#ცნობილები #კინო #საზოგადოება

1 დღე, 7 კვირა თუ 11 წელი - როდის არის უპრიანი ოჯახური ძალადობის შესახებ ხმის ამოღება?

გაზიარება:

1 დღე, 7 კვირა თუ 11 წელი - როდის არის უპრიანი ოჯახურ ძალადობაზე ხმამაღლა საუბარი? - მაშინ, როდესაც ამას მსხვერპლი ჩათვლის საჭიროდ, არც უფრო ადრე და მით უმეტეს - არც გვიან.

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გადაცემის – „ფარული კონვერტის“ ეთერში, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მავანნი ამის გამო აუცილებლად დაძრახავდნენ, ბესო ზანგურთან ქორწინებაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.

ნინუცამ, 11 წლის წინ, ბესო ზანგურთან თანაცხოვრების პერიოდში სისტემატური ძალადობის ფაქტები გაიხსენა: „პირველად რა მიზეზი იყო, არ მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი… რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ 11 წელი გავიდა. არ მახსოვს მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წინ და მე ვიყავი ორსულად“.

ოჯახური ძალადობის დეტალებზე საუბრისას, ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილ მეუღლესთან დარჩენის ერთადერთი მიზეზი შიში იყო, რადგან ადგილი მუქარებსაც ჰქონდათ, თუმცა მსახიობის ცხოვრებაშიც დადგა დღე, როდესაც რამდენიმესაათიანი ფიზიკური ძალადობის შემდეგ ნინუცამ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა და მოძალადის ოჯახიდან წამოვიდა.

„რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილამდე. ერთადერთი, რისი თქმაც შემეძლო, იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც მეორე ოთახში ღნაოდა, ერთადერთი, რამაც გამაძლებინა, იყო ის, რომ მე ვიცოდი, რომ ბავშვი იქიდან უნდა წამეყვანა“

ოჯახური ძალადობა ადამიანის ცხოვრების კურსს სამუდამოდ ცვლის, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში 1 დღე გაატარა ქალმა თუ მთელი 10 წელი, ის წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანზე და ისტორიის მსმენელთათვის შესაძლოა ძნელი აღსაქმელი იყოს ის მდგომარეობა, თუ როგორ ეცლება ქალს საყრდენი ძალადობის შემდეგ და იცვლება მისი ხედვა ცხოვრების მიმართ, რაც ის შიშსა და ტერორში რამდენიმე საათს მაინც გაატარებს.

სწორედ შიში არის უპირველესი ფაქტორი, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი ხმის ამოღებას ვერ ახერხებს და მხოლოდ მოძალადის მიმართ შიშზე რომ იყოს საუბარი, სიტუაცია ბევრად მარტივი იქნებოდა. ოჯახური ძალადობა ის კომპლექსური საკითხია, რომლიდანაც გამოსავალი ქართველმა მოსახლეობამ დღემდე ვერ იპოვა. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ საზოგადოების ცნობიერება ამ თემის გარშემო ამაღლდა, თუმცა ყოველი გახმაურებული ისტორიის უკუკავშირი სრულიად სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს.

ნინუცა მაყაშვილის გულწრფელ აღიარებას, გარდასულ დროთა მავნებლური ანდაზები და გამონათქვამებიც მოჰყვა, რომელთა მქადაგებლებმაც დღემდე ვერ გაისიგრძეგანეს ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ტკივილი, სიმახინჯე და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებიც. მაგრამ თუ კი ერთ მხარეს, რობერტ სტურუა და მისი მავნებლური შეხედულება დგას (ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფიუმერიისთვის იჯიბებენ) მის საპირწონედ თამთა ინაშვილი, დათა თავაძე თუ ნანა ბუთხუზი საჯაროდ გმობენ ძალადობას და ძალადობის ყველა მსხვერპლს თანადგომას უცხადებენ.

მას შემდეგ რაც, ქალთა მიმართ ძალადობის, კერძოდ კი ოჯახური ძალადობის შესახებ სოციალურმა სტიგმამ ნგრევა ნელი ნაბიჯებით, თუმცა მაინც დაიწყო, ეს თემა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იმსახურებს, რადგან დღემდე, ათასობით ქალი საქართველოში, საკუთარი სახლის კარის მიღმა ზის და ელოდება რა განაჩენს გამოუტანს მას საზოგადოება თუ კი ხმის ამოღებას გაბედავს, მან კი ეს აუცილებლად უნდა გაბედოს, რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს და ჩვენ თქვენი გვჯერა.

„კარგად მესმის, რატომ არ დგამენ ამ ნაბიჯს (ქალები), მეც ვერ ვდგამდი. მე ყველა ქალს, ვინც ახლა მსგავს სიტუაციაში ან იმავეს განიცდის, ან ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება დამთავრებულია, ყველას ვთხოვ, რომ რაღაცნაირად ძალა მოიკრიბეთ და იცოდეთ, რომ არავის აქვს იმის უფლება, რომ ან შეგეხოთ, ან ცუდად მოგექცეთ“ - ნინუცა მაყაშვილი.

ცხელი ხაზი 116 006

ზევით