#ცნობილები #WOMEN POWER

ცნობილი ქალები, რომლებმაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში გაიმარჯვეს

გაზიარება:

უკვე 30 წელზე მეტია, ყოველი ოქტომბრის თვე, ძუძუს სიმსივნისადმი ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში, ყოველი მე-8 ქალი სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკჯგუფში იმყოფება. სტატისტიკური მონაცემები ნამდვილად შემაშფოთებელია, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ძუძუს კიბოს დიაგნოზი განაჩენი არ არის, ხოლო პრევენციული ზომების მიღება ჩვენი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია.

თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ძუძუს სიმსივნისადმი ცნობიერების ამაღლება, იმის გააზრება, რომ ქალისთვის რეგულარული სკრინინგი, ექოსკოპია და მამოგრაფია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი ხომ კიბოს ადრეულად გამოვლენის საშუალებას გვაძლევს, რაც იმთავითვე იმთავითვე ზრდის გამოჯანმრთელების პროცენტულ შანსს.

ბეტი ფორდი

ერთ-ერთი პირველი საჯარო ფიგურა, რომელმაც ძუძუს კიბოს დიაგნოზის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა, ბეტი ფორდი გახლდათ. მას შემდეგ, რაც ბეტის მეუღლე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, ფორდმა თავისი დიაგნოზის და კიბოსთან ბრძოლის შესახებ წერილი Newsweek-ში გამოაქვეყნა.

ბეტის ამ აღიარებამ ქალებს საშუალება მისცა მათი დიაგნოზის შესახებ ხმამაღლა ელაპარაკათ მაშინ, როდესაც ეს თემა ჯერ კიდევ ტაბუდადებული იყო. 

კაილი მინოუგი

ავსტრალიელ მომღერალ კაილი მინოუგს მკერდის კიბო 2005 წელს, 36 წლის ასაკში აღმოაჩნდა, რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ კაილიმ კიბოზე გაიმარჯვა და არა ერთი ქალისთვის, რომლებიც იმავე გზას გადიოდნენ და ახლაც გადიან ნათელ წერტილად ითვლება. კაილი საზოგადოებრივი საქმისთვის დიდ ბრიტანეთში Doctor of Health Science-ის პრიზითაც დააჯილდოვეს.

სინტია ნიქსონი

ცნობილ მსახიობს და Sex and the City-ს ვარსკვლავს, სინტია ნიქსონს ძუძუს კიბოს დიაგნოზი 2006 წელს, 40 წლის ასაკში დაუდგინეს. სინტიასთვის დიაგნოზი უცხო არ ყოფილა, რადგან ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის გამოცდილება და მასზე გამარჯვების ბრწყინვალე მაგალითი ნიქსონის დედას ჰქონდა. 

თითქოს, ყოველთვის ვიცოდი, რომ ძუძუს კიბო მეც აღმომაჩნდებოდა, ამ ომში ორივე მხარეს ვიბრძოლე და ორივეჯერ გავიმარჯვე - სინტია ნიქსონი

 ქრისტინა აპელგეიტი

Up All Night-ის ვარსკვლავი და ცნობილი ამერიკელი მსახიობი ქრისტინა აპელგეიტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეებრძოლო სიმსივნეს პოზიტივითა და დადებითი ენერგიით. ქრისტინას დიაგნოზი 2008 წელს დაუდგინეს, როგორც მსახიობი აცხადებს, მან ბრძოლაში ღიმილით გაიმარჯვა.

საავადმყოფოში იმაზე ხშირად ვიცინოდი, ვიდრე ოდესმე ცხოვრებაში, თითოეულ უცნაურ მოვლენაზე რაც თავს დამატყდა მხოლოდ ღიმილი მქონდა საპასუხოდ.

მეგი სმიტი

ცნობილ ინგლისელ მსახიობ მეგი სმიტს ძუძუს კიბოს დიაგნოზი 2007 წელს დაუდგინეს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მეგი, Harry Potter-ზე მუშაობდა. მსახიობმა საოცარი თავდადება და პროფესიონალიზმი გამოიჩინა და გადასაღებ მოედანზე მაშინაც კი დადიოდა, როდესაც მას ქიმიოთერაპიის კურსს უტარებდნენ. მეგი სმიტი ძუძუს კიბოსგან სრულად განიკურნა, მსახიობმა ტრიუმფალურად გაიმარჯვა და ცხოვრების ახალ ეტაპსაც დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით შეხვდა.

კეტი ბეიტსი

მსახიობს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მოსაყოლი ისტორია ნამდვილად აქვს, კეტის 2012 წელს მეორე სტადიის ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მსახიობმა ორმაგი მასტექტომია ჩაიტარა, რამაც საშუალება მისცა განკურნებულიყო კიბოსგან თუმცა, მასტექტომიის პროცედურამ სრულიად ახალი პრობლემის ლიმფადემას წინაშე დააყენა, მდგომარეობის, რომელიც ლიმფური სისტემის დაზიანებითაა გამოწვეული. ბეიტსმა რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გამოჯანმრთელება შეძლო და დღეს Lymphatic Education & Research Network-ის წარმომადგენელია.

ვანდა საიკსი

2011 წელი მსახიობისა და კომიკოსის ცხოვრებაში დიდი გამოწვევების პერიოდი აღმოჩნდა, მკერდის დაპატარავების ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ვანდამ შეიტყო, რომ მას ძუძუს კიბოს საწყისი, ე.წ. ნულოვანი სტადია აღმოაჩნდა. გამომდიანრე იქედან, რომ საიკსის ოჯახში ეს დიაგნოზი საკმაოდ ხშირი შემთხვევა იყო, მსახიობმა ორმაგი მასტექტომია ჩაიტარა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მას სხვა ვარიანტებს შესთავაზებდნენ, ვანდას უბრალოდ არ სურდა წამლების და მკურნალობის გვერდითი ეფექტების ენახა.

ზევით