#მხატვრობა

დღეს, MAUDI Booster - აუქციონი გაიმართება

გაზიარება:

დღეს, 17 საათზე, მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცეში, Maudi Booster-ის ექსპოზიცია დიდი აუქციონით სრულდება. Maudi არაკომერციული სახელოვნებო სივრცეა, რომელმაც მიზნად, ამ სივრცეში კერძო სექტორის ჩართვა და მომავალი აქტივობებისა და გამოფენების მაღალი ხარისხით ორგანიზებისთვის რესურსების მოძიება განიზრახა. აუქციონიდან შემოსული თანხის ნაწილი, ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, უკრაინის ფონდში გადაირიცხება.

MAUDI Booster საგამოფენო სივრცე - მაუდის მიერ ორგანიზებული პირველი აუქციონია, რომელიც თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობით ხორიელდება. აუქციონი და დაგეგმილი ექსპოზიცია წარმოადგენს თანამედროვე ხელოვანების მნიშვნელოვან ნამუშევრებს, რომლებიც ასახავს მათ მიმართებას არსებულ სოციალურ და კულტურულ გამოწვევებთან. ნამუშევრების საერთო ექსპოზიცია შესაძლებელს ხდის, რომ ერთიან ჭრილში წარმოჩინდეს და წინა ხაზზე წამოიწიოს საერთო კონტექსტები და თანაკვეთები, შესაბამისად ექსპოზიციამ საშუალება მოგვცა ფართო მასშტაბით დაგვენახა ქართული სახელოვნებო სცენა.

MAUDI Booster-ის ექსპოზიციაში მონაწილე ხელოვანებს შორის არიან: ნიკა ქუთათელაძე, სოფო კობიძე, თეა გვეტაძე, თამარ ნადირაძე, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ელენე ჩანტლაძე, ფრიდონ ნიჟარაძე, ირაკლი ფარჯიანი, ნინო ჩუბინიშვილი, გიორგი ხანიაშვილი, შოთიკო აფციაური და სხვები.

MAUDI 2018 წელს ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი სივრცეა. მისი უმთავრესი მიზანი ვიზუალურსა და აუდიო ხელოვნებებში ექსპერიმენტული პრაქტიკის წახალისებაა. სივრცე მასპინძლობს როგორც ადგილობრივი, აგრეთვე საერთაშორისო ხელოვანების ჩართულობით ორგანიზებულ გამოფენებს, მუსიკალურ ღონისძიებებს და შეხვედრებს. ის ღიაა ხელოვანებისთვის, რომლებიც არ არიან განებივრებული თავისუფალი შემოქმედებითი სივრცეებით.

აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრების კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://issuu.com/elisabed.zhvania/docs/maudibooster

ზევით