ჰაიაო მიაძაკის შემოქმედება, როგორც ფანტასტიკურ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი

დღეს, 5 იანვარს, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იაპონელი ანიმატორისა და რეჟისორის ჰაიაო მიაძაკის დაბადების დღეა. ანიმატორს, რომლის ფილმოგრაფიასაც ეკუთვნის My Neighbor Totoro (1988), Princess Mononoke (1997) და Spirited Away (2001), დღეს 82 წელი შეუსრულდა. ჰაიაომ აგრეთვე დააარსა ანიმაციური სტუდია - Studio Ghibli, რომელიც ნაზი, ესთეტიკურად სასიამოვნო ვიზუალის სინონიმად იქცა.

ჰაიაო მიაძაკის შემოქმედება ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, ომისშემდგომი იაპონიის ფორმირებით დაწყებული, ბავშვური უცოდველობით, ფემინიზმითა და გარემოს ზემოქმედებით დამთავრებული, რეჟისორის ნამუშევრები ყოველთვის აქტუალური და ღრმააზროვანია. თუკი, ანიმემ მოახერხა და დაამსხვრია მითი თითქოს იგი მხოლოდ ბავშვებისთვისაა შექმნილი, ეს უდავოდ ჰაიაოს დამსახურებაა. მისი აუდიტორია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს აერთიანებს. 

2023 წელს მიაძაკი, ათწლეულის შემდეგ ახალი ანიმეთი - How Do You Live? დაგვიბრუნდება, ანიმე 1937 წელს გამოსული, გენზაბურო იოშინოს, ამავე სახელწოდების რომანითაა შთაგონებული. ახალი შემოქმედების დეტალები დიდი ხნის განმავლობაში, მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და ბუნებრივია, ამან, მიაძაკის გულშემატკივართა მოლოდინი გაოორკეცა. როგორც რეჟისორმა განაცხადა, How Do You Live? მისი ბოლო ანიმე იქნება, თუმცა ისევ და ისევ, საკუთარი თავის დასამშვიდებლად ვიტყვით, რომ ეს განცხადება ჰაიაოსგან აქამდეც არა ერთხელ მოგვისმენია.

ვინ არის ჰაიაო მიაძაკი?

მიაძაკი 1941 წელს ტოკიოში დაიბადა, ჰაიაოს მამა მეორე მსოფლიო ომის დროს, საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი გახლდათ. ავტობიოგრაფიულ წიგნში Starting Point: 1979 to 1996, მიაძაკი წერდა, რომ მისი ადრეული მოგონება „დაბომბილ ქალაქებთან“ იყო დაკავშირებული, რადგან 1945 წელს, 4 წლის ასაკში საკუთარი თვალებით შეესწრო უტსუნომიას დაბომბვას.

რაც შეეხება ჰაიაოს დედას, იოშიკოს, ის რეჟისორისთვის მარადიულ შთაგონების წყაროდ იქცა. მიაძაკი ხშირად აცოცხლებდა დედას სხვადასხვა პერსონაჟში და მათი დახმარებით დედის განსხვავებულ ბუნებას გვაჩვენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიაძაკი მანგების (იაპონური კომიქსებისა და გრაფიკული ნოველების პოპულარული სტილი) დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, თავდაპირველად მაინც ძალიან უჭირდა ადამიანების დახატვა, სამაგიეროდ წლობით ხატავდა თვითმფრინავებს, საბრძოლო ხომალდებსა და ტანკებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰაიაო ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა, სანამ 1963 წელს საკუთარი და მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა არ გადაწყვიტა და ანიმატორის კარიერა არ დაიწყო.

Studio Ghibli-ს დაარსებამდე, ჰაიაოს პროექტები მოიცავდა გრძელვადიან სერიებს World Masterpiece Theater და Future Boy Conan, რომელიც აგრეთვე მისი რეჟისორობით შეიქმნა. 1969 წელს, ფილმისთვის The Wonderful World of Puss ‘n Boots, მიაძაკიმ იაპონიის საუკეთესო ანიმატორებთან ერთად იმუშავა, თითოეული მათგანისთვის სრული თავისუფლების მინიჭებით, ჰაიაომ განსხვავებული ვიზუალური თანმიმდევრობის, განსხვავებული პერსპექტივებიდან აღქმა მოახერხა.

რა არის Studio Ghibli?

მიაძაკიმ, Studio Ghibli რეჟისორ ისაო ტაკაჰატასთან და პროდიუსერ ტოშიო სუზუკისთან ერთად, 1985 წელს დააარსა. აქ წარმოებული ფილმების უმრავლესობა, ჰაიაოს მიერაა გადაღებული, ტაკაჰატა კი მეორე უდიდესი კონტრიბუტორია. სტუდიის პირველი ორი ანიმე: Castle in the Sky და My Neighbor Totoro, Studio Ghibli-სთვის კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ სიტუაცია 1989 წელს, Kiki’s Delivery Service-ის გამოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

Studio Ghibli-ს ყველაზე ცნობილ ნამუშევრად დღემდე Spirited Away რჩება, რომელიც პირველი არაინგლისურენოვანი ანიმაციური ფილმი გახდა, რომელმაც ოსკარის ჯილდო მოიპოვა, თუმცა მიაძაკიმ დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებაზე უარი განაცხადა, მიმდინარე ერაყის ომის გამო.

ქალების როლი Studio Ghibli-ს ანიმეებში

მიაძაკის ანიმეებში ხშირად შეხვდებით მოაზროვნე, ძლიერ ქალ პერსონაჟებს; „მიაძაკის გოგონები აჩვენებენ დიდ ცოდნას და დამოუკიდებლობას. ისინი იკავებენ სამუშაოებს, ქმნიან ოჯახებს, იბრძვიან ომებში და იხსნიან ბიჭებს სიკვდილისგან - ეს ყველაფერი ფაქტიურად, გოგონების ძალაუფლების ცნებების საყვირის გარეშე“, - წერდა The New York Times 2021 წელს.

ჰაიაოს გმირებს აქვთ ძლიერი ნებისყოფა, კარგი იუმორის გრძნობა და უნარი, შეებრძოლონ სამყაროს სირთულეებს და ამავდროულად საკუთარი თავის ერთგულებიც დარჩნენ.

ზევით