#მუსიკა

გვანცა გიგიბერია: „მუსიკის დახმარებით ადამიანებს დიდ ბედნიერებას ვანიჭებ“

გაზიარება:

„მუსიკის დახმარებით ადამიანებს დიდ ბედნიერებას ვანიჭებ, ეს არის ყველაზე დიდი ემოცია“ - ნიჭიერი ქართველი საქსოფონისტის, გვანცა გიგიბერიას ცხოვრებაში მუსიკა „დაბადებიდან ჩნდება“, გვანცა ქართველი მსმენელისთვის ცნობილი სიმღერების ალტერნატიული ვერსიების ჩაწერით გახდა, 12 მათგანი მუსიკოსმა საგულდაგულოდ შეარჩია და გასულ წელს პირველი ალბომიც წარმოგვიდგინა.

გვანცა გიგიბერიასგან ყოველთვის დიდი მუხტი და ემოცია მოდის, გვანცა ესთეტია და თუ ოდესმე ერთხელ მაინც მოგისმენიათ მისი შესრულება, ამაში თავადაც დაგვეთანხმებით. 

გვანცა, როდის ჩნდება მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ალბათ დაბადებიდან ჩნდება, უკვე წლებია, რაც ჩვენ განუყრელი მეგობრები ვართ. ძალიან პატარა ასაკში ერთი თითით ვაწყობდი ცნობილ მელოდიებს, მუსიკალური განვითარების ეტაპი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ანსამბლ მზიურში გავიარე, სადაც მე და საქსოფონი პირველად შევხვდით ერთმანეთს.

ორივე პატარები ვიყავით და ერთი ზომის, ასე დაიწყო ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა.

გვანცა გიგიბერია

როდის აქციეთ მუსიკა პროფესიად და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?

მთელი ბავშვობა სცენაზე მაქვს გატარებული, უამრავი კონცერტის შემდეგ, ზუსტად ვიცოდი სად უნდა გამეგრძელებინა სწავლა - კონსერვატორიაში, საფორტეპიანო ფაკულტეტზე. სწავლა დიდ დროს მოითხოვდა, ამიტომ დროებით საქსოფონთან მომიწია დამშვიდობება, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთმანეთს დავუბრუნდებოდით, რადგან ჩემი და საქსოფონის სიყვარული უკვე გაღვივებულიყო.

მალევე, ჩემი და საქსოფონის ტანდემი პროფესიად ვაქციე, რადგან შექმნილი კომპოზიციებით ადამიანებს დიდ ბედნიერებას ვანიჭებდი და დღემდე ვანიჭებ, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

უნიკალურია ადამიანის შესაძლებლობა და კავშირი ინსტრუმენტთან ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ ვსუნთქავთ და გვიყვარს ერთმანეთი. მუსიკის სიყვარული ერთია განსხვავება ინსტრუმენტებშია, საქსოფონიც გამორჩეულია თავის ჟღერადობით. 

რთულია თავი დაიმკვიდრო მუსიკალურ სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები სცენიდან დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება

საქსოფონისტი გვანცა გიგიბერია

რა გრძნობები გეუფლებათ საქსოფონზე დაკვრისას?

როდესაც მარტო ვრჩებით მე და ინსტრუმენტი და ნაწარმოების შესრულებას ვიწყებ, უჩვეულო შეგრძნება მეუფლება, რომელიც დასრულების უდიდეს ემოციად გარდაიქმნება. ერთადერთი, რაც ამ ემოციას შემიძლია შევადარო, მსმენელის წინაშე შესრულებაა, მუსიკა ისაა, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. 

რას ურჩევდით დამწყებ საქსოფონისტებს?

დამწყებ საქსოფონისტებს, პირველ ყოვლისა, დიდ ნებისყოფას ვუსურვებ, რადგან დიდ სირთულეებთან მოუწევთ შეჭიდება, საქსოფონი საათობით მეცადინეობას მოითხოვს, მაგრამ თუ ეს ნამდვილად ისაა, რაც მთელი გულით გსურთ, გირჩევთ ყოველი წუთი მას მოახმაროთ. შედეგი გაწეულ შრომად ნამდვილად ღირს.

თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამომავლო გეგმები...

დაახლოებით 1 წლის წინ, ჩემი პირველი ალბომი ჩავწერე X-studio-ში, ალბომი 12 სიმღერის ქავერ ვერსიას აერთიანებს და ის ჩემი უდიდესი მიღწევა და ახდენილი ოცნებაა. სამომავლოდ, უფრო კონკრეტულად კი გაზაფხულზე, კონცერტის ჩატარებას ვგეგმავ, რომელიც ძალიან მალე დაანონსდება.

ზევით