#კულტურა

მარიამ აქუბარდია - ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ

გაზიარება:

რამდენიმე კვირის წინ, ერთი ნიჭიერი გოგოს - მარიამ აქუბარდიას მიერ შექმნილი ილუსტრაციებით გამოსული კომიქსების სერია წარმოგიდგინეთ, ადამიანებზე, რომლებსაც ვერ მოვუსმინეთ, დღეს კი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ გოგოს პირველ პერსონალურ გამოფენას Why Not Gallery მასპინძლობს.

გამოფენის „ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ" სერიის შთაგონება საბჭოთა სანატორიუმები გახდა, როგორც ერთგვარი ანთროპოლოგიური კვლევის საგანი, ფუკოსეული ჰეტეროტოპია, მაგრამ ამავდროულად ემოციურად ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი ხელოვანისთვის.

არაერთი შთამბეჭდავი კომპლექსი არსებობდა საბჭოთა საქართველოში, განსაკუთრებით - აფხაზეთში, რომელიც საბჭოთა ელიტარულ საზაფხულო მიმართულებად ითვლებოდა.

დღესდღეისობით პოპულარული სენტიმენტის, აფხაზეთის ‘წართმეულ განძად’ წარმოჩენის და ეგზოტიზაციისას, ყველაზე ხშირად სწორედ ხომ საბჭოთა სანატორიუმების ნანგრევების ფოტომასალა გამოიყენება. ამავდროულად, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანებიც, სანატორიუმებსა და სასტუმროებში გადაანაწილეს, თავიდან - დროებით დასარჩენად, მაგრამ უკვე თითქმის 30 წელია, ეს შენობები ბევრისთვის მუდმივ საცხოვრებლად გადაიქცა.

მარიამის ნახატებიც ამ ამბივალენტობასა და ურთიერთგამომრიცხაობაზე თამაშობს - გამოსახული ადამიანები არიან სანატორიუმის ბედნიერი დამსვენებლები, თუ დროებითობასა და გაურკვევლობაში გაჭედილი დევნილები, რომლებიც ცდილობენ მძიმე მოცემულობაში დაიმკვიდრონ თავი და ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრება ააწყონ?!

გაწელილი, გაუქმებული დრო, რომელსაც ნახატების მთავარი გმირები მოლოდინით, მონოტონური, რომანტიკული თუ დამღლელი აქტივობებით ავსებენ.

ნახატები, რომელიც გაცრეცილი ფოტოსურათების კადრებს გვაგონებს - პალმებითა და აგავებით შექმნილი ტროპიკული ლანდშაფტები, ნესტის სუნით გაჯერებული ჰაერი, შუშხუნებითა და ტორტებით აღნიშნული დღესასწაულები, ყურზე მიდებულ ნიჟარებში ზღვის ხმა, ფოიერვერკები და ანთებული ასანთის ღერები, ერთი შეხედვით ლამაზი მომენტები აფეთქებებად გადაქცეული...

მხატვარ მარიამ აქუბარდიას პირველ პერსონალურ გამოფენაზე დასწრება თავისუფალია, „ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ" ნახვა მსურველებს 4 ივნისიდან 1-ელ აგვისტომდე შეეძლებათ. გაითვალისწინეთ, რომ გალერეა მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა 12-7 საათამდე.

ზევით