#მხატვრობა

„რა ფერია წითელი“ ჯგუფური გამოფენა გალერეა არტერიაში

გაზიარება:

22 აპრილს, წითელ პარასკევს, გალერეა არტერია 19:00-ზე ჯგუფურ გამოფენაზე „რისი ფერია წითელი?“ გვეპატიჟება. გამოფენაში მონაწილე მხატვრები თავიანთი ცხოვრების ისტორიას სწორედ წითელი ფერით გადმოგვცემენ, ფერით, რომელიც თითქოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ამბებს გვიამბობს, თუმცა ყოველი მათგანი გვაგრძნობინებს - ამ სამყაროს მეტი სიყვარული სჭირდება.

„ჩვენი სისხლი წითელია, ჩვენი გული წითელია, ქრისტეს ჯვარს აცვეს, წითელ პარასკევს,  რადგან წაბილწული სამყაროსთვის ღმერთი მიუღებელი აღმოჩნდა, ამ სამყაროში ვაგრძელებთ ჩვენ არსებობას“ - ნათქვამია გამოფენის აღწერაში.

წითელი ფერის სიმბოლიზმს ხელოვნებაში გამორჩეული ადგილი უკავია, ეს ფერი ერთდროულად რაიმეს ხაზგასასმელად, სიყვარულისა თუ ვნების გადმოსაცემად გამოიყენება; თუმცა წითელ პარასკევს წითელი ფერი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, ეს არის შეხსენება იმისა, რომ ამ სამყარომ ოდესღაც ღმერთის ძე სასიკვდილოდ გაიმეტა, ეს ამ ფერის ყველაზე ძლიერი დატვირთვაა.

წითელი ფერის სიმბოლიკას მხატვრობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, იმის გასაგებად თუ როგორც იყენებენ ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ფერს ქართველი არტისტები, შეგიძლიათ გალერეა არტერიას ესტუმროთ. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ: ლიზი აფაქიძე, ნატალია ლაშხი, ანი გემაზაშვილი, მედეა ყირიმელი, ნინა ნარიმანიშვილი, ვაჟა კავლელაშვილი, ლუკა გუგუშვილი, ხვიჩა წენგუაშვილი და სხვები.

გამოფენის დათვალიერება 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით შეგეძლებათ.

ზევით