#ფოტოამბავი

Afternoon Tea - ჯესიკა გრიფიტის ნატურმორტული ფოტოგრაფია

გაზიარება:

ჯესიკა გრიფიტი ინგლისელი ნატურმორტის ფოტოგრაფია, რომლის პორტფოლიოც ნამდვილი ჯადოქრობებით არის სავსე. ტექნიკურად სრულყოფილი, იდეურად სრულფასოვანი და კომპოზიციურად დახვეწილი ფოტოები ჩვენი დღევანდელი დღის შთაგონებად იქცა და გადავწყვიტეთ, ჯესიკას სამუშაო პროცესის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეძიებინა და ჩვენი ერთგული მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა.

როგორც აღმოჩნდა, ჯესიკას პროფესიული საქმიანობა სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის და მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც Gucci, Hermes და Kenzo-ა, მისი შემოქმედება ფართო აუდიტორიისთვის ჯერაც უცნობია. 

ნატურმორტის ფოტოგრაფია პრობლემის გადაჭრას და გადაწყვეტილებების პოვნას ემსახურება, რათა პროდუქტი/საგანი გამოიყურებოდეს რაც შეიძლება საუცხოოდ, მე კი გამოწვევები ძალიან მიყვარს - აცხადებს ჯესიკა.

ძნელი დასაჯერებელია, თუმცა თავად ჯესიკა აცხადებს, რომ მას საკუთარი სტილი ჯერაც არ უპოვია (რასაც მის ხელწერაზე ვერ ვიტყვით). თუმცა, იმით ნამდვილად ამაყობს, რომ ნაბიჯი უკან არასოდეს გადაუდგამს და პირად ესთეტიკას ნამუშევრებში ყოველ ჯერზე ავითარებს.

ჯესიკა გრიფიტის პირადი გმირი ჰანა სტარია: ფოტოგრაფი, რომელიც მოძრაობისა და უძრაობის კონტრასტს იდეალურად ასახავს და თავისი ნამუშევრებით ახალგაზრდა ფოტოგრაფებს შთააგონებს.

ჯესიკა გრიფიტის ყველაზე პოპულარული ფოტოგადაღება ამ დროისთვის Afternoon Tea-ა, სადაც მოდელის მოვალეობა ჯესიკას ბებიამ შეასრულა: "ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი ხელებითა და ფრჩხილებით", აცხადებს ფოტოგრაფი, რომელმაც ამ გადაღებით ალისა გაგვახსენა საოცრებათა ქვეყნიდან და ლანგარზე უამრავი მადისაღმძვრელი დესერტი ერთდროულად საოცარი ესთეტიკით წარმოგვიდგინა.

ჯესიკა გრიფიტის ფოტოები და განსაკუთრებით ფოტოგადაღება Afternoon Tea ფემინურობით გამოირჩევა. პასტელური ნაზი ფერების კომბინაცია და განათების ტექნიკა ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც ჯესიკა თავის დამკვიდრებას ცდილობს და რომელსაც გრიფიტი ყოველ ფოტოსესიაზე ავითარებს.

 

 

ზევით