#კინო

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია მაყურებლისა და წითელი ხალიჩის გარეშე გაიმართება

გაზიარება:

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია პომპეზურობის გარეშე ჩაივლის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ლოკაცია უცვლელია, ის კვლავინდებურად ლოს-ანჯელესში, Beverly Hilton Hotel-ში გაიმართება. თუმცა, ამჯერად არც ტელევიზიით გადაიცემა პირდაპირ ეთერში; მეტიც, „ოქროს გლობუსი“ მაყურებლებისა და წითელი ხალიჩის გარეშეც ჩაივლის.

ღონისძიების ორგანიზატორებმა განახევრებული ღონისძიების ჩატარების ნაცვლად, წელს მისი მთლიანად გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს და ამის მიზეზად COVID 19-ის ახალი შტამის სწრაფად გავრცელებას ასახელებენ.

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება HFPA-ს მთავარ პრიორიტეტად რჩება. 9 იანვარს არ გვეყოლება აუდიტორია, შერჩეული წევრებისთვის კი მიღებულია განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თუმცა 2022 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიის გაუქმებას, COVID 19-ის გარდა, ღონისძიების გარშემო ატეხილ კრიტიკასაც უკავშირებენ. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია კრიტიკის ქარ-ცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც ასოციაციას ბრალი მრავალფეროვნების არქონისთვის დასდეს და განუცხადეს, რომ მათ რიგებში მხოლოდ თეთრკანიანი ადამიანები იმყოფებიან.

უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, HFPA-მ მთლიანად გადახედა მის შიდაგანაწესს და განახორციელა ძირეული ცვლილებები ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა: ეთიკა და ქცევის კოდექსი, მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა - ნათქვამია HFPA-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია 9 იანვარს გაიმართება. როგორც დეკემბერში ჩვენთვის ცნობილი გახდა, 2022 წლის ნომინანტთა შორის, ფილმების კატეგორიაში The Power of the Dog და Belfast ლიდერობდნენ. HBO-ს ახალმა სერიალმა, Succession-მა კი ტელესერიალების კატეგორიაში ყველაზე მეტი - 5 ნომინაცია მოიპოვა; მას 4 ნომინაციით Ted Lasso და The Morning Show მიჰყვებიან.

ზევით