ერეკლე გეწაძე: „ბავშვობიდან ყველა ხმას გონებაში მელოდიად ვაქცევდი და ვიმახსოვრებდი“

„ელექტრონავტი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ის უიშვიათესი დაჯილდოებაა საქართველოში, რომელიც არასდროს კარგავს მნიშვნელობას და ხარისხს“ - ერეკლე გეწაძე.

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ელექტრონული მუსიკის რიგით მე-12 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2021 წლის „ელექტრონავტის“ დაჯილდოებაზე ახალგაზრდა მუსიკოსმა, ერეკლე გეწაძემ ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა. ერეკლემ, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული წოდება - წლის „ელექტრონავტის“ სტატუსი მოიპოვა, მისმა ახალმა ალბომმა FRANKFURT-მა კი წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა. 

რას ნიშნავს მუსიკოსისთვის „ელექტრონავტის“ მთავარ ნომინაციაში გამარჯვება, საიდან იღებს მუსიკის სიყვარული ერეკლეს ცხოვრებაში სათავეს და როდის იწყება დიდი მოგზაურობა ელექტრონულ მუსიკასთან ერთად - ამას და კიდევ საინტერესო დეტალს მუსიკოსის ცხოვრებიდან,  ერეკლე გეწაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

ერეკლე მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის გაჩნდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მაშინ, როცა პირველად ვნახე ტელევიზორში როგორ უკრავდა ვლადიმირ ჰოროვიცი თავისი დამტვრეული ხელებით. 5-6 წლის ვიქნებოდი და აი ზუსტად ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გამიჩნდა ფორტეპიანოზე დაკვრის სურვილიც. 

როდის ჩნდება კონკრეტულად ელექტრონული მუსიკის მიმართ დაინტერესება და რა გზა გაიარეთ ამ ჟანრთან ერთად დღემდე? 

ელექტრონული მუსიკის მიმართ დაინტერესება ჩნდება 2002 წელს, როდესაც ჩემმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა და ბას გიტარისტმა - სოსო გელოვანმა სკოლაში მომასმენინა House მუსიკა და ამ ჟანრის განვითარებას წლების განმავლობაში აქტიურად ვადევნებდით თვალ-ყურს.

თან პარალელურად ვოცნებობდით გავმხდარიყავით მაგარი DJ-ები, რომლებსაც დიდი Fanbase ეყოლებოდათ. 

ქართული ელექტრონული მუსიკის რიგით მე-12 დაჯილდოების ცერემონიის 9 ნომინაციიდან 2-ში გაიმარჯვეთ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ტრიუმფი და რამდენად ელოდით მთავარ ნომინაციაში გამარჯვებას?

ელექტრონავტი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ის უიშვიათესი დაჯილდოებაა საქართველოში, რომელიც არასდროს კარგავს მნიშვნელობას და ხარისხს. შესაბამისად, ამ კონკურსში მონაწილეობა და “წლის საუკეთესო მუსიკოსის” ნომინაციაში გამარჯვება ბევრს ნიშნავს. 

გამარჯვებას რაც შეეხება, თავისთავად ცხადია, როცა სამეულში ხარ, იქ უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. მაგრამ, ვინაიდან საუკეთესო ალბომის ჯილდო უკვე მოგებული მქონდა, აღარ მეგონა მთავარ ნომინაციასაც თუ მე მოვიგებდი. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას სათითაოდ, ვინც მხარი დამიჭირა და ხმა მომცა, ჟიურის წევრებს და ელექტრონავტის მთლიან გუნდს, რომლებიც წარმოუდგენლად მნიშვნელოვან  საქმეს აკეთებენ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის. 

რომ გვითხრათ, რას მოიაზრებდა მთავარი პრიზის მფლობელის განსაკუთრებული საჩუქრები, რომლებიც კომპანია „ჰერცი და ლიუმენისგან“ იყო დაანონსებული?

პრიზები არ იყო თავიდანვე ცნობილი. იქვე გავიგე რომ თურმე KRK Rokit 8 G4 სტუდიური მონიტორები, RCF-ის headphones და Novation Launchpad X იყო.

გარდა ხელშესახები პრიზებისა, Leno Records-თან ერთად შევედი დამოუკიდებელი ლეიბლების ასოციაციის, IMPALA-ს წლის ტოპ 100-ეულში ჩემი ალბომით FRANKFURT.  შემდეგ რა იქნება ჯერ არ ვიცი…  

რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკის წერის/კეთების პროცესი ?

მუსიკის კეთება ჩვევაა, რომელიც თურმე ბავშვობიდან მქონია მაგრამ მხოლოდ ახლა ვაანალიზებ ამას, აქამდე ვერ ვხვდებოდი. ბავშვობიდან ყველა ხმას, ადამიანების ინტონაციებს თუ უბრალოდ ჟღერადობებს გონებაში მელოდიად ვაქცევდი და ვიმახსოვრებდი.  

წლის „ელექტრონავტის“ სტატუსის მოპოვების გარდა, თქვენმა ალბომმა Frankfurt წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. მისი შექმნის შესახებაც რომ გვიამბოთ...

FRANKFURT რა თქმა უნდა ფრანკფურტში ყოფნისას გავაკეთე. სრულიად მარტო ვიყავი და მქონდა sound recorder-ი, რომლითაც დავდიოდი სხვადასხვა ადგილას და ვიწერდი ხმებს. შემდგომში ეს ხმები გადამუშავდა და თითქმის ყველა კომპოზიციის თანმხლები ელემენტია.

არ შეიძლება არ აღინიშნოს Leno Records, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის ამ ალბომის შექმნაში. სწორედ Leno Records-ის დამსახურებაა ის, რომ ასე ფანტასტიკურად ჟღერს ამ ალბომში შემავალი თითოეული კომპოზიცია.  

სამყაროს თავს დამტყდარ მსოფლიო პანდემიას ხელოვანები ხშირად აღიქვამენ შთაგონების წყაროდ. თქვენთვის და თქვენი მუსიკისთვის რამდენად ინსპირაციული აღმოჩნდა ეს პერიოდი?

ჩემთვის ყოველი სიძნელე შთაგონებაა. მახსოვს 98-ში ტურბაზაზე ობლად ვგუნდაობდი. პირველად იქ გავცივდი, 5 დღე 40 სიცხეები მქონდა, მაგრამ ბოლოს ტამპლიერებზე პატარა ლექსი დავწერე, დღემდე არავინ მიჯერებს... აბსოლუტურად იდენტური რამ მოხდა ახლაც, როდესაც პანდემიის დროს გავიცანი ელენე კალანდაძე და სრულიად პარალიზებულ რეალობაში მოვახერხეთ და ჩამოვაყალიბეთ დუეტი BAD HABITZ, რომელიც რამდენიმე დღეში 1 წლის გახდება.  

როგორ გამოიყურება თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმები უცვლელია: ვაპირებთ გამოვუშვათ BAD HABITZ-ის ალბომი, კლიპები და კომპოზიციები. ასევე, გვექნება რამდენიმე კონცერტიც, რომელთა შესახებაც მალე შეიტყობთ სოციალური ქსელის მეშვეობით.

ზევით