#მუსიკა

„უკეთესი დღეები წინ არის“: Svansikh ახალი მუსიკით დაგვიბრუნდა

გაზიარება:

| მარიამ გერგედავა |

2010 წელს, მუსიკაზე უგონოდ შეყვარებულმა ორმა ადამიანმა, ანანო სიხარულიძემ და ბაჩო სვანიძემ, საკუთარი სიამოვნებისთვის მუსიკის წერა დაიწყო, თავბრუდამხვევი წარმატება და მილიონობით მსმენელზე გასვლა მათი ჩანაფიქრი არასდროს ყოფილა, ანანო და ბაჩო უბრალოდ ქმნიდნენ იმას, რაც მთელი გულით უყვარდათ, თუმცა ფაქტი ისაა, რომ მათ ეს ყველაფერი ბუნებრივად მოახერხეს.

ქართულმა პოპ-დუეტმა, რომელსაც სახელი - SvanSikh გვარების ნაწილების გაერთიანებისგან („სვან“ და „სიხ“) მიიღო და რომლის მუსიკასაც საცეკვაო და ელექტრონული მუსიკის ელემენტებით არნახული პოპულარობა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც, მსმენელს ახალი მუსიკით უბრუნდება.

ანანოსა და ბაჩოს შეხვედრა მსმენელთან კვლავინდებურად ამაღელვებელია. GSXM SvanSikh-ის ახალი გამოწვევაა, იმედისმომცემი ლირიკით გაჯერებული მუსიკა, რომელიც გვეუბნება, რომ „უკეთესი დღეები წინ არის“ და ამ ხანგრძლივ სიბნელესაც კი მოჰყვება მზიანი დღე, რომელიც ასე ძალიან გვენატრებოდა. 

საწყისები - ანანოსა და ბაჩოს გზების გადაკვეთა და SVANSIKH-ის შექმნა

ანანო: „სვანსიხი“ შეიქმნა სპონტანურად, მე და ბაჩო ვმეგობრობდით ბავშვობიდან, მისი და - ირინა  ჩემი საუკეთესო მეგობარია, დასაწყისში ბაჩო უმცროსი მეგობარი იყო, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული მუსიკაზე, სწორედ ამ სიყვარულმა გაგვაერთიანა. თავდაპირველად, მუსიკას ჩვენი სიამოვნებისთვის ვქმნიდით, არ გვიფიქრია გაზიარებაზე, ერთხელაც ჩვენმა მეგობარმა გადაწყვიტა რომ მის დიდ სამეგობროში გაეჟღერებინა ჩვენი კომპოზიცია.

კომპოზიცია SoundCloud-ზე ავტვირთეთ, უეცრად დავინახეთ, რომ სოციალურ ქსელში ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანებს ჰქონდათ გაზიარებული ჩვენი კომპოზიცია, ამის შემდეგ წამოვიდა დიდი დაინტერესება ჩვენ მიმართ და ესე უეცრად და დაუგეგმავად დაიბადა დუო SvanSikh.

დიდი პასუხისმგებლობები, გადალახული დაბრკოლებები, რას შეცვლიდით დღევანდელი გადმოსახედიდან?

ანანო: როდესაც რაიმეს გულწრფელად და დიდი სიყვარულით ქმნი, ის თვითონ პოულობს თავის გზას. მუსიკის გარდა არაფერზე ვფიქრობდით, არანაირი გათვლა არ ყოფილა, ეს იყო ბუნებრივი კავშირი ჩვენსა და მსმენელს შორის, რომელიც უანგაროდ დამყარდა. უფრო მეტიც, ჩვენ არ გვხიბლავდა სატელევიზიო გადაცემებში გამოსვლები, ჟურნალისთვის ფოტოსესიები, თითქოს ამ დროს ვწყდებოდით მუსიკას, რაც დიდად არ გვიზიდავდა, ამის გამო ხშირად გვრჩებოდა ნაწყენი, მუსიკალური გადაცემების, ჟურნალების პროდიუსერები. 

ბაჩო: ვფიქრობ, რომ იმ ასაკისთვის და იმ დროისთვის, საკმაოდ კარგად გავართვით თავი იმ დროინდელ გამოწვევებსა და უცბად მოსულ პასუხისმგებლობებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ რაღაცებს შევცვლიდი, მაგრამ ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ვერ გავივლიდით იმ გზას, ვერ მოვიდოდით აქამდე ისეთები, როგორებიც ვართ და ვერ შევიძენდით იმ გამოცდილებას, რაც საჭიროა, რომ ჯგუფმა გაიაროს, რათა წინ წავიდეს და განვითარდეს ყველა მხრივ.

COVID19-ის გავლენა: პაუზა, შთაგონება, ნანატრი დასვენება, თუ ყველაფერი ერთად?

ანანო: მიუხედავად სხვებისთვის უცნაური დამოკიდებულებებისა მასმედიასა და პოპულარობის მიმართ, ჩვენ მოგვიწია ბევრი კონცერტის გამართვა, ფესტივალებზე  მონაწილეობის მიღება, რასაც თან ახლდა მოგზაურობა, რეპეტიცია, რამაც გამოიწვია გადაღლა, არასოდეს გვინდოდა ჩვენი საყვარელი საქმე ვალდებულებად გადაქცეულიყო. 

ძალიან მკაცრად ვცდილობდით დაგვეცვა ჩვენ მიერვე დაწესებული ზღვარი.

ზუსტად ამ გადაღლის დროს დადგა პანდემია, თითქოს გვიჭირდა პაუზის აღება და მსოფლიო პანდემიის კრიზისმა ეს ყველაფერი გაგვიმარტივა. მუსიკისგან დასვენებას არ ვგულისხმობ - დასვენება კონცერტებისგან. პანდემიამ ჩემთვის პირადად ათვლა სულ თავიდან დაიწყო, რაღაც მხრივ „რიფრეში“ გაუკეთა ყველა იმ საქმეს რასაც აქამდე ვაკეთებდი. დავუბრუნდი შუა გზაზე მიტოვებულ საქმეებს, რაღაც მხრივ კარგი გავლენები მოახდინა, სხვა მხრივ კი, რთულია თავიდან ათვლის დაწყება, როცა ყველაფერი თითქოს თავის კალაპოტში იყო.

ვფიქრობ,  ჯერ ადრეა პანდემიაზე და მის გავლენაზე საუბარი რადგან ჯერ შუა გზაში ვართ, ვნახოთ...

ახალი მუსიკა თქვენი შინაგანი სამყაროების რეფლექსიაა თუ იმ ყველაფრის გამოძახილი რაც თქვენ გარშემო ხდება? 

ანანო: რაც შეეხება ახალ მუსიკას, ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, ჩვენს მსმენელს ისევ ის ნაცნობი მუსიკის ნაჭერი არ დახვდა რასაც მიჩვეული იყო. რა თქმა უნდა, ახალი კომპოზიცია გაჯერებულია „სვანსიხის“ სუნელებით, მაგრამ მთავარი კერძი სხვა მენიუდან არის. ჩვენთვის ახალი მენიუს შექმნა უფრო საინტერესოა. ჩვენთვის გამოწვევაა, ახალი სამყაროს აღმოჩენასავით არის, რადგან წინა სამყაროში მყუდროდ მოვეწყვეთ, შემდეგ მისი გარღვევა გადავწყვიტეთ. ამ გადაწყვეტილების მიღებაც ძნელია, კომფორტის ზონის დატოვება ვინმეს უყვარს? მაგრამ ფსიქოლოგიაში კოგნიტიური ქცევა არსებობს, როცა შენს მიერვე შექმნილ წინაღობას გადალახავ, თავად პროცესი კი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანია.

ბაჩო: დინამიკური, ტემპიანი, დადებითი, ენერგიული, მომენტებში ღრმად ემოციური, მუსიკა ბევრი ფერებით, ატმოსფერული.

დიდი პაუზის შემდეგ, როგორი იყო მუშაობის პროცესი? 

ბაჩო: ანანო და მე სულ ვცვლით მუსიკალურ იდეებსა თუ ნამუშევრებს, თუნდაც რაიმე ჩანახატი იყოს. ასე, რომ შეიძლება გარეშე მაყურებლისთვის საკმაოდ დიდი პაუზა გამოვიდა, მაგრამ ჩვენთვის ნაკლებად. მუშაობის პროცესი იყო ძირითადად დისტანციური, რადგან ჩვენ უკვე მზად გვქონდა გარკვეული მასალა, რომელიც კაი ხნით ადრე ჩავწერეთ, რისგანაც შემდგომ დაიბადა ეს ტრეკი. იდეებსაც პრინციპში დისტანციურად ვცვლიდით, რა და როგორ გვექნა ამ ჩანაწერში.

ანანო: რაც შეეხება პაუზას, მე და ბაჩოს მუსიკალური პაუზა არ გვქონია, ჩვენ ყოველთვის ვუკრავდით და ვუცვლიდით ერთმანეთს მუსიკალურ იდეებს. პანდემიის დროს ბაჩოც და მეც, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმუშაობდით სხვადასხვა მუსიკალურ პროექტზე.

რა არის თქვენი მუსიკის კონცეპტი დღეს? შეიცვალა ის დასაწყისიდან-დღემდე?

ბაჩო: ჩვენივე შექმნილი მუსიკის კონცეპტზე ლაპარაკი, მე ცოტა მიჭირს, როგორც ერთ-ერთ ავტორს… ამაზე ჯობია სხვამ ილაპარაკოს.

რა თქმა უნდა, შეიცვალა. ხოლო რაღაც ფუძისეული, რაც განაპირობებს „სვანსიხის“ ჟღერადობას, მუსიკალურობას და განწყობას დარჩა და განახლდა.

რისი თქმა გსურთ ახალი სიმღერით თქვენი მსმენელისთვის, რა არის თქვენი გზავნილი? 

ანანო: რაც შეეხება გზავნილს, ტექსტი რომელიც დაჰყვება მუსიკას, მისი შინაარსი შემდეგია - ლირიკა დაკარგულ ადამიანებზეა, რომლებიც სინათლის სხივს ეძებენ, სხივი კი არის იმედი, რომელიც განათებულ ადგილას მიგიყვანს, განათებული ადგილი პირობითად „დენსფლორია“, სადაც ის ყველა ემოცია იღვიძებს, რომლებიც სანამ საცეკვაო მოედნამდე მიხვიდოდი თავს არ განებებდა, თითქოს ცეკვის განწყობაც არ გქონდა, მაგრამ როგორც კი მუსიკა გესმის უარყოფით ემოციები დადებითისკენ იცვლება და იწყებ ცეკვას. ტექსტიც საიმედო პასაჟით მთავრდება, „უკეთესი დღეები წინ არის“ წინასწარ შინაარსი არ განმისაზღვრავს, უბრალოდ ესე გამოვიდა, მუსიკალურმა ჰარმონიამ და იმ დროის განწყობამ „პანდემიამ“ ამ მესიჯამდე მიგვიყვანა.

როგორია SvanSikh-ის სამომავლო გეგმები? პანდემიის ორომტრიალმა სამომავლო გეგმების დაწყობაზე უარი ხომ არ გათქმევინათ?

ბაჩო: მეტი მუსიკა, მეტი პროდუქტიულობა და მეტი აქტიურობა, როგორც მუსიკის გამოშვების მხრივ, ასევე ლაივებით! ჯერ-ჯერობით პირველ რიგში ესენი დგას სამომავლო გეგმებში, ხოლო დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ზევით