#ცნობილები

გოგონა განსაკუთრებული ღიმილით - ვინ არის სალომე ტოშკუა?

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

თანამედროვე ეპოქაში სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველას გვყავს საყვარელი ინფლუენსერები, ტიკ-ტოკერები და ხშირად მათი ყოველდღიური ცხოვრებით ვიქცევთ თავს. ჩემი არ იყოს, რჩეული ინფლუენსერების ცხოვრების შესახებ მეტის გაგება ბევრს გენდომებათ. საინტერესოა რა ხდება მაშინ, როდესაც მათი ტელეფონის კამერა ჩართული არაა. დღეს გვინდა ის ადამიანი გაგაცნოთ, რომლის ვიდეოებიც განსაკუთრებული "სინამდვილით" და დადებითი ენერგეტიკით გამოირჩევა. The Diary ამჯერად სალომე ტოშკუას ტიკ-ტოკს მიღმა გაგაცნობთ.

salome toshkua,სალომე ტოშკუა,salomitoshkua,ინფლუენსერი,ინსტაგრამი,ტიკტოკი,ცნობილი

როგორია სალომე ტოშკუა რეალურ ცხოვრებაში და რა არის ის, რაც თქვენმა გამომწერებმა არ იციან?

ალბათ, როგორიც სოციალურ პლატფორმებზე ვარ, ზუსტად ისეთი ვარ რეალობაშიც - უშუალო. ზოგჯერ, რადგან არ მიცნობს ხალხი პირადად, მიწერენ ხოლმე, რომ ძალით ვაკეთებ რაღაცას, ძალით ვარ ასეთი. თუმცა, რაც ჩემს პიროვნებას ეხება, არანაირი განსხვავება არ არის, სოციალურ ქსელში ზუსტად იგივე ვარ, რაც რეალურ ცხოვრებაში. სხვანაირად წარმოუდგენელიც მგონია, როგორ შეიძლება ყოველდღიურად ამდენი ვიდეო ჩავწერო და ხელოვნური ვიყო? - დავიღლებოდი ალბათ. ხალხმა არ იცის ჩემი ყოველდღიურობის შესახებ, რას ვაკეთებ, რა გატაცებები და ინტერესები მაქვს. რადგან დღის ვლოგები და ამგვარი კონტენტი არ მაქვს, ეს ნაწილი უფრო დაფარულია ჩემი გამომწერებისთვის.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @salomitoshkua

როგორი გეგმები გქონდათ და რას საქმიანობდით მანამ, სანამ სოციალურ მედიაში პოპულარული გახდებოდით?

პროფესიით სოციოლოგი ვარ, ჯავახიშვილში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი დავამთავრე. დიდ გაურკვევლობაში ვიყავი 17-18 წლის ასაკში, არ ვიცოდი, რაზე ჩამებარებინა და ყველაფერს განვიხილავდი - სამედიცინოდან დაწყებული, იურიდიულით დამთავრებული. ბოლოს ამ ფაკულტეტზე აღმოვჩნდი იმის გამო, რომ ფართო სფერო იყო და რადგან დაბნეული ვიყავი, ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. სწავლის პერიოდში ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს არ იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა მთელი ცხოვრება. საკმაოდ სტრესული პერიოდი მქონდა, რადგან ისევ არ ვიცოდი რა მიმართულებით მსრურდა წასვლა ცხოვრებაში. 

17 წლის ასაკიდან სხვადასხვა სფეროში ვმუშაობდი და ყველაზე მეტად ეს დამეხმარა, რომ მივმხვდარიყავი, რეალურად რა მინდოდა.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @salomitoshkua

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ პლატფორმებს დღეს ყველა ვიყენებთ, სრულიად სხვა საკითხია მისი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ ქცევა. როდის და რამ გადაგაწყვეტინათ სოციალურ ქსელებში გააქტიურება და რა გზა გაიარეთ, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ?

თავისით მოვიდა ჩემს ცხოვრებაში კონტენტ კრეატორობა და მაშინვე მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემთვის იყო. პანდემიის დასრულების პერიოდში თავიდან გადმოვწერე ტიკ-ტოკი და პირველი ვიდეო მაშინ დავდე. ყოველთვის გამოვირჩეოდი უცნაური გემოვნებით და ჭამის მანერით სამეგობროში და ჩემს გარშემო უკვე ყველა მიჩვეული იყო ამას. ერთხელ კურსელებთან ერთად ვიყავი გასული და მათ მთხოვეს, რომ გადამეღო, რასაც ვჭამდი და ტიკ-ტოკზე დამედო ვიდეო. იმ ვიდეოში ნივრიანი პური და ნაყინი დავაგემოვნე ერთად. ხალხისგან უდიდესი ინტერესი და კითხვები წამოვიდა - მართლა მომწონდა რასაც ვჭამდი, თუ უბრალოდ ვიდეოსთვის ვაკეთებდი? ამას მოჰყვა კომენტარები, მთხოვდნენ, რომ სხვადასხვა გემოების კომბინაციები გამესინჯა და ისევ დამედო ტიკ-ტოკზე.

როგორ შეცვალა ინფლუენსერობამ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება? ფიქრობთ, რომ უფრო საინტერესო გახადა?

კი, პირველ რიგში ის მაბედნიერებს, რომ რუტინული საქმიანობა აღარ მაქვს. ვერ ვიტან რუტინას, რუტინულ სამსახურებშიც რომ ვიყავი, ვერ ვჩერდებოდი, 6 თვეში მოვრბოდი.

არ შემიძლია ერთი და იმავეს კეთება, ინფლუენსერობაში კარგი ის არის, რომ ძალიან მრავალფეროვანია, უამრავ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია, რაც განსაკუთრებით მიყვარს.

ის ფაქტიც ცალკე მახარებს, რომ ხალხისთვის ცნობადი სახე გავხდი. ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანი ის არის, რომ სხვადასხვა ბრენდების გადაღებები ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რაც ყოველთვის მინდოდა. ეს ყველაფერი, რომ მაქვს და ხალხის სიყვარულსაც ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. მთავარია მიყვარს ჩემი საქმე და რუტინულის ნაცვლად, თავისუფალი გრაფიკი მაქვს - საქმეს როცა მინდა მაშინ ვაკეთებ და ჩემთვის ეს დიდი ფუფუნებაა.

დღეს სოციალურ მედიას იმხელა როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში, რომ აუცილებელია, ყველა კუთხიდან შევაფასოთ და გავითვალისწინოთ მისი კარგი და ცუდი თვისებები. საინტერესოა, თქვენ რას მიიჩნევთ სოციალური მედიის დადებით და უარყოფით მხარეებად?

მგონია, რომ სოციალურ ქსელებთან ყველას ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა გვაქვს. წარმოუდგენელია დღევანდელობაში სოციალური მედიის გარეშე საერთოდ რამე მოხდეს, უამრავი ინფორმაცია იცვლება და კარგია იმ მხრივ, რომ ყველაფრის გაზიარება და მოძიება შეგვიძლია. ბიზნესებისთვის ძალიან მარტივი გახდა, სოციალურ მედიაში პროდუქტის გაპიარება და ადამიანებს იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ, როგორც ახლა ინფლუენსერები ვაკეთებთ, საკუთარი პიროვნება წამოვწიოთ წინ და ცნობადობა მოვიპოვოთ. უარყოფითი ის არის, რომ არანაირი ფილტრაცია არ ხდება, რთულია რეალური ინფორმაცია გაფილტრო. კონტროლი არ ხდება და არ არსებობს ზღვარი შენსა და გამომწერებს შორის, ნებისმიერს შეუძლია, რომ შენს პირად სივრცეში შემოიჭრას, კომენტარებზე მაქვს საუბარი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @salomitoshkua

თქვენ რა გზით უმკლავდებით უარყოფით კომენტარებსა და მუდმივ კრიტიკას?

იცით, რა, მე თავიდანვე, პირველი ვიდეოს დადებისთანავე, კარგად მქონდა გააზრებული, რომ ვინც ასეთ კომენტარს მიწერს, ის არ მიცნობს, არ იცის, ვინ ვარ, რას და რისთვის ვაკეთებ. ასევე, არ მწყინს კრიტიკა იმ ადამიანისგან, რომელსაც მეც არ ვიცნობ.

ამიტომ, ერთგვარი ფარი მაქვს ცუდ კომენტარებსა და ჩემს გულს შორის აღმართული.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანები ვართ და მუდმივად ძლიერი და მდგრადი ვერ იქნები კრიტიკის მიმართ, ზოგჯერ შეიძლება მეც ფსიქოლოგიურად შემომიტიოს ხოლმე ამ ყველაფერმა, მაგრამ ასეთ დროს მალევე მინანია ნერვიულობა და ისევ ბედნიერი დავბრუნებულვარ ჩემს ყოველდღიურობაში.

რამდენად რთულია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სივრცის შენარჩუნება, მაშინ როდესაც უამრავი ხალხი გიცნობთ?

ალბათ, ყველაზე რთული ამ საზღვრის გავლებაა სოციალურ მედიასა და პირად ცხოვრებას შორის. როცა შენი საქმიანობისა და პროფესიის ნაწილია, რომ ხალხს აჩვენო რასაც აკეთებ, ძალიან რთულია, რომ ზედმეტად ღრმად არ შემოუშვა შენს ცხოვრებაში. მაქსიმალურად ვცდილობ ამას, მაგრამ არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის. თუნდაც ის, რომ ჩემი საქმისთვის მუდმივად ტელეფონის გამოყენება მჭირდება, ეგეც მოქმედებს, დამოკიდებულად მაქცევს. ყოველთვის მინდა, რომ, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებთან ვატარებ დროს, მთელი ყურადღება მათ დავუთმო და ტელეფონზე არ ვიყო გადართული. ამასთან ერთად, ვცდილობ, რომ ინტიმური და პირადი რაც არის ჩემთვის, ის ხშირად არ გავუზიარო გამომწერებს და უფრო ჩემს კონტენტს რაც ეხება, იმაზე ვიყო კონცენტრირებული.

ალბათ, ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს ისიც, რომ თქვენი მეუღლე ხშირად არ ჩანს ვიდეოებში. ეს მისი გადაწყვეტილებაა?

დიახ, ჩემი მეუღლე დიდად არ იყენებს სოციალურ ქსელებს და არც უყვარს გამოჩენა. მეც, რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ მის პირად სივრცეში არ შევიჭრა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @salomitoshkua

ინსტაგრამზე და ტიკ-ტოკზე ხშირად გვიზიარებთ იოგას ვიდეოებს, როგორ დაიწყეთ ვარჯიში და როგორ იქცა იოგა თქვენი ცხოვრების ნაწილად?

თავიდან იოგა პანდემიის პერიოდში დავიწყე, ჩემს მეგობართან ერთად ვვარჯიშობდი ონლაინ. შემდეგ გარეთ გამოვედით, გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა და ერთ სკოლაში დავდიოდი, მერე მეორეში გადავედი და იქ უკვე აქტიურად დავიწყე ვარჯიში. რამდენიმე თვეში ისე შემცვალა, რომ ვერც გავიაზრე. იოგამდე რადიკალურად სხვა ადამიანი ვიყავი. არ მიყვარდა საკუთარი თავი და ერთგვარი მიუღებლობა მქონდა ჩემი სხეულის მიმართ. კომპლიმენტსაც რომ მეუბნებოდნენ გარეგნობაზე, მადლობის ნაცვლად, ვამბობდი, რომ არა, არ ვარ ლამაზი. იოგას მერე შევიყვარე ჩემი თავი და სხეულის ყველა ნაწილი. როდესაც უსმენ შენს სხეულს, ხვდები, რა გინდა და რა იქნება შენი ორგანიზმისთვის უკეთესი. ეს არ მქონდა გააზრებული, სანამ ვარჯიშს დავიწყებდი.

რამდენჯერაც მივსულვარ დილით იოგაზე, არც ერთხელ არ მინანია. გამოსვლისთანავე ენერგიით სავსე, ბედნიერი და მოტივირებული ვარ, მთელი დღე ღიმილი არ მშორდება სახიდან.

რადგან ხალხმა კერძების დაგემოვნებისა და უცნაური გემოების სიყვარულით გაგიცნოთ, საინტერესოა როგორი დამოკიდებულება გაქვთ კულინარიასთან, რამდენად გიყვართ კერძების მზადება?

ზოგადად დაგემოვნება უფრო მიყვარს. რადგან ჩემი ბევრი მეგობარი კულინარია, მათი დახმარებით უკვე გარკვეული ვარ გემოებში. ვხვდები კერძი როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს, რა აკლია, ან რისი დამატებაა საჭირო. ისევ ჩემი მეგობრების დახმარებით გამომდის მზარეულობაც, თან, რადგან უკვე დაოჯახებული ვარ, ოჯახური ყოველდღიურობის ნაწილია, რომ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის გავაკეთო კერძები. აქტიურად დავიწყე ვახშმების და სადილების მომზადება და სხვათა შორის, ძალიან მსიამოვნებს.

მთავარი ის არის, რომ ჩემს მეუღლესაც ძალიან მოსწონს ჩემი გაკეთებული საჭმელი.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @salomitoshkua

მომავალში როგორი გეგმები გაქვთ? კონტენტ კრეატორობას გააგრძელებთ თუ სხვა საქმიანობაშიც ცდით ბედს?

ამჟამად ამ სფეროში იმდენად კომფორტულად და კარგად ვგრძნობ თავს, რომ მგონი, არ შევიცვლი საქმიანობას. რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო, ინფლუენსერობა ვფიქრობ, რომ ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში. მომავალზე საუბარი ყოველთვის რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ.

ზევით