#კინო

Don’t Look Up: ადამ მაკეის ამაღელვებელი აპოკალიფსური სატირა

გაზიარება:

ინფორმაციული, მხიარული, კარგად დაწერილი, ასევე კარგად შესრულებული და ცხადზე ცხადი გზავნილი საზოგადოებას - დღეს ადამ მაკეის ახალი ეკრანიზაციის Don’t Look Up-ის შესახებ მოგიყვებით.

გიგანტური კომეტა დედამიწისკენ მოემართება და კაცობრიობის ბედი საფრთხეშია. როგორ წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია აქვს მსოფლიოს ამ სიახლეზე? ალბათ, ყველა შიშისგან დაზაფრულია. თუმცა, ეს 1998 წელს გამოსულ Armageddon-ს უფრო შეესაბამება, რომლის გამოც ალბათ არა ერთხელ დაგვიღვრია ცრემლები. როდესაც დედამიწისკენ უზარმაზარი კომეტა მოემართებოდა და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო კომეტა კოსმოსშივე აეფეთქებინათ, გადაწყვეტილებები უმალვე მიიღეს და კოსმოსური მისიაც წარმატებით დასრულდა.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ბუნებრივიცაა, ორი ათწლეულის შემდეგ სამყარო შეიცვალა. თუმცა ყოფილა კი ის იმაზე შეშლილი ვიდრე დღეს არის? ამის შესახებ ადამ მაკეის ახალი ეკრანიზაცია, Don’t Look Up გვიამბობს. ფილმი ქეით დიბიასკის, რომლის როლსაც ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს, მიჩიგანის უნივერსიტეტის ასტრონომიის დოქტორის აღმოჩენით იწყება: კომეტა პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება. ქეითი აღმოჩენას პროფესორ რენდალ მინდის უზიარებს (ლეონარდო დიკაპრიო), რომელიც ქეითის ვარაუდს ადასტურებს და შემაშფოთებელი ჭეშმარიტების წინაშე თავადაც აღმოჩნდება. 

ბუნებრივია, პირველი რასაც ქეითი და რენდალი აკეთებენ, ამ ინფორმაციის საჭირო ადამიანებისთვის გაზიარებაა, მაგრამ უკუკავშირი იმდენად მოულოდნელი და წარმოუდგენელია, რომ მაყურებელი სწორედ ამ წუთიდან აცნობიერებს, საქმე დიდ სატირასთან აქვს.

აპოკალიფსი გარდაუვალია, ის დედამიწას 99.78%-ით დაატყდება თავს და საჭიროა სწრაფი და ეფექტური სამზადისის დაუყოვნებლივ დაწყება. მიუხედავად ამისა, მომდევნო 2 საათის განმავლობაში მაყურებელი მსგავსს ვერაფერს ვერ ხედავს. ქეითისა და რენდალის გარშემო ყველა უჩვეულო პოზიტივით არის აღსავსე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომლის როლშიც მერილ სტრიპი გვევლინება. და ვინ თუ არა დილის გადაცემის წამყვანები და მათი შემაშფოთებელი ინფანტილურობა საკითხის მიმართ ხდება ყველაზე გამაოგნებელი და იმავდროულად აღმაშფოთებელი, საკითხის, რომელიც კაცობრიობის არსებობის ბედს წყვეტს, ეკრანებზე გამოჩენილი ქეით ბლანშეტისთვის და ტაილერ პერისთვის კი ეს თემა უბრალოდ მეორე ხარისხოვანია.

ვარსკვლავური შემადგენლობის და მათი ასევე ვარსკვლავური შესრულების მიუხედავად, Don’t Look Up-მა კინოკრიტიკოსთა საკმაოდ დაბალი შეფასებები დაიმსახურა. ლეონარდო დიკაპრიოს ბრწყინვალე შესრულება შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს, იმავეს თქმა შეიძლება ჯენიფერ ლოურენსზეც. ფილმის მეტაფორაც ცხადი და გასაგებია. ის მსოფლიოს გლობალური კრიზისის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენებს და ამცნობს იმ ფატალურ შედეგებს, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას. მერე რა, თუ კატასტროფის ზუსტი თარიღი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. მისი გარდაუვალობის შესახებ ხომ ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს. თუმცა, რეალობა ერთია - საზოგადოება ჩვენ გარშემო, საზოგადოება მსოფლიოში ერთიანად ინფანტილურია და ამ ინფანტილურობის წინააღმდეგ მექანიზმი ჯერაც ვერ აღმოგვიჩენია.

ზევით