#მუსიკა

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიხსნა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

გაზიარება:

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკოს ფესტივალს“ გამართავს. მსოფლიო პანდემიის მიერ მოყენებული ზარალის შემდეგ, 2021 წლის ფესტივალი დიდი შემართებითა და სიურპრიზებით გაიხსნა და წინ მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც გვპირდება.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2021 გასულ ღამეს გაიხსნა. მსმენელის წინაშე „საქართველოს სინფონიეტა“, ვინჩენცო კაპეცუტო (ალტი, იტალია), ნატალი პერესი (მეცოსოპრანო, საფრანგეთი) და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ წარსდგნენ.

ფესტივალში, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ანსამბლები და ძველებური მუსიკის სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ჩამოსული ვარსკვლავები, გარდა კონცერტებისა ძველებური მუსიკის ავთენტიკური შესრულების მიმართულებით მასტერკლასებს ჩაატარებენ. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება 5 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრის, ლიტერატურის და მხატვრობის შესახებ.

ლექციების განრიგი:

15.11 - 19:00 საათი
ზურაბ წკრიალაშვილი (გუნდის დირიჟორი, ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი და მომღერალი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის მგალობელი, გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ პროფესორი)

„მრავალხმიანობის ფორმები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და საეკლესიო გალობაში“

18.11 - 19:00 საათი
ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე)

„ბაროკოს ხანის ლიტერატურა“

21.11 - 19:00 საათი
თამარ მუქერია (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი)

„თეატრი, როგორც სამყაროს მოდელი“

25.11 - 19:00 საათი
გია ბუღაძე (მხატვარი)

„რემბრანდტი“

28.11 - 19:00 საათი
გვანცა ღვინჯილია (მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი)

„მუსიკა ბაროკოში“

ლექციები “Sinfonietta Stage”-ზე გაიმართება, დასწრება თავისუფალია!

პრემიერა - 13 ნოემბერი
„გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“


„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 13 ნოემბერს, 19 საათზე, სამეფო უბნის თეატრში განსაკუთრებულ საღამოს წარმოგიდგენთ.
დიდი ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია ი.ს. ბახის, ჰ. პერსელის,
ა. ვივალდის, ა. კორელის, ჟ.ბ. ლულის და ა. მარჩელოს მუსიკაზე.

მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
და ბალეტის მოწვეული მსახიობები - ვინჩენცო კაპეცუტო, სერგეი პოპოვი

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი

საფესტივალო კონცერტები: 10 და 29 ნოემბერს , ასევე 2, 6 და 8 დეკემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ხოლო 13 ნოემბერს „სამეფო უბნის თეატრში“ გაიმართება. ფესტივალის ყველა ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ვებ-გვერდზე: www.biletebi.ge და თეატრის სალაროში.

ზევით