#მხატვრობა

პროტესტის ნიშნად „მონა ლიზას“ ტორტის ნაჭერი ესროლეს

გაზიარება:

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ღიმილი კიდევ ერთი ინციდენტის მსხვერპლი გახდა. ლეონარდო და ვინჩის მიერ მე-16 საუკუნეში შექმნილ ხელოვნების ნიმუშს „მონა ლიზას“ ტორტის ნაჭერი ესროლეს. შემთხვევა ლუვრში კვირას მოხდა, ქალის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა კლიმატის ცვლილება გააპროსტესტა და ამ გზით ხელოვანებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდა.

და ვინჩის შედევრი ამ ინციდენტის შედეგად არ დაზარალებულა, მტკივნეული გამოცდილების მიღების შემდეგ, „მონა ლიზა“ ლუვრში ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმაა დაცული და საფრთხე არ ემუქრება. 

სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა გალერეაში მყოფი ტურისტების მიერ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები. იქ მყოფი ადამიანები ირწმუნებოდნენ, რომ მამაკაცი ქალის ფორმაში იყო გადაცმული და ეტლით გადაადგილდებოდა, რათა „მონა ლიზასთან“ უფრო ახლოს მისვლის საშუალება ჰქონოდა როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. 

როდესაც დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცის გაყვანა სცადეს ლუვრიდან, მამაკაცმა მათ ფეხებთან წითელი ვარდები დაუყარა გაყვანის დროს კი შეკრებილ საზოგადოებას მიმართა: „მეტი იფიქრეთ დედამიწაზე, ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მას ანადგურებენ. ხელოვანებო, იფიქრეთ დედამიწაზე, ეს სწორედ ამისთვის გავაკეთე, მეტი იფიქრეთ პლანეტაზე“.

პარიზის პროკურატურამ ორშაბათს განაცხადა, რომ 36 წლის მამაკაცი დააკავეს კვირას მომხდარი ინციდენტის შემდეგ და გაგზავნეს პოლიციის ფსიქიატრიულ განყოფილებაში შეფასებისთვის. გამოძიება კულტურული ნივთების დაზიანების ბრალდებით დაიწყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „მონა ლიზა“ ვანდალიზმის, პროტესტის გამოხატვის ფორმისა თუ უბრალოდ ბრაზის სამიზნე ხდება. ჯერ კიდევ 1956 წელს და ვინჩის ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ ტილოს გოგირდმჟავა შეასხეს, შემდეგ კი ქვა ესროლეს, ამ ინციდენტის დროს მძიმედ დაზიანდა ნახატის ქვედა ნაწილი. იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც „მონა ლიზას“ წითელი საღებავიც კი შეასხეს. 

ზევით