ქალებისთვის მხოლოდ - გაიცანი საკუთარი სხეული

დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულს კარგად იცნობდე. ქალისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იცოდეს მისი უნიკალური სხეულის შესახებ, მას ხომ ახალი სიცოცხლის შექმნა შეუძლია.

საკუთარი ორგანიზმის სწორი შეცნობა, უზრუნველყოფს  მცირედი  ფუნქციური თუ ორგანული ცვლილებების მარტივად გამოვლენას და მის ადრეულ აღმოფხვრას. დიახ, ეს  თითქოსდა მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა დაავადების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, მინდა გაგაცნოთ თქვენი თავი და დღეს ქალის რეპროდუქციული სისტემის აგებულებას და ფუნქციას განვიხილავ.

დავიწყოთ ქალის  სასქესო სისტემის აგებულებით. იგი შედგება შიგნითა  და გარეთა სასქესო ორგანოებისგან, რომლის გამყოფი არის საქალწულე აპკი. გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება: დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეები, კლიტორი და საშოს  შესავალი. შიგნითა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება საშო, საშვილოსნო  (რომელიც თავის მხრივ იყოფა საშვილოსნოს ყელი  და ტანი), ფალოპის მილები და საკვერცხეები.

გარეთა სასქესო ორგანოების ფუნქციაა შექმნან ერთგვარი ბარიერი, რათა საშოს  შესავლის მეშვეობით ნაკლებად გავრცელდეს ინფექცია  შიგნითა სასქესო ორგანოებში. კლიტორი, იგივე სავნებო გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება, მას გააჩნია ძალიან  დიდი სისხლმომარაგება  და შეიცავს ძალიან ბევრ ნერვულ დაბოლოებებს, ამიტომ არის იგი ასე მგრძნობიარე.

რაც შეეხება შიგნითა სასქესო ორგანოებს, საკვერცხეების ფუნქცია ქალისთვის საჭირო ჰორმონების გამომუშავება, ციკლურად ფოლიკულის მომწიფება და კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება. საკვერცხესთან ახლოს იმყოფება ფალოპის მილი, რომელიც ერთი ბოლოთი დაკავშირებულია საშვილოსნოს ღრუსთან და რომლის  ფუნქციაც არის  გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედის ტრანსპორტირება საშვილოსნოს ღრუში.

საშვილოსნო

რაც შეეხება საშვილოსნოს, ქალის რეპროდუქციულ ასაკში მისი ზომებია 7-7,5 სმ  და იგი შედგება საშვილოსნოს ტანისა და ყელისაგან. ტანის მთავარი ფუნქციაა განაყოფიერებული კვერცხუჯრედისთვის  და შემდგომ ემბრიონისთვის რეზერვუარის შექმნა. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, მაშინ საშვილოსნოს ღრუში არსებული ფუნქციური შრე (ენდომეტრიუმის შრე) ჩამოიფცქვნება, ეს კი მენსტრუალური  ციკლის სახით გამოვლინდება. საშვილოსნოს ყელის ფუნქციას კი  უხეშად, რომ ვთქვათ, წარმოადგენს ერთგვარ ჩამკეტს, რომ დროზე ადრე არ მოხდეს მშობიარობის ინიცირება. საშვილოსნოს ყელი კი უშუალოდ დაკავშირებულია საშოსთან და მისი მთავარი ფუნქციაა რბილი სამშობიარო გზების შექმნა, რათა ნაყოფმა უსაფრთხოდ გაიაროს ეს გზები. 

სქესობრივი აქტი  ხდება უშუალოდ საშოში, რომლის სიგრძეც მერყეობს 7 დან 12 სმ მდე. საშოს შესავალთან, ორივე მხარეს მდებარეობს ბართოლინის ჯირკვლები, რომლებიც  გამოიმუშავებენ სეკრეტს და უზრუნველყოფენ საშოს ლუბრიკაციას აქტის დროს. 

იმედი მაქვს  ეს პოსტი სასარგებლო  ინფორმაციას მოგცემთ თქვენი სხეულის შესახებ  და მეტი გეცოდინებათ დღეიდან თქვენს ორგანიზმზე.

ანა კაშია, გინეკოლოგის კაბინეტიდან.

ზევით