#ლიტერატურა #nankakikalia

XXI საუკუნეში გაცოცხლებული XII საუკუნის ვეფხისტყაოსანი

გაზიარება:

| ნანკა კიკალია |

საქართველო, რომ მდიდარი ქვეყანაა ამაში ეჭვი არავის ეპარება. მდიდარი ვართ ბუნებით, ხალხით, ტრადიციებით, ისტორიითა და კულტურით. ამ ბოლოში კი თანამედროვე სამყაროს ბევრი წამყვანი ქვეყანაც კი ვერ შეგვეჯიბრება. საამაყო ქართველ ერს ბევრი რამ გვაქვს, რაც აბათილებს სოციალურ ქსელებში მოარულმა ფრაზას - „ჩვენ (ქართველებს) არაფერი გვეშველება“.

კულტურას, კონკრეტულად კი ლიტერატურას რომ მივუბრუნდეთ, ჩვენს დრომდე მოღწეული ქართული მხატვრული ლიტერატურის უძველესი ძეგლი იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაა“. იგი ისეთი დახვეწილი ენითა და სტილით არის დაწერილი, რომ ეჭვიც არ მეპარება, და ალბათ არც თქვენ, რომ ქართული ლიტერატურის დასაბამი „შუშანიკის წამების“ შექმნამდე გაცილებით უფრო ადრეა, უბრალოდ და სამწუხაროდ ჩვენამდე ამ ნაწარმოების გარდა ვერცერთმა მოაღწია წერილობით.

თუმცა დღეს, ჩემი ბლოგი მინდა გენიალური შოთა რუსთაველის გენიალურ ნაწარმოებსა და საქართველოს ეროვნულ საგანძურს „ვეფხისტყაოსანს“ დავუთმო. წარმოიდგინეთ ადამიანი და ადამიანთან ჯგუფი, რომლებმაც 21-ე საუკუნეში გადაწყვიტეს ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი შეექმნათ და ქმნიდნენ კიდევაც მთელი 18 წელიწადი. საქართველოში ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე კულტურული და ეროვნული ფენომენი გახლდათ. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფები საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდნენ ხელნაწერ წიგნებს და განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს, რომელთა მრავალფეროვნებაში მჟღავნდებოდა ცალკეული წიგნის შემქმნელის ინდივიდუალურობა.

სწორედ ეს ეროვნული ფენომენი გააცოცხლეს 21-ე საუკუნის ხელნაწერ ვეფხისტყაოსანში, რომლის იდეაც გურამ ახალაიას ეკუთვნის, ხოლო გადაწერაში მონაწილეობა ჩვენი საუკუნის 300-მდე ღვაწლმოსილმა პიროვნებამ მიიღო.

ვეფხისტყაოსანი

 „პროექტის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში გავაცნობიერე თუ რამდენად რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ 21-ე საუკუნის გადამწერებმა თავიანთი მოწადინებით, თანადგომით, გულწრფელი გულშემატკივრობით წამახალისეს და ბოლომდე დამასრულებინეს ეს, არამარტო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, - იდეის ავტორი, გურამ ახალაია.

მხატვართა ჯგუფმა სპეციალურად ამ წიგნის შესამკობად შექმნა სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები, ორნამენტები და ილუსტრაციები. მხატვარ რესტავრატორმა, ლია სიხარულიძემ კი ხელნაწერის თითოეული გვერდი საკუთარი შემოქმედებითა და უძველესი ქართული ხელნაწერებიდან გადმოღებული კამარებით, მინიატურებით, ჩანართებითა და ორნამენტული ასომთავრულებით შეამკო, რაც კიდე უფრო მეტად ღირებულს ხდის ამ პროექტს.

ვეფხისტყაოსანი
წიგნის ბეჭდური ვერსიის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

ყიდვა

ზევით