#მხატვრობა

The why not gallery 15 სექტემბერს ორ პარალელურ გამოფენას უმასპინძლებს

გაზიარება:

15 სექტემბერს, 18:00 საათზე The why not gallery-ში ერთდროულად ორი გამოფენა გაიხსნება. გალერეის მთავარ სართულზე მარიამ აქუბარდიას მეორე სოლო გამოფენა ‘მოხატული კედლები რეალობის ილუზიას ქმნიან’ დაგვხვდება, გალერეის მცირე სივრცეში კი ნიკა ქუთელიას პირველი სოლო გამოფენა CHARITSKHES, DE? მოეწყობა.

მარიამ აქუბარდია

მარიამის ნამუშევრები განსაკუთრებული ხელწერითაა შექმნილი: პასტელურ ფერთა პალიტრა, ფოტოგრაფიული რეალიზმისა და აბსტრაქტული ფერწერის გადაკვეთაზე, წაშლის ტექნიკით დახატული დიდი ზომის ფიგურატიული კომპოზიციები, თითქოს წამში გამოჭერილი ფრაგმენტები, უდროობის მორევიდან არიან ამოსული. წარმოდგენილი ნახატები თითქოს მეხსიერებაში ფოტო კადრებად ჩარჩენილი მოქმედების ტილოზე გადმოტანის, ეფემერული და მოუხელთებელი განცდებისთვის ფიზიკურობის მინიჭების მცდელობაა.

ხელოვანი თამამად მუშაობს საგამოფენო სივრცეში და საკუთარ ნამუშევრებს გაბედულად უქმნის ატმოსფეროს. საგამოფენო დარბაზი მთლიანად მოხატულია, ხოლო იატაკი ქვიშით არის დაფარული; თითქოს ხელოვანი დროის ქარტეხილებში მიტოვებულ სივრცეში გვამოგზაურებს, რომელსაც მალე სულ დაფარავს ქვიშა და ბუნებაში ჩაიკარგება.

სერიის ნამუშევრებშიც, ფონად ყოველთვის ბუნებაა, ცოცალი, მსუნთქავი, ან ხელოვნური, იდილიური, გამოგონილი, მათი სინამდვილის შემოწმება შეუძლებელია. ადამიანები კი, მიუხედავად მათი გარემოს, ფონის რეალურობისა, მაინც აგრძელებენ ცხოვრებას და საკუთარი რეალობის შექმნას, მოცემულობის გალამაზებას, მორთვას, ზოგჯერ დავიწყებასა და შეიძლება,- შენიღბვასაც კი.

გამოფენისთვის შექმნილი სერიის ინსპირაცია ხელოვანის მიერ გადაღებული ფოტო გახდა. კადრი მიტოვებული სახლიდან, რომელიც ბუნებამ გაავერანა, ადამიანებმა გაძარცვეს და ათასმა ქარტეხილმა გადაუარა. ეს სახლი მარიამის მეზობლად, გალში მდებარეობს.

დრო თითქოს მხოლოდ დიდ ოთახში, ერთ დროს საზეიმო ადგილას მოთავსებულ კედლის ფოტო ქაღალდს ვერ მოერია. მთელ სიგრძეზე გაკრულ ე.წ. შპალერზე აღბეჭდილ იდილიურ პეიზაჟზე მშვიდი, უქარო დღეა ტბის პირას. თითქოს ქაოსმა და განადგურებამ, რაც მისი გაკვრის შემდეგ დატრიალდა, ვერ აატოკა წყლები სამუდამოდ მზიან შემოდგომის შუადღეს.

1980-იანი წლების მეტად პოპულარული ინტერიერის დიზაინის ელემენტი, გადმონაშთია სამყაროსა, რომელიც აღარ არსებობს, თითქოს პორტალია პარალელურ რეალობაში სამოგზაუროდ. იქმნება განცდა, რომ თითქოს არსებობდა იდილიური, ჰარმონიული დრო, სადაც მუდმივი შტილია. თუმცა, ეს მზისგან ოდნავ გახუნებული სიმშვიდე, რომელსაც საბჭოთა კიჩ პანორამა ასხივებს, მთავარ კითხვას სვავს - მართლა არსებობდა ეს ჰარმონია, თუ მხოლოდ ილუზიაა, თვალწარმტაცი ტყუილი, რომელიც რეალობის შესანიღბად იყო გამოყენებული?!

ნიკა ქუთელია

ნიკა ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც უკვე მრავალი წელია ციფრულ ხელოვნებაში მუშაობს. დაბადებული სოხუმში, ბავშვობიდანვე მიჩვეულია საცხოვრებელი ადგილის მუდმივად ცვლას და ახალ დინამიკაში ყველაფრის თავიდან დაწყებას.

ნიკა ამ გამოფენაში პერსონალურ, ამავდროულად, 6200 ადამიანისთვის საერთო ისტორიებს უღრმავდება და საკუთარი ვიზუალური ენით გვიყვება. მსხვრევადი, ზღვით სავსე გული და შინაგანი ბავშვი, ომში ნაპოვნი ერთობა და დნობადი დროით გადაფარული იდენტობები.

„მინდოდა მეჩვენებინა, წარსულის რამდენი ნაგლეჯი დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ამბები დღევანდელ, არაჯანსაღ სამყაროზე, ნათესავების ისტორიები ომზე, ომის შემდგომ ცხოვრებაზე; ერთმანეთის დახმარებასა და ერთმანეთის სიძულვილზე.

მინდოდა მეჩვენებინა ლაქა, რომელიც დროის გასვლასთან ერთად არ იცრიცება.

მინდოდა მეჩვენებინა ჩემი შინაგანი ბავშვი, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად, დღემდე ცოცხალია“.

მარიამის და ნიკას პერსონალური გამოფენები The why not gallery-ში 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ზევით