#ლიტერატურა

5 წიგნი, თანამედროვე პოლონური ლიტერატურიდან  „გამომცემლობა ინტელექტისგან“

გაზიარება:

პოლონური ინსტიტუტი თბილისში და „გამომცემლობა ინტელექტის“ ერთობლივი პროექტით, საგულდაგულოდ შეირჩა და ითარგმნა თანამედროვე პოლონური ლიტერატურის მარგალიტები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატის ოლგა ტოკარჩუკის ესეისტური ნაშრომი „თოჯინა და მარგალიტი“, ბარბარა კლიცკას „სანატორიუმი“ და პრესტიჟული პოლონური პრემიის „ნიკეს“ მფლობელი წიგნი „ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ“ ვიესლავ მიშლივსკისგან.

პოლონური ინსტიტუტი თბილისში და „გამომცემლობა ინტელექტის“ თანამშრომლობით თარგმნილი და გამოქვეყნებული 5 წიგნის შეძენა ქართველ მკითველს 15 ოქტომბრიდან შეუძლია.

1. ოლგა ტოკარჩუკი, „თოჯინა და მარგალიტი“

პოლონურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა

ყიდვა

„თოჯინა და მარგალიტი“ ესეისტური ნაშრომია, რომელიც ნობელიანტმა მწერალმა ოლგა ტოკარჩუკმა ბოლესლავ პრუსის რომან „თოჯინას“ მიუძღვნა. ნაშრომი ღრმა კულტუროლოგიურ-ფსიქოლოგიური რეფლექსიაა წიგნისა, რომელმაც თავად ტოკარჩუკზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაუფარავი აღტაცება მისთვის არათუ ხელისშემშლელია, არამედ გაცილებით დიდ სივრცეს აჩენს მკითხველსა და ტექსტს შორის თამამი და პრინციპული ურთიერთობებისათვის.

პერსონაჟთა არქეტიპული პალიტრა, მითოლოგიური პლასტები, რომანის კოსმოგონია და მასში ჩართული „მკითხველის წამი“ როგორც მუდმივი და დაულეველი ინტერპრეტაციის უფლება – ეს ყოველივე ნაშრომს იმ განუმეორებელ ინტიმს და მომნუსხველობას ანიჭებს, რომელიც თავიდან აგარიდებთ ლიტერათურათმცოდნეობითი ტექსტების კითხვისას თანმდევ ბუნებრივ მოწყენილობას. ეს წიგნი კითხვის და გააზრების სიხარულზეა.

2. იაცეკ დენელი, „ლალა“

პოლონურიდან თარგმნა მირანდა გურგენიძემ

ყიდვა

„ლალა“ პოპულარული პოლონელი მწერლის, იაცეკ დენელის პირველი რომანია. ეს ერთი ოჯახის საგაა, ცენტრალური გმირი კი ავტორის ბებია ლალაა, რომლის მონათხრობის მიხედვითაც იქმნება ეს გრძელი თავგადასავალი. საერთოდაც, „ლალა“ მეხსიერების ეთიკურ რეკონსტრუქციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ერთმანეთს ერწყმის უამრავი ხმა, მოვლენა, მითი თუ სინამდვილე, წარსული თუ აწმყო. 

ბებია ლალას მიერ მოყოლილი და მისგანვე დავიწყებული ამბები ავტორის ინტერპრეტაციების საბაბი ხშირად ხდება, რაც თანაბრად ანიჭებს რომანს ხალისსაც და წარსულის ქრობით გამოწვეულ სევდასაც.

3. ვიესლავ მიშლივსკი, „ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ“

 პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ყიდვა

ლობიოს დაჩურჩვა თანამეინახესთან ერთად – პასტორალური სამყაროს, გნებავთ, ფილოსოფიური ნადიმის მეტაფორაა, რომელშიც ერთმანეთზე უფრო ძნელი და მტკივნეული საკითხებია გაცხადებული.

ვიესლავ მიშლივსკის ამ რომანში თავი მოიყარა მე-20 საუკუნის უმთავრესმა პრობლემებმა (ომი, დევნილობა, შიმშილი, ღმერთის ძიება და ა. შ.); რომანის პროტაგონისტის საგულისხმო პროფესია – ელექტრიკოსობა – ტექსტის ძაბვის ხარისხიცაა: მისი (და მთელი ეპოქის) თავგადასავალი „ბუნებრივი განათების“ ფონზე იკითხება – ლამპის გამჭვირვალე ალიდან ელექტრონათურის მძლავრ სხივამდე.

რომანი „ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ” დაჯილდოებულია პრესტიჟული პოლონური პრემიით „ნიკე“.

 4. ბარბარა კლიცკა, „სანატორიუმი“

პოლონურიდან თარგმნა ქეთევან ქანთარიამ

ყიდვა

„სანატორიუმი“ სიცოცხლის საზღვართან გაშეშებული კონფლიქტების შესახებ მოგითხრობთ. მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ორი ოპერაციის შემდეგ სანატორიუმში დასასვენებლად მიემგზავრება. ბევრი ხმით, ტკივილით, გროტესკით და ბედისწერით სავსე სანატორიუმი სუროგატული სამოთხის ანარეკლიცაა, სადაც სიცოცხლის საზრისის დაბადება-არდაბადების საკითხი წყდება. 

თხრობის სადა და მინიმალისტური ფორმით, წარსულისა და მომავლის გასაყარზე მოხელთებული სიმშვიდით, პერსონაჟთა მოულოდნელი პერსპექტივებით, ავტორი დაძაბულობის ისეთ ხარისხს ქმნის, რომელიც სულ სხვაგვარად აშუქებს სანატორიუმში გამწესებული გმირ(ებ)ის ერთი შეხედვით ერთფეროვან და აუმღვრეველ თავგადასავალს.

 5. მარჩინ ვიხა, „ნივთები, რომელიც არ გადამიყრია“

პოლონურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა

ყიდვა

რა საიდუმლოს ინახავენ ჩვენი ყოფის ნივთები და რა რჩება მათგან, როცა დიდი დალაგების დრო დგება? ზოგჯერ ეს ნივთები თავად ჰყვებიან საკუთარ ისტორიას, ზოგჯერ კი პირიქით, ისტორია ამოაშუქებს მათ დავიწყების, გაქრობის შიშიდან.

პოლონელი ესეისტის, მხატვარ-დიზაინერის, მარჩინ ვიხას რომანი „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია“ ამ ძნელ კითხვებს პასუხობს; ერთი შეხედვით ყოფითი, თითქმის პუბლიცისტური თხრობის ქვეშრეებში სიკვდილ-სიცოცხლის მტკივნეული და საბედისწერო ნიუანსები მჟღავნდება, ძვირფასი ადამიანების პორტრეტების ფონზე კი წარსულსა და მომავალს შორის გაჩხერილი აწმყოს სურათი ივსება. მკაფიო „წინხედის“ მიღმა შთამბეჭდავად იშლება მთელი ეპოქის რეტროსპექტივა – ფაშიზმისა და საბჭოეთის სუსხიდან დღემდე, აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიებით, დანაშაულებებითა და უსამართლობით.

ზევით