზული ღამეებისთვის ზედგამოჭრილი კოლექცია, ენტონის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური და რომანტიკული ქმნილება იყო, რაც კი ბოლო 6 წლის განმავლობაში გვინახავს.

ზევით