#კულტურა #მუსიკა

გიორგი მიქაძე Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორი გახდა

გაზიარება:

YAMAHA-ს ჯაზ არტისტი, ბერკლის მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებული და პირველი ქართველი, რომელმაც მანჰეტენის მუსიკის სკოლაში ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო - გიორგი მიქაძე კარიერაში ახალ მწვერვალებს იპყრობს და სულ მალე, Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორის მოვალეობას შეითავსებს.

სიახლეს ამის შესახებ, თავად გიორგი, სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებს და გვიმხელს, რომ ერთი სული აქვს ახალ სტუდენტებთან შეხვედრამდე.

სიტყვებით ვერ აღვწერ იმ აღფრთოვანებას, რომელსაც განვიცდი, სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს Berklee College of Music-ს ასოცირებული პროფესორის ამპლუაში ვუბრუნდები.

გიორგი მიქაძე ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი და მუს. ხმის რეჟისორია, რომელიც მუსიკალური სამყაროთი ღრმა ბავშვობაში, ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც ის პირველად მიუჯდა ფორტეპიანოს. გიორგიმ, ცხოვრების მოწოდებას ადრეულ ასაკში მიაგნო, მას იმდენად კარგად გამოსდიოდა დაკვრა, რომ უკვე 12 წლისა თბილისში კონცერტებში მონაწილეობდა.

14 წლის ასაკში გიორგი მიქაძემ კლასიკური მუსიკის შესწავლა დაიწყო და სწორედ ამ პერიოდში, მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა ჯაზის სახელით. გიორგი არა ერთი კლასიკური ფორტეპიანოს კონკურსის გამარჯვებული გახდა, მას მიღებული აქვს ათეულობით ჯილდო სხვადასხვა ქვეყანაში. ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის კონცერტები რადიოს მეშვეობით გადაიცემოდა ევროპაში, აზიასა და ამერიკაში.

გიორგი მიქაძე არა ერთი პრესტიჟული კოლეჯის სტიპენდიანტი გახდა, მათ შორის გახლავთ Festival-Institute, Berklee College of Music და Manhattan School of Music. ქართველმა მუსიკოსმა Berklee College of Music 2014 წელს დაამთავრა და მალევე Manhattan School of Music-ის მაგისტრის წოდებაც მოიპოვა. 2017 წლის ზაფხულში გიორგი ბერკლიში მიწვეული პროფესორის სტატუსით დაუბრუნდა კოლეჯს და სტუდენტებს 7 განსხვავებულ კურსს შეასწავლიდა. დღეიდან კი გიორგი მიქაძე Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორია და საყვარელი საქმის კეთებას ბერკლში განაგრძობს.

ზევით