#სპორტი

ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

გაზიარება:

ჯერ ტოკიო ხომ მოიგო, 24 წლის ასაკში პარიზის ოლიმპიადაზეც ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონობას ზედიზედ ორჯერ ახერხებს.

გუშინ იაპონიამ საქართველოს დამარცხება ვეღარ შეძლო. ოლიმპიადის მეხუთე დღე ქართული ჰიმნის ფონზე დასრულდა. 90 კილოგრამ კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ჯერ ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა, შემდეგ სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით, 1 წუთსა და 22 წამში მოუგო.

ლაშა ბექაური, ძიუდო, პარიზის ოლიმპიური თამაშები
ფოტო: Reuters/Kim Kyung-Hoon

ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილს სძლია. ორ ქართველს შორის ბრძოლა ერთადერთი იყო, სადაც ბექაურმა მეტოქის გაფრთხილებების დახმარებით მოიგო. ფინალში კი იაპონელი მეტოქის, სანშირო მურაოს დამარცხება შეძლო. ლაშამ სანშირო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე, ვაზარით 2:1 დაამარცხა. ლაშა ბექაურის გამარჯვება სასიხარულოსთან ერთად მოსალოდნელიც იყო. ძიუდოისტის ანგარიშზე უკვე 21 ოქროს მედალია, ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და უკვე ორი ოლიმპიური ოქრო აქვს.

ტრისტან მოსხალიშვილი, ბექაური ლაშა, ოლიმპიადა
ტრისტან მოსახლიშვილი და ლაშა ბექაური

"მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემშია ეს ყველაფერი თავმოყრილი. ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია და მიყვარხართ" - ლაშა ბექაური, ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ.

ლაშა ბექაური
ფოტო:IJF-International Judo Federation

ბექაურის წარმატებაზე ძიუდოს ევროპის ფედერაცია წერს: ლაშა ბექაურმა ქართველი ერის სახელით ოფიციალური რეკორდი ზედიზედ ორი ოლიმპიური ოქროს მოპოვებით დაამყარა. ლაშამ ხუთი დღის წინ 24 წლის იუბილე აღნიშნა და გუშინ ის ძიუდოს მსოფლიო ტურნეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა. ასეთი ტიტულის მოგება ადვილი საქმე არ არის. ბექაურის შეჩერება ბევრმა მეტოქემ სცადა. მის დამარცხებასთან ყველაზე ახლოს იაპონელი მურაო იყო, რომელმაც დაფაზე პირველი ქულა დაიწერა. ბექაური მეტოქის ქულამ გამოაღვიძა და ანგარიში გაათანაბრა. ლაშას უკან შეუდარებელი გულშემატკივრები იდგნენ. ოჯახის წევრები, ათლეტები, მწვრთნელები, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - ყველა ლაშას პირველ მედალს ელოდა. ტოკიოს მოგების შემდეგ, ლაშამ ოცნება გაგვიმხილა. მას ჩემპიონის ტიტულის აღება კიდევ ბევრჯერ სურს. 2 მედალი უკვე მოპოვებულია, წინ ლოს-ანჯელესი გველის.

ლაშა ბექაური, საშირო მურაო
ფოტო: Gabi Juan

საქართველოს დელეგაციას უკვე 2 მედალი აქვს. გუშინ ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო. ძიუდოს ოლიმპიადის მეხუთე დღეს, ვიცე-ჩემპიონი სანშირო მურაო, ხოლო ბრინჯაოს მფლობელები თეოდოროს ცელიდისი და მაქსიმ-გაელ ნგიაპი გახდნენ. ხვალ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე იასპარეზებს.

 

ზევით