#კინო

რაში იმალება გრეტა გარბოს მიმზიდველობის საიდუმლო?

გაზიარება:

არსებობენ მსახიობები, რომლებიც საზოგადოებისგან იმიჯნებიან, მათ თვალს სცილდებიან, თუმცა სამუდამოდ რჩებიან ლეგენდებად, რომლებმაც ოდესღაც კინოსამყარო შეაზანზარეს. 1941 წელს ოცდათექვსმეტი წლის ასაკში, შეიძლება ითქვას, რომ კარიერის ზენიტში მყოფმა მშვენიერმა გრეტა გარბომ საჯაროდ განაცხადა, რომ კარიერა დაასრულა და ეკრანებზე აღარასოდეს გამოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გრეტამ ამ განცხადების შემდეგ კიდევ ნახევარი საუკუნე იცოცხლა, მას პირობა არასდროს დაურღვევია.

მე-20 საუკუნის განუმეორებელმა ვარსკვლავმა, რომელიც ისე შეიჭრა მაყურებლის ქვეცნობიერში, როგორც სხვა ვერავინ, ერთ დღესაც მოულოდნელად განაცხადა, რომ სამსახიობო კარიერას წერტილს უსვამდა და ერთ-ერთ ფილმში წარმოთქმული ფრაზა: "მე მინდა ვიყო მარტო", თითქოს პირად იმიჯად იქცია.

მსახიობი, რომელიც ერთგვარი მიუწვდომელი ელეგანტურობის განსახიერებას წარმოადგენდა ეკრანებზე, მსახიობი, რომელიც ისე ატარებდა მდიდრულ კოსტიუმებს, თითქოს დაბადებიდან ასეთი ჩვევა ჰქონდა დაყოლილი - 1905 წლის 18 სექტემბერს, სტოკჰოლმის ღარიბ უბანში დაიბადა. გრეტას დედა პრაქტიკული, გონივრული, არადემონსტრაციული ქალი იყო; მამა კი არაკვალიფიციური, სიმპათიური მუშა, რომელსაც გარბო უბრალოდ აღმერთებდა. სამწუხაროდ, ყველაზე ძვირფასი მამა გრეტას ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. 14 წლის მომავალმა ვარსკვლავმა სწავლა მიატოვა და ოჯახის სარჩენად ჯერ სალონში, შემდეგ კი უნივერმაღში მუშაობდა.

სიმორცხვით და მარტოსულობით გამორჩეულ გრეტას ადრეული ასაკიდან სურდა მსახიობობა. ჯერ კიდევ პატარა გოგო იყო, როდესაც ქალაქში დაეხეტებოდა და თეატრებს ეძებდა, რათა თეატრის უკანა კარიდან გამომსვლელი მსახიობებისთვის მოეკრა თვალი და ამით აღფრთოვანებულიყო. პირველად გარბო კამერის წინ 15 წლის ასაკში აღმოჩნდა. მაშინ გრეტა უნივერმაღის სარეკლამო რგოლში გადაიღეს და ეს მისთვის იმდენად შთამაგონებელი მომენტი აღმოჩნდა, რომ მალევე მიატოვა სამსახური და სამსახიობო წრეზე ჩაეწერა.

კარიერის დასაწყისიდან მის მოულოდნელ დასასრულამდე, გრეტა გარბომ მხოლოდ 28 ფილმში მიიღო მონაწილეობა. კინოკრიტიკოსები და ბიოგრაფები იდუმალი გრეტას ცხოვრებას და სამსახიობო ნიჭს გამუდმებით უბრუნდებიან და ვერაფრით აუხსნიათ ის ფენომენი, რომელიც მისმა პერსონამ შექმნა. სამსახიობო კარიერის მოულოდნელი დასრულებით გრეტამ, თავის იმიჯს კიდევ უფრო მეტი მისტიურობა შემატა და მის თაყვანისმცემლებს ადრეც და ახლაც, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაუჩინა.

მაინც რაში მდგომარეობდა გრეტა გარბოს ფენომენი? - რთული მისიაა, თუმცა ვეცდებით ის მაინც ავხსნათ. პირველ ყოვლისა, ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო გრეტას სახე - ინტიმური, ემოციური და ცოტა ეროტიკულიც, რაც იმ დროისთვის, კინო სამყაროში ახალი ხილი იყო, რეჟისორები კი ის-ის იყო მსახიობის ახლო კადრზე ფოკუსირების ხელოვნებას ეუფლებოდნენ. 

გარბოს მშვენიერი სახე, მისი უზარმაზარი და ღრმა თვალები, რომლებიც სიყვარულსა და სინაზეს ასხივებდნენ და ხშირი წარბები, რომლებიც უთქმელ საიდუმლოს მალავდნენ იყო მოვლენა, რომელსაც ეთაყვანებოდნენ. როგორც როლანდ ბარტი წერს, გრეტა ეკუთვნოდა „კინოში იმ მომენტს, როდესაც მსახიობის შეშფოთებამ ბრბო უდიდეს აურზაურში ჩააგდო, სადაც მაყურებლები კარგავდნენ თავს გამოსახულებაში“.

გრეტა გარბო არ იყო მხოლოდ დახელოვნებული სამსახიობო შესრულების უმაღლესი კლასით, არამედ თანდაყოლილი ნიჭითაც გამოირჩეოდა, რომლის დახმარებითაც მაყურებელმა არასდროს იცოდა წინასწარ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ფილმის განმავლობაში. თუ ერთი ადამიანისთვის გარბოს სიყვარულით უნდა შეეხედა, მეორესთვის კი ეჭვის თვალით - ამას მის გამომეტყველებაზე ვერ დაინახავდით. მხოლოდ მის თვალებში ღრმად ჩახედვით შეგეძლოთ გაგერჩიათ მსახიობის დამოკიდებულება.

ზევით