#საზოგადოება

რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადების შეტანის შემდეგ?

გაზიარება:

თანასწორობის, თავისუფლებისა და მშვიდობის იდეისკენ - ევროკავშირისკენ, უკრაინის კვალდაკვალ ნაბიჯი საქართველომაც გადადგა. 3 მარტს საქართველომ ოფიციალურად მიმართა ბლოკს გაწევრიანების განცხადებით. რას გულისხმობს „დაჩქარებული მოთხოვნა“, შეგვეხება თუ არა ის უკრაინასთან ერთად ჩვენც, რა წინაპირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და როგორ გამოიყურება პროცედურის ხანგრძლივობა - ეს ახლა დასმული ყველაზე აქტუალური შეკითხვებია და ვეცდებით მათ პასუხი გავცეთ.

პირველ ყოვლისა, უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და უკრაინის მსგავსად „დაჩქარებული მოთხოვნის“ კვალიფიკაცია ჩვენ არ მიგვიღია. მაშ რა გზას გადის საქართველო? პირველი ნაბიჯი ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელიც უკრაინამ უკვე მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატ წევრად აღიარება იმთავითვე წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას არ გულისხმობს, ის მაინც მოიაზრება მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად.

იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საჭიროა ჩვენი ქვეყანა აკმაყოფილებდეს 1993 წელს მიღებულ „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“.

რას მოიცავს კოპენჰაგენის კრიტერიუმები?

  • პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს 
  • ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებს

მარტივად რომ ვთქვათ, ამ კრიტერიუმებით ევროპული კომისია შეაფასებს საქართველოში  კანონის უზენაესობის, სასამართლოების დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებს და მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შევძლებთ გადავინაცვლოთ საფეხურზე, რომელსაც სრულფასოვანი წევრობის მოლაპარაკებები ეწოდება.

წევრობის შესახებ მოლაპარაკებები

კანდიდატი ქვეყნის თავსებადობა ევროპულ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან უშუალო მოლაპარაკებების დაწყების წინ კიდევ ერთხელ გადაიხედება. ეს პროცესი, ისევე როგორც წევრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და ყველა ქვეყანას თავისი დრო და პროცესები სჭირდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში გადავიდეს.

დავუშვათ დაიწყო მოლაპარაკებები, რა ხდება შემდეგ? ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გულისხმობს იმას, რომ საქართველო ამ ეტაპზე ასოცირების კონფერენციის საკანონმდებლო ენას და მის 35 თემატურ თავს უნდა მოერგოს. თითოეული თავი განიხილება ცალ-ცალკე და მათი დახურვა გარკვეულ დროს მოითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ თავების დახურვას ევროკავშირის ყველა წევრის დადებითი გადაწყვეტილება სჭირდება, ერთმა უარყოფითმა პასუხმაც შესაძლოა გაართულოს და გააჭიანუროს დახურვის პროცესი.

ევროკავშირის წევრობა

მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურსაც, საიდანაც მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს ევროკავშირის წევრობამდე - ეს არის საქართველოს კანდიდატურის მისაღებად, ევროკავშირის 27-ვე წევრის დადებითი გადაწყვეტილება. თუ დღეს ევროკავშირში შემავალი თითოეული წევრი მზად იქნება საქართველო საკუთარ რიგებში, მოკავშირეთა და თანამოაზრეთა რიგებში იხილონ, ეს ასეც მოხდება.

ზევით