#კინო

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო!

გაზიარება:

Covid-ით გამოწვეული 2-წლიანი შეფერხების შემდეგ, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ტრადიციად ქცეულ მაისის თვეს 75-ე საიუბილეო ფესტივალით დაუბრუნდა. გუშინ, 17 მაისს, საფრანგეთის რივიერას დიდი შეკრება დაიწყო - კანში კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა, სავალდებულო სახის ნიღბებისა და ჯანმრთელობის საშვების ნაცვლად, თუმცა უკრაინის ომის ჩრდილქვეშ, რომელსაც ამ წელს ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

კანის რიგით 75-ე კინოფესტივალი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით გაიხსნა, დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ჩარლი ჩაპლინის სიტყვები გაისმა ფილმიდან The Great Dictator: „ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან. ის ძალაუფლება, რომელსაც ხალხისგან იღებენ , ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება“.

„ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რომ დღეს დავამტკიცოთ, კინო არ არის მდუმარე. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას, ჩვენ ამ ომში გავიმარჯვებთ“ – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ოვაციები მოჰყვა, ოვაციებს კი მაიკლ ჰაზანავიციუსის ფილმის Final Cut-ის პრემიერა.

წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის, რომელიც ფესტივალის მთავარი პრიზის პალმის რტოს ნომინანტებსა და სხვა პრიზის მფლობელებს გამოავლენს, ფრანგი მსახიობი ვინსენტ ლინდონი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ჟიურის მოვალეობას შეასრულებენ რეჟისორი ასგარ ფარჰადი, ბრიტანელი მსახიობი და რეჟისორი რებეკა ჰოლი, ამერიკელი რეჟისორი ჯეფ ნიკოლსი; Ladj Ly; ინდოელი მსახიობი დიპიკა პადუკონე; Girl With the Dragon Tattoo-ს ვარსკვლავი ნუმი რაპასი; რეჟისორი იოაჰიმ ტრიერიდა იტალიელი მსახიობი და რეჟისორი ჟასმინ ტრინკა.

დიდ ეკრანზე პოლიტიკური მასალის დეფიციტი არ იქნება, ომი, მიგრაცია, ფემინისტური ბრძოლები და კლიმატის საგანგებო მდგომარეობა კინორეჟისორების დღის წესრიგშია.

კანის კინოფესტივალის პირველმა დღემ რასაკვირველია წითელი ხალიჩითაც დაგვამახსოვრა თავი, ცნობილი ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ ფესტივალზე და თვალისმომჭრელი ჩაცმულობებით მოგვაწონეს თავი. The Diary-სთვის, გასული დღის ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქები რებეკა ჰოლს, ჯულიან მურს, ევა ლონგორიას, ამანდინ პეტისა და დეპიკა პადუკონეს ეკუთვნით.

რებეკა ჰოლი Gucci-ს კაბაში
ჯულიანა მური Bottega Veneta-ს კაბაში
ევა ლონგორია Alberta Ferretti-ს კაბით
დეპიკა პადუკონეს აცვია Sabyasachi
ამანდინ პეტიტი Dessange Paris-ის კაბით
ზევით