#მოდა

One Night Only - Armani Privé-ს მოდური სპექტაკლი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე

გაზიარება:

ვენეციის მე-16 საუკუნით დათარიღებული Tese delle Nappe-ის უზარმაზარი სივრცე ერთი ღამით, Armani Privé-ს მოდური ჩვენებისთვის One Night Only-სთვის ზღაპრულად განათდა. ვენეციაში მიმდინარე მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალს პატივი, 89 წლის დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ, კიდევ ერთხელ მიაგო. ღონისძიება, კინოფესტივალის აღნიშვნას და მოდის სახლისა და კინოინდუსტრიის მუდმივი კავშირის ხაზგასმას მიეძღვნა. 

მიუხედავად იმისა, რომ კინოფესტივალს, წელს ბევრი ცნობილი სახე არ ესწრება (SAG-AFTRA-ს გაფიცვის გამო), მოდურ სპექტაკლზე თავი ვარსკვლავებმა მაინც მოიყარეს. წინა რიგებიდან ჩვენებას ესწრებოდნენ სოფია ლორენი, ჯესიკა ჩესტეინი, სიდნი სვინი, კერი ვაშინგტონი, რენე-ჟან პეიჯი, ლუი გარელი, ლუკა გუადანინიო და ბევრი სხვა.

„მე დიდ პატივს ვცემ კინორეჟისორებს, რადგან მათ შეუძლიათ შექმნან რაღაც მარადიული. მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, ჩემი ძალები რეჟისორობაში გამომეცადა“ - განაცხადა ჯორჯო არმანიმ ჩვენების შემდეგ.

Armani Privé-ს ჩვენებამ გაიმეორა, იანვარში, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე წარდგენილი სილუეტები, თუმცა ვენეციაში არმანიმ უფრო რომანტიკული შტრიხები შემატა თავის საფირმო ნიშნით დახვეწილ სილუეტებს. მისი მკვეთრი მინიმალიზმი თითქოს დარბილდა, ვენეციის ატმოსფეროს გავლენით. „დეკადენცია ხანდახან აიძულებს ფარულ სენტიმენტებს მოულოდნელად გაცოცხლდეს“, - თქვა მან.

ზევით