#დეკორი

ქალი პერსონაჟების სახლის დეკორი და ინტერიერი ფილმებსა და სერიალებში

გაზიარება:

ფილმისა თუ სერიალის დაუვიწყარი მთავარი პერსონაჟის შექმნა, მხოლოდ მისი ხასიათისა და გარეგნული მახასიათებლების ხაზგასმას როდი გულისხმობს, თითოეულ კინონაწარმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პატარა თუ დიდ დეტალებს, მათ შორის იმ საცხოვრებელ სახლსა და ინტერიერს, რომელშიც ჩვენი საყვარელი მთავარი გმირი იცხოვრებს.

გაიხსენეთ, რამდენად იდეალურად ასახავდა ამელის, ქერი ბრედშოუსა თუ ბრიჯიტ ჯონსის აპარტამენტები მათ ბუნებას, შინაგან სამყაროსა და ინდივიდუალიზმს და დარწმუნებით, რომ ინტერიერი და დეკორი შემოქმედებითი გუნდისთვის კიდევ ერთი საშუალებაა შეავსონ პერსონაჟის სახე და სრულყონ იგი.

1. Breakfast at Tiffany's

1960-იანი წლების რომანტიკული კომედიის ნახვისას ალბათ არა ერთხელ გაგჩენიათ სურვილი, თქვენს ოდრი ჰეპბერნის პერსონაჟის, ჰოლის მშვენიერ აპარტამენტში გეცხოვრათ და ამ მყუდრო, მზის სხივებითა და კომფორტით გაჯერებული სახლის ნაწილი გამხდარიყავით.

2. Green Card

თუ თქვენი კომფორტის ზონის დიდ ადგილს სახლის მცენარეები, ბუნებრივი გამწვანება და მინიმალისტური გაფორმება იკავებს, მაშინ ენდი მაკდაუელის საცხოვრებელი სახლი თქვენთვისაც ნამდვილი სამოთხე იქნება. 

3. The Virgin Suicides

სოფია კოპოლას ფსიქოლოგიურ დრამაში დების საცხოვრებელ სახლს დიდი ადგილი უკავია, მართალია ეს სახლი გოგოებისთვის მცირე ბედნიერების და დიდი უბედურების სათავე გახდა, თუმცა სახლის დეკორი, მისი ყოველი დეტალი, რეალობას გაქცეული დეკორი და პასტელური ფერები კონტრასტული თხრობის იდეალურ ნიმუშს წარმოადგენს.

4. Amélie

გამოუსწორებელი მეოცნების და ყველაზე განსხვავებული გოგოს ამელის ცხოვრებაში ფერებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება, ჟან-პიერ ჟენე ამ ფერების საშუალებით ავსებს ამელის იმ ხასიათსა და ინდივიდუალურობას, რომელიც შესაძლოა მის ქცევებსა და თვალებში ვერ ამოვიკითხოთ.

5. Sex and the City

90-იანი წლების მიწურულს ტელეეკრანებზე საკულტო პერსონაჟი ქერი ბრედშოუ გამოჩნდა და თავის მყუდრო, სტუდიოს ტიპის აპარტამენტში შეგვახედა, რომელიც დღემდე ისე ძალიან გვხიბლავს, როგორც ამას ორი ათწლეულის წინ აკეთებდა. 

6. Friends

ვინც მეგობრებთან ერთად გაიზარდა და ეს 6 ადამიანი რეალურად შეიყვარა, შემდეგ კი მთელი ცხოვრება ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მათი იუმორით ტკბებოდა, მონიკასა და რეიჩელის აპარტამენტს აუცილებლად მიიჩნევს საკუთარ სახლად. ეს არ არის უბრალოდ ოთახი იასამნისფერი კედლებით, ეს ისტორიაა, მოგონებებისა და ემოციების კრებული, რომლის გამეორებასაც ხშირად ვცდილობთ.

7. You've Got Mail

კეიტლინ კელის ანონიმური თაყვანისმცემელი მის უმშვენიერ აპარტამენტში შევიყვარეთ, მთავარ გმირთან ერთად სწორედაც რომ ამ კედლებში გადავლახეთ დეპრესიული დღეები და ბედნიერი დასასრულის წინაპირობაც სწორედ ამ კედლებში ვნახეთ. კეიტლინის საცხოვრებელი ჩვენთვის ერთგვარი ჯადოსნური ადგილია.

8. Before Sunset

რიჩარდ ლინკლატერის ტრილოგია, ვენაში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა და თავგადასავალი, რომელიც სელინისა და ჯესის ცხოვრების შესახებ გვიყვება პოპულარობას დღემდე არ კარგავს. მარტოხელა გოგოების სახლებზე საუბროსას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს სელინის საცხოვრებელი, რომლის თითოეული კუნჭულიც წიგნებით არის დაფარული.

9. Bridget Jones's Diary

მარტოხელა, გზააბნეული ბრიჯიტ ჯონსი საკუთარი ცხოვრების დალაგებას სწორედ ამ ბინაში იწყებს, მყუდრო სახლში, რომელშიც ჩვენს საყვარელ გმირს ასე ძალიან უყვარს მოკალათება, დღიურის წერა, ნაყინის ჭამა და ზოგჯერ ბოკალი ღვინოს მირთმევაც, სწორედ ამ კედლებში იწყება ის სასიყვარულო სამკუთხედიც, საიდანაც ბრიჯიტმა გამოსასვლელი უნდა იპოვოს.

10. Cruella

კრუელა დე ვილის კედლებში არა მამაკაცის, არამედ მოდის მიმართ სიყვარული სუფევს, აქ იბადება ბოროტმოქმედ-გენიოსი კრუელა დე ვილი, რომლის ისტორიის მოსმენის შემდეგ მაყურებელი დარწმუნებული აღარაა ბოროტმოქმედთა რიგებში დატოვოს კრუელა თუ შეიყვაროს იგი.

ზევით