#მოდა

ფანტაზიას და რეალობას შორის: CHANEL SS22 Haute Couture

გაზიარება:

ფემინური, ექსტრავაგანტური, ახალი - პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, მოდის სახლმა Chanel-მა და მისმა კრეატიულმა ხელმძღვანელმა ვირჯინია ვიარდიმ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის Haute Couture კოლექცია წარადგინეს. 

Chanel-ის მოდის სახლი ცნობილია გრანდიოზული ჩვენებებით, წარმოუდგენელი გარდაქმნებითა და მოულოდნელი მოდური ლოკაციებით. ამ სტილს ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფელდი ფრანგული მოდის სახლის სათავეში ყოფნისას, ათწლეულების განმავლობაში იცავდა. მაყურებელმა არასდროს იცოდა რა დახვდებოდა ადგილზე მისულს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენება სავაჭრო ცენტრში გამართულიყო, ლაგერფელდი მოულოდნელად თოვლის ჯადოსნურ სამყაროში მიგვიპატიჟებდა.

ამ ტრადიციას კარლ ლაგერფელდის მოსწავლე და მოდის სახლის ამჟამინდელი კრეატიული ხელმძღვანელი, ვირჯინია ვიარდიც აგრძელებს. დღეს, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მისულ საზოგადოებას 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისა და ატმოსფეროს კონტრასტული ტანდემი დახვდა.

ჩვენება ნამდვილად სანახაობრივი აღმოჩნდა: კაშკაშა, ნათელი სილუეტები Chanel-ის ახალი კოლექციიდან თითქოს ქსავიერ ვეილჰანის მიერ შექმნილ გრაფიკულ გარემოში დაცურავდნენ. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის Haute Couture კოლექცია ცხენზე ამხედრებულმა მოდის სახლის ამბასადორმა და მონაკოს პრინცესამ - შარლოტა კაზირაგიმ გახსნა, რომელიც Chanel-ის შავ ტვიდში იყო გამოწყობილი.

ზევით