#მხატვრობა

ყველაფერი, რაც 2022 წლის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ TAF ბრუნდება, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მასპინძლობისათვის თბილისი მესამედ ემზადება. მაისში დაგეგმილი ღონისძიებათა სერია უკრაინაში მიმდინარე ომის გამო 2022 წლის 23-25 სექტემბრისთვის გადაიდო:

„კვლავ ვაგრძელებთ ჩვენს მისიას და ვთავაზობთ საერთაშორისო პლატფორმას ქართულ და რეგიონალურ არტ სცენას“.

TAF-ი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, ხელოვანებს და კულტურის ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, TAF-ის პარტნიორებს, ხარკოვის, მიკოლაევის, ვიქტორ მარუშჩენკოს ფოტოგრაფიის სკოლებს, კიევის ფოტობაზრობას.

„ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ, წლევანდელ TAF-ზე განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ ომის შედეგებით პირდაპირ დაზარალებული უკრაინელი ხელოვანების, მკვლევარების და სტუდენტების მიმართ. TAF-ი მათ მისცემს ასპარეზს საკუთარი აზრის გამოსახატავად, შემოქმედების გამოსაფენად და პროექტების განსახილველად. საქართველოს ამ კონტექსტში ბევრი რამ აქვს სათქმელი, ჩვენ ვიწვნიეთ ოკუპაციისა და ომის შედეგები, რაც აშკარად გამოიხატა ზოგიერთი ხელოვანის შემოქმედებასა და ზოგადად, საზოგადოებაში“.

2022 წლის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა მეტად იქნება ორიენტირებული ხელოვნების და არტისტების, როგორც მედიატორის ფუნდამენტურ როლზე საზოგადოების სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში.

TAF 2022-ზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.

ქართველი და უცხოელი პარტნიორების მიერ შედგენილ პროგრამასთან ერთად, TAF-ი წამოიწყებს და შეუერთდება საქართველოში და ევროპაში მიმდინარე სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც მხარს დაუჭერს იძულებით გადაადგილებულ და სიცოცხლის საფრთხის ქვეშ მყოფ არტისტებს. როგორც ყოველთვის, TAF -ი ღიაა თქვენი პროექტებისა და იდეების მისაღებად.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო სივრცე კიდევ ერთხელ მოუყრის თავს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, ფოკუსირებული მეტწილად შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებსა და მათ მდიდარ და სიცოცხლით სავსე დამწყებ სახელოვნებო სცენებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან. TAF არის ადგილი, სადაც კოლექციონერები, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და ხელოვნების სფეროს პროფესიონალები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი, პოლონეთი, ლიტვა, სლოვენია, აზერბაიჯანი, ესტონეთი, რუმინეთი, ბელარუსი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვა.

TAF-ის მიზანია წარმოადგინოს ის სიცოცხლით სავსე დამწყები სახელოვნებო სცენები, რომლებიც ნაკლებად ჩანს და ნაკლებად ხელმისაწვდომია, შექმნას მდგრადი მექანიზმები ხელოვანთა მობილობისა და ქვეყნებს შორის შემოქმედებითი პროექტებისათვის და გააძლიეროს პროფესიული უნარები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და რეგიონული კულტურის სფეროს მოღვაწეთა ფინანსურ გაუმჯობესებას.

ზევით