#ფოტოამბავი

გიგლო ყარალაშვილის სტერეო ფოტოგრაფია „ქოლგა თბილისის“ ფოტოკვირეულზე

გაზიარება:

პირველი მოგზაური ფოტოგრაფი, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპული მოგზაურობიდან მნიშვნელოვანი მომენტები, ყოველდღიური ცხოვრების სტილი, კულტურა, თავშეყრის ადგილები და პირადი ისტორია თაობებს ვერასკოპით გადაღებულ კადრებზე შემოუნახა - ქართველი გენერლის, მომღერლისა და ფოტოგრაფის, გიგლო ყარალაშილის 1905 - 1913 წლებში შექმნილი სტერეო ფოტოგრაფიის უნიკალური ნამუშევრების ხილვა „ქოლგა თბილისის“ ფოტოკვირეულზე მსურველებს 20 ნოემბრამდე შეუძლიათ. 

სამხედრო მოხელე, რომლის ბუნებაც ბევრად ღრმა და სათუთი გახლდათ, ადამიანი, რომელსაც შესწევდა უნარი ოსტატურად გადმოეცა ფირზე მნიშვნელოვანი მოვლენები და წარმოსადგენი ადამიანები, ფოტოგრაფი, რომელმაც დიდი განძი დაუტოვა შთამომავლობას - გიგლო ყარალაშვილის ფოტოკოლექცია, რომელშიც 770 ნეგატივი და 60 პოზიტივი შედის, უდავოდ, წარმოადგენს იმ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

გიორგი (გიგლო) ყარალაშვილის შესახებ

გიორგი (გიგლო) ყარალაშვილი (1844-1924) — სამხედრო პირი, გენერალი, მომღერალი, ფოტოგრაფი, ართანელი თავადების ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. გიგლო ყარალაშვილი, სამხედროსთან ერთად, კულტურის მოღვაწეც გახლდათ: მღეროდა, უკრავდა თარზე და იღებდა ფოტოებს. სწორედ მასზე წერს ტიციან ტაბიძე თავის ლექსში „კახეთში“: „შილდაში მღერის დედას ლევანა და ართანაში — ყარალაშვილი“.

გენერალს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვაჟა-ფშაველასთან, ალექსანდრე ყაზბეგთან, ილია ჭავჭავაძესთან და საზოგადოების სხვა გამოჩენილ წევრებთან. ვაჟა-ფშაველას მისთვის ლექსიც აქვს მიძღვნილი: „ჩემს ძველისძველ ძმობილ თ. გიგლო ყარალაშვილს“ (1914 წელი).

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1923-24 წლებში მისი ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია და მალევე გარდაიცვალა.

1963 წელს გიგლო ყარალაშვილის ოჯახმა საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა სამხედრო ჩინოსნისა და კულტურის მოამაგის ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივი და 60 პოზიტივი შედის. ფოტოკოლექცია, ძირითადად, მოიცავს 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს.

გენერლის ობიექტივს აღუბეჭდავს, ასევე, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შეკრებები და სხვა. მისი ფოტოკოლექციის უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი გახლავთ სტერეო გამოსახულება, რაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მის მიერ გადაღებულ სრულიად შესანიშნავ კადრებს.

ზევით