#კინო

„ოსკარზე" საქართველოს სახელით წარსადგენ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეირჩა

გაზიარება:

ამერიკის კინოაკადემიის პრიზების 2023 წლის ნომინაციაზე, საქართველოს სახელით წარსადგენი სრულმეტრაჟიანი ფილმის შესარჩევ კონკურსში დათა ფირცხალავას „დიდმა შესვენებამ“ გაიმარჯვა.

„დიდი შესვენება" ქართველი სცენარისტისა და რეჟისორის, დათა ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა ფილმის პირველი საჯარო ჩვენება 9 სექტემბერს, Scotiabank Theatre Cinema-ში გაემართა და მას საერთაშორისო პუბლიკასთან ერთად კანადაში მცხოვრები ქართველი აუდიტორიაც დაესწრო. ფილმი წარმოებულია საპროდიუსერო კომპანია მილიმეტრ ფილმის მიერ. წარმოება მხარდაჭერილია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ.

„დიდი შესვენება“ კლასელების ურთიერთობასა და მეგობრობაზე მოგვითხრობს. რეჟისორის მიზანია, აჩვენოს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება და როგორ სძლევს მეგობრობა და წარსულში გატარებული წლები ყველანაირ ნეგატიურ ფაქტორს.

„ოსკარზე" საქართველოს სახელით წარსადგენ კანდიდატ ფილმთა კონკურსში სულ 6 ფილმი მონაწილეობდა:

1. „ატონალური გაბრწყინება“ - რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე;

2. „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ - რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი;

3. „დიდი შესვენება“ - რეჟისორი დათა ფირცხალავა (გამარჯვებული);

4. „მოთვინიერება“ - რეჟისორი სალომე ჯაში;

5. „ოთარის სიკვდილი“ - რეჟისორი იოსებ ბლიაძე;

6. „ტყვია“ - რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.

საქართველოს კანდიდატი ფილმი 12-წევრიანმა სპეციალური კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია. დათა ფირცხალავას ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო.

ზევით