#ფოტოამბავი

„სიზმარი“ - შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია ბრუნდება

გაზიარება:

12-14 ნოემბერს თბილისში, მულტიმედია გამოფენების სერია „სიზმარი“ ბრუნდება! პროექტი, რომელიც ინდივიდის, სოციუმის და ბუნების ჰარმონიას ეხება, შთაგონების მთავარი წყარო კი ოქროს კვეთის სპირალია, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექვსმა ადამიანმა შექმნა. სპირალის თბილისის რუკაზე მორგებით, სხვადასხვა უბანში ექვსი საგამოფენო ადგილი შეირჩა.

აუდიო სტრიმინგი, შერჩეულ ლოკაციებს რეალურ დროში აერთიანებს.

გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: ბუნება და სოციუმი. ბუნების გამოსახატად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები. „სიზმარში“ მოსული ადამიანები ინტერაქციულ რეჟიმში ერთად ქმნიან აუდიო-ვიზუალურ ინსტალაციებს და პროექტის მეორე ნაწილს - სოციუმს. შედეგად, შემთხვევით თუ მიზანმიმართულად, ჩართულ ადამიანებთან ერთად სოციუმს და ბუნებას შორის ჰარმონია იქმნება.

ყველა მოძრაობას აქვს ბოლო, თუმცა ზოგჯერ ეს ბოლო დანიშნულების წერტილია, რომელიც გაჩვენებს მომენტს. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ელოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ და როგორ, მთავარია ყველა საჭირო ეპიზოდი გაიარო. მთელი გამოვლილი გზა, რომელიც ქაოტური ჩანდა - ლაგდება. იხსნება პერსპექტივა. თითოეული სურათი, რომელიც გზად შეგხვდა, თითოეული ხმა და სახე ახლებურ მნიშვნელობას იძენს. 

ყველა მოვლენას თანმიმდევრულად უბრუნდები. გამოვლილი ადგილები და შემხვედრი ადამიანები ერთი მთლიანობის ნაწილი ხდებიან. ხვდები, რომ არათუ გზას მიყვებოდი, არამედ თავად ქმნიდი ამ მოვლენისთვის საჭირო ეფექტებს და ნიშნებს, რომლებიც გზის ბოლოს იყრიან თავს და უნიკალურ მომენტში სიზმარივით ცხადდებიან.

მულტიმედია გამოფენების სერა D-Block-სა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. „სიზმრის“ შემქმნელ ხელოვანებს შორის არიან ლევან აბრამიშვილი, დოდო ჩხეიძე, გიორგი კობერიძე, ვაჟა მარი, ლევან ქუთათელაძე და ლიზა რომანოვსკა. ინსტალაციების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.sizmari.art

ზევით