#COVERSTORY #STORY #მოდა

THE DIARY SUMMER COVER STORY - მარიამი & ანნა

გაზიარება:

ენითაღუწერელი ქართული სილამაზის ტოპ ათეული რომ შეგვადგენინონ, ეს ორი გოგო უდაოდ სიის სათავეში მოექცევა. მარიამ სანოგოს და ანნა შელიას შესახებ სიახლეებს The Diary-ის მკითხველს ხშირად ვთავაზობთ, ამჯერად კი მოდელები და ინფლუენსერები ჩვენი საზაფხულო Cover Story-ის მთავარი გმირები გახდნენ.

არ შემიძლია ყველაზე ცხელი თემით არ დავიწყო - როგორც მთელი საქართველო, აქტიურად გულშემატკივრობდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს…

ანნა: ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ფეხბურთი და რაგბი ყოველთვის აქტუალური თემა იყო და არის. ფეხბურთის ნაკრების თამაშებმა ისეთი დადებითი ემოციებით დამმუხტა რომ ვერ აღგიწერთ, დარწმუნებული ვარ ყველა ასეთ ემოციებში იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ნაკრებს, ასეთი ემოციებისთვის.

მარიამი: რთული გასააზრებელი იყო ეს ზღვა ემოცია, თან ასეთი კოლექტიური ბედნიერება. სრულიად საქართველო გადავიდა ჭკუიდან. დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის ჩვენი ეროვნული ნაკრების ბიჭებს.

რამდენადაც განსხვავდებით ერთმანეთისგან, იმდენად ბევრი გაქვთ საერთო. ორივე ათავსებთ ერთმანეთთან დედობას და კარიერას. საინტერესოა თქვენი დღის გრაფიკი…

მარიამი: ყველაზე რთული ესაა, რადგან დროს მენეჯმენტს მუდმივად ერთნაირად ვერ გაუწევ. ბავშვი იზრდება, მოთხოვნილებები ეცვლება, მისი დღის რეჟიმი იცვლება და მას უნდა მოვერგო. ახლა ბაღში დადის, მაქვს თავისუფალი დრო და ამ დროში მაქსიმუმის მოსწრებას ვახერხებ. საღამოს საქმეზე წასვლა, გასართობად ხომ საერთოდ, ხშირად ვერ ხერხდება. რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, რომ არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, ბავშვი ბაღიდან გამოსულიყო და მე არ დავხვედროდი, მაგრამ ჯერ-ჯერობით გრაფიკი კარგად აგვეწყო.

ამ რთულ პროცესში საქმეებს ოჯახში ვინაწილებთ. ბავშვის აღზრდა და თან მუშაობა მარტივი პროცესი არ არის.

მარიამ სანოგო, ანნა შელია, ანა შელია, მოდელები, მოდელი, ქართველი, the diary, cover story
ანნა შელია, მარიამ სანოგო - სამოსი, აქსესუარები: Karl Lagerfeld; სამკაული: Pandora

ანნა: დილით ვდგებით, ბავშვებს ვასაუზმებ და ელი მიმყავს ბაღში, ვატო ჩვენს დამხმარესთან რჩება. დაახლოებით 10 საათისთვის ვიმარაგებ პროდუქტებს, რაც მჭირდება კერძისთვის, ვბრუნდები სახლში და ვამზადებ სადილს. შემდეგ ვიღებ რომელიმე ბრენდისთვის ან კომპანიისთვის ვიდეოს, ვამონტაჟებ და ვაგზავნი დასადასტურებლად. დაახლოებით 14:00 მივდივარ ელის ბაღიდან გამოსაყვანად და მიმყავს ბალეტზე (მანქანაში თან ვასადილებ). ბალეტის შემდეგ ზურგის სამკურნალო მასაჟზე მივდივართ, ორსულობის შემდეგ დამჭირდა. მასაჟის შემდეგ ვბრუნდებით სახლში, ბავშვები ვახშმობენ და ვახშმის შემდეგ გაგვყავს ეზოში. 20;00 ზე ვაძინებთ ბავშვებს და როგორც კი იძინებენ, ვალაგებ მომდევნო დღის გეგმას, გადაღებებს და ა.შ. ბავშვებს ადრე ვაძინებთ, პირველ რიგში მათი ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი და მეც უფრო მეტი დრო მრჩება დასასვენებლად.

ხშირად, წარმატებული კარიერის და დედობის პირობებში, დათმობებზე გვიწევს წასვლა. თქვენ რაზე გიწევთ უარის თქმა, რა გენატრებათ?

ანნა: ასე კონკრეტულად არაფერი მენატრება, რადგან რაც მსურს იმაზე უარს არ ვამბობ.

მარიამ სანოგო, მოდელი, ტელე წამყვანი, mariam sanogo, model, ქართველი წამყვანი
მარიამ სანოგო - სამოსი, აქსესუარები: Karl Lagerfeld; სამკაული: Pandora

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში დედობამ?

მარიამი: ჯერ კიდევ ორსულობამ ბევრი რამე შეცვალა. დიდი წონა, 53 კილო მოვიმატე და ფაქტობრივად სხვა ადამიანი ვიყავი. უბედნიერესი პერიოდი კი იყო, მაგრამ როგორც ქალისთვის რთულიც გამოდგა. ბავშვის გაჩენის შემდეგ მოტივაცია ძალიან გაიზარდა. ადრეც კი ყოველთვის მოტივაციით სავსე ვიყავი, მაგრამ თურმე სად ვყოფილვარ, როგორც დედა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ. ჩემი შვილები არიან იმის მთავარი მოტივაცია, რომ საქმეში მაქსიმალური ჩავდო. მინდა, რომ მათ წარმატებული და შემდგარი დედა ჰყავდეთ, არა იმიტომ რომ იამაყონ, არამედ იმიტომ, რომ მაგალითი მივცე და მათთვის ყველაფრის შექმნა შევძლო.

ანნა შელია, ანა შელია, ლაშა ლომიძე, მოდელი, ქართველი მოდელი, the diary
ანნა შელია - სამოსი, აქსესუარები: Karl Lagerfeld; სამკაული: Pandora

ანნა, შვილი პანდემიის პერიოდში გააჩინე და ვიცი, რომ საქართველოში არ იმყოფებოდით. როგორი იყო ეს პირველი პერიოდი, როდესაც სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება ოჯახისგან და “დამხმარე ძალისგან” შორს მოგიწია?

ანნა: ერთდროულად ყველაზე რთული და ტკბილი პერიოდი იყო. რთული იმიტომ, რომ ვნერვიულობდი, რამე არ შემშლოდა. იმდენი ინფორმაცია წავიკითხე ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც გამუდმებით ვღელავდი. ამავდროულად, პანდემიის დროს ყველაფერი დაკეტილი იყო, დღეში 1 საათი გვქონდა გარეთ გასვლის უფლება, ონლაინ ვავსებდით ფურცელს, სადაც ვუთითებდით გასვლის დროს. 10 კილომეტრის მოშორებით ვერ მივდიოდით ვერსად. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ვერ ჩავდიოდით, ვერც ისინი ჩამოდიოდნენ. მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვზრდიდით ბავშვს.

ელი პირველად დაახლოებით 6 თვის ასაკში ნახა ყველამ და ეს შეხვედრა ძალიან ემოციური იყო..

ანა შელია, მარიამ სანოგო, მოდელები, ქართველი მოდელი, the diary, ტელეწამყვანი, ინფლუენსერი
მარიამ სანოგო, ანნა შელია - სამოსი, აქსესუარები: Karl Lagerfeld; სამკაული: Pandora

წლების მანძილზე ორივეს მოდელის რანგში გიცნობდით. დღეს თქვენი საქმიანობის დიდ ნაწილს ე.წ. ინფლუენსერის პროფესია წარმოადგენს. რამდენად დიდია სოც. მედიის როლი თქვენს ცხოვრებაში?

ანნა: დღეს სოც. მედიას უდიდესი ძალა აქვს. გადაღებებიც სოციალური მედიიდან გამომდინარე მაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ძველი გადაღებები უფრო მენატრება, რადგან არ მიწევდა ფიქრი თუ რა ჩამეცვა, სად უნდა გადამეღო, თმა და მაკიაჟი როგორ გამეკეთებინა და ა.შ პირდაპირ გამზადებულზე მივდიოდი.

მარიამი: ჩემი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი ტელევიზიამ დაიკავა. რამდენიმე პროექტზე ერთდროულად ვმუშაობ და ძალიან საინტერესო ეტაპი დადგა. ამასთანავე, სხვადასხვა სარეკლამო კამპანიასა და influencing-ში აქტიურად ვარ ჩართული. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლუენსერობა პროფესიაა და მასში მეც ვარ ჩართული.

მარიამ სანოგო, ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი, mariam sanogo, the diary, ინტერვიუ
მარიამ სანოგო - სამოსი, აქსესუარები: Karl Lagerfeld; სამკაული: Pandora

მარიამ, კარიერის დასაწყისში კონტენტს შენი გამოყენებით ვიდეოგრაფები და ფოტოგრაფები ქმნიდნენ. დღეს უკვე საკუთარი პლატფორმა გაქვს, სადაც თავად ქმნი კონტენტს. ამან რამდენად გააფართოვა შენი შესაძლებლობები…

მარიამი: ეს საქმიანობა შემთხვევით დავიწყე. რეალურად, ჩემი საძირკველი სწორედ სხვისი შექმნილი კონტენტი იყო. როცა მოდელი ხარ ძალიან კარგი ფოტოები და ვიდეოები გაქვს და დროთა განმავლობაში გამომწერები სწორედ ამ კონტენტმა მოაგროვა. თანაც იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე წარმომედგინა, შემდეგ შეკვეთების მიღებაც დავიწყე.

რაც შეეხება ჩემით კონტენტის კეთებას, ეს ერთ-ერთი საუკეთესო და სასიამოვნო პროცესია.

ამ ყველაფრის შექმნა და დამუშავება ძალიან მიყვარს. მითუმეტეს მაშინ, როცა ვარჩევ იმ ბრენდს და კონტენტს, რომელიც მე თვითონ მომწონს. მუდმივად ვცდილობ მონტაჟისა თუ გადაღების მხრივ ექსპერიმენტების ჩატარებას. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩემს საქმიანობაში სხვა ვიდეოგრაფები ან ფოტოგრაფები არ იყვნენ ჩართულნი, პირიქით კოლაბორაციებით ვმუშაობთ. 

ანა შელია, მარიამ სანოგო, მოდელები, ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი, anna shelia, mariam sanogo, the diary, cover story
ანნა შელია, მარიამ სანოგო - სამოსი, აქსესუარები: Karl Lagerfeld; სამკაული: Pandora

რამდენად ისვენებთ ხოლმე სოც მედიისგან? გქონიათ პერიოდი, როდესაც პაუზა აგიღიათ?

ანნა: კი, ხშირად მქონია მსგავსი პერიოდი. ბავშვებთან ერთად ძალიან რთულია აქტიური იყო სოციალურ მედიაში.

მარიამი: ვცდილობ, პერიოდულად მოვწყდე და ბავშვთან, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად უბრალოდ დავისვენო. დილით საუზმესთან ერთად უცხოური და ქართული მედია საშუალებებით სიახლეების გაცნობა მიყვარს. არ ვთვლი რომ ტელეფონზე დამოკიდებული ვარ. ვითვალისწინებ იმას, რომ ჩემი გამომწერების უმეტესობას არა სარეკლამო პოსტები, არამედ ჩემი რეალური ცხოვრება აინტერესებს. ვცდილობ მათ ყოველდღიური, სარეკლამო ამბებისგან დაცლილი კონტენტი შევთავაზო.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უამრავი კომპანია არსებობს, რთულია იმ ბალანსის დაცვა, რომ არც რეალური კონტექტი მოვაკლო და არც რეკლამები.

თუ გყავთ რჩეული ქართველი ინფლუენსერები, რომლის აქტიური გამომწერებიც ხართ?

ანნა: რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი ინფლუენსერი მყავს გამოწერილი. ასე კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველას თავის სტილი აქვს. თემატიკის მიხედვით ვარჩევ, ვისი გამომწერი გავხდე. ზოგი სახის მოვლასთან დაკავშირებით გვიზიარებს ცოდნას, ზოგი მაკიაჟთან, ჩაცმულობასთან, ყოველდღიურობასთან და ა.შ..

მარიამი: ყველაზე სასიამოვნოა საქმიანობაში პროგრესის შემჩნევა. მუდმივად ვითარდებიან და რამდენიმე წლის წინანდელ კონტენტს თუ შეადარებ, დაინახავ რომ დიდი პროგრესი განიცადეს, ეს დიდი მოტივაციაა. ერთ-ერთი ადამიანი, რომლის გამომწერიც დიდი ხანია ვარ, ფოტოგრაფი იყო და თავიდან გადაღებისთვის მომწერა. გვერდზე ლამაზ და ესთეტიკურ ფოტოებს დებდა და გამოვიწერე. მერე და მერე მივხვდი, რომ ინფლუენსერობა დაიწყო.

ეს იყო MariSunny. ბევრი წელია, რაც მის განვითარებას ვუყურებ და არაჩვეულებრივი შედეგი აქვს.

არ შემიძლია არ ვახსენო ლიკუნა ხაჭაპურიძე, რომელიც ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი და ნიჭიერი კონტენტ კრეატორია. ხშირად გვიწევს ევროპაში რეგიონულ შეხვედრებზე სიარული და იქ მივხვდი, რომ ამ სფეროში ქართველები საკმაოდ წინ ვართ წასული. ერთხელ მსგავს შეხვედრაზე ნინუცა ორჯონიკიძესთან და სალომე ღვინიაშვილთან ერთად ვიყავი. ორივე გემოვნებიანი, ულამაზესი და ინდივიდუალური სტილით გამორჩეული ადამიანია. ამ გოგოებს და ევროპის დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის იმდენად დიდი იყო სხვაობა, რომ ყველანი ძალიან ამაყები ვიყავით.

შელია, სანოგო, მოდელი, ქართველი მოდელები, the diary, cover girls, anna shelia, mariam sanogo, ფოტოსესია, ფოტოები, ვიდეო
ანნა შელია, მარიამ სანოგო - სამოსი, აქსესუარები: Karl Lagerfeld; სამკაული: Pandora

ბოლო დროს, კრეატორების უმეტესობამ Youtube-ის საჭიროება დაინახა. რომელ სოც. მედია პლატფორმაზე ხართ ყველაზე აქტიურები და ხომ არ გეგმავთ Youtube არხზეც გადანაცვლებას?

ანნა: მე პირადად ინსტაგრამის მომხმარებელი ვარ, შესაბამისად აქ ვარ ყველაზე აქტიური, თუმცა Tik-tok-იც მომწონს, ვცდილობ ვიაქტიურო, მაგრამ ვიდეოების აწყობა საკმაოდ რთულია.

მარიამი: ბევრი ფიქრის შემდეგ Tik-Tok-ზეც გამოვჩნდი. თავშეკავებულობის მიზეზი ის იყო, რომ რაც უფრო მეტ პლატფორმაზე ხარ, მით უფრო მეტი მუდმივი, სტაბილური კონტენტის მომზადება გიწევს, ამას კი მეტი დრო სჭირდება. ახლაც შესწავლის პროცესში ვარ, ოღონდ ამ პლატფორმის ტრენდების შესწავლაზე მეტად იმას ვარკვევ, მე რა მინდა, რომ ტოკტოკზე გავიდეს. ინსტაგრამი კიდევ უფრო დახურულია და შენს გარშემო ის ხალხი ტრიალებს, რომელსაც მსგავსი თემები აინტერესებს. ტიკტოკზე გაცილებით დიდი აუდიტორიაა, თავისი ალგორითმის წყალობით, შენი ვიდეო შეიძლება შეხვდეს ისეთ ადამიანს, რომელთანაც საერთო ენაზე არ საუბრობ ამიტომ შესაბამისი უკუკავშირიც გაქვს.

სამოსი და აქსესუარი: Karl Lagerfeld

სამკაული: Pandora

ფოტო: იკა პირველი

ზევით