რუსეთი – უკულტურო მკვლელია, - ლაშა ბუღაძე

ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე რუსული აგრესიის შესახებ.

ტექსტს, რომელიც სულაკაურის გამომცემლობის გვერდზე გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ. 

ფილოსოფოსი თეოდორ ადორნო წერდა, რომ ოსვენციმის მერე ბარბაროსობაა ლექსების წერა. ახლაც ეს სიტყვები მახსენდება, ოღონდ ამ შემთხვევაში პუტინის რუსეთთან მიმართებით. რუსულმა კულტურამ და ჰუმანისტურმა იდეამ სრული და, ვფიქრობ, საბოლოო კრახი განიცადა უკრაინაზე თავდასხმის პირობებში. არც ადრე ჰქონდა დიდი გავლენა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, რომ საერთოდ ჩალის ფასი ჰქონია ჩეხოვის, ტოლსტოის, ტურგენევის, სოლოვიოვის თუ სხვა დიდ რუსთა იდეებს. კულტურამ ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა ნაციაზე, რომელიც პუტინს და პუტინებს ირჩევს მსოფლიოს მოსასპობად. როგორც ვერაფრით გააუქმეს გოეთეს, კანტისა თუ ბეთჰოვენის იდეებმა გერმანული ნაციზმის დანაშაულები. ამჯერად კი რუსულ ნაციზმს გამოაქვს განაჩენი არა მხოლოდ თავისი კულტურისთვის, არამედ რუსი ერისთვის, რომელიც, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მკვლელ პუტინზეა პასუხისმგებელი. რუსეთი არ არის ტოლსტოის ქვეყანა, და არც არასდროს ყოფილა – რუსული კულტურა ყოველთვის იდეოლოგიური სატყუარა იყო ამ ქვეყნის ტერორისტი მმართველებისთვის, ხშირად კი იდეოლოგიური ექსპანსიის ინსტრუმენტიც...

რუსეთი – უკულტურო მკვლელია.

რუსეთი მკვლელი პუტინის ქვეყანაა და ეს რუსების ნაციონალური პასუხისმგებლობაა. გერმანელებმა გაიაზრეს თავიანთი ისტორიული დანაშაული და ახალი ქვეყანა შექმნეს, რუსებს კი არც სტალინის დანაშაულები გაუაზრებიათ და არც საბჭოთა კავშირის შემზარავი წარსული, უმეტესობა კი, როგორც ჩანს, ვერც ახლა ხვდება, რამხელა უბედურების თანადამნაშავედ აქცია ისინი პუტინმა. არავის სჭირდება კულტურა, რომელიც მკვლელსა და ბოროტმოქმედს კულტურული იერსახის ნიღბის ტარებაში შეეშველება. რუსეთი – უკულტურო მკვლელია. რუსი ერის წინაშე კი არჩევანი დგას – მას ან პუტინის და სტალინის სახე ექნება, ან... როგორმე შეძლებს და, მართალია, მტკივნეული გამოღვიძების ფასად, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ მოიცილებს ამ სისხლიან და სატანურ ნიღბებს.

ზევით