#ჯანმრთელობა #სალზამთრო

გრეიფრუტი - საფრთხილო და საშიში ხილი

გაზიარება:

ერთი შეხედვით უპრობლემო, ბევრისთვის საყვარელი, ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის მომტანი  გრეიფრუტი შესაძლოა ზიანის მომტანი გახდეს, თუ კი მას არასწორად გამოვიყენებთ. 

გრეიფრუტს შეუძლია ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელოაბს, თუ კი გარკვეულ მედიკამენტებს ვხმარობთ.  

გრეიფრუტი რეაქციაში შედის სხვადასხვა წამალთან, იწვევს მათი გვერდითი ეფექტების გაძლიერებას და ხდება  საშიში  ჯანმრთელობისთვის.

მედიკამენტები გადამუშავდება ღვიძლსა და წვრილ ნაწლავში არსებული პროტეინების ჯგუფის - ციტოქრომ P450-ის მიერ, რომელიც მედიკამენტებს შლის და ამცირებს მათ რაოდენობას სისხლში.

გრეიფრუტი კი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ფურანოკუმარინი, რომელიც ხელს უშლის ციტოქრომ P450-ის მოქმედებას, ამით კი სისხლში ზრდის დაახლოებით 85 სახეობის მედიკამენტის რაოდენობას. მსგავსი ცვლილება კი იწვევს მედიკამენტების გვერდითი ეფექტის გაძლიერებას.

გრეიფრუტი

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ერთი ცალი საშუალო ზომის გრეიფრუტი, ან ერთი ჭიქა გრეიფრუტის წვენი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ციტრუსი და მისი ნათესავები, რეაქციაში შევიდნენ მედიკამენტებთან და გამოიწვიონ სხვადასხვა დარღვევა.

მეტიც, გრეიფრუტის მოქმედება გასტანს მიღებიდან დაახლოებით 1-3 დღე და ზოგიერთი მედიკამენტის შემთხვევაში დარღვევები შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს.

აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის მედიკამენტები, რომლებიც რეაქციაში შედის გრეიფრუტთან: 

ქოლესტერინის მედიკამენტები.

ასეთი მედიკამენტები შეიცავს ნივთიერება სტატინს, რომელიც ამცირებს ორგანიზმის მიერ ქოლესტერინის წარმოქმნას. დიდი რაოდენობით კი შეუძლია გამოიწვიოს კუნთის ქსოვილის დაშლა, რაც იწვევს კუნთის ტკივილს და ხანდახან თირკმელების დაზიანებასაც. გრეიფრუტი იწვევს რამდენიმე გავრცელებული სტატინის რაოდენობის ზრდას ორგანიზმში, რითაც ზრდის გვერდითი ეფექტის განვითარების რისკს.

სისხლის წნევის შესამცირებელი და სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები.

მათ უმრავლესობაზე გრეიფრუტი გავლენას არ ახდენს, თუმცა არის რამდენიმე გავრცელებული  მედიკამენტი, რომელთა ინტერაქცია გრეიფრუტთან, სხვადასხვა მექანიზმით, აძლიერებს ან ასუსტებს მათ მოქმედებას და ზრდის გვერდით მოვლენებს.

გულის რითმის მარეგულირებელი მედიკამენტები.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მედიკამენტების რაოდენობა მცირეა, გრეიფრუტის წვენთან ზოგიერთი მათგანის ინტერაქცია იწვევს საშიშ რითმულ ცვლილებებს.

ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები.

მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა და ორგანიზმის მიერ გადამუშავება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ზოგიერთი მათგანი შედის გრეიფრუტთან რეაქციაში და იწვევს წამლების მოქმედების შესუსტებას, ასევე გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.

ანტიდეპრესანტები.

ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც იწვევს ხასიათის გაუმჯობესებას, პანიკური შეტევისა და შფოთვის სიმპტომების შემცირებას, შედის რეაქციაში გრეიფრუტთან და იწვევს ძილიანობის მომატებას და გულის არითმიას.

ტკივილგამაყუჩებლები.

კვლევების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი გრეიფრუტთან ერთად მიღებისას, შესაძლოა დიდხანს დარჩეს ორგანიზმში.

ერექციუული დისფუნქციისა და პროსტატის მედიკამენტები.

ზოგიერთი მათგანი გრეიფრუტთან ერთად იწვევს ძილიანობას და სისხლის წნევის შემცირებას.

მედიკამენტთა რაოდენობა, რომელიც რეაქციაში შედის გრეიფრუტთან საკმაოდ დიდია, ზოგიერთი ინტერაქცია მინიმალურ ცვლილებას იწვევს, ზოგჯერ კი გრეიფრუტის ძალიან მცირე რაოდენობაც საკმარისია მძიმე შედეგის მისაღებად. თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში არსებობს მედიკამენტთა ალტერნატიული საშუალება, რომელიც არ შედის რეაქციაში გრეიფრუტთან. ზოგ შემთხვევაში კი უმჯობესია თავი შეიკავოთ გრეიფრუტის მიღებისგან.

ზემოთ მოცემული ინფორმაცია არის ზოგადი, ამიტომ, სხვადასხვა მედიკამენტის მიღებისას, აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს კვების რაციონთან და გრეიფრუტის მიღებასთან დაკავშირებით!

ზევით