#ლიტერატურა

ყველასთვის და ყველაფერზე: ნორა იკსტენას „დედის რძე“

გაზიარება:

წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც აღარასოდეს ვართ ისეთები, როგორებიც უწინ, წიგნები, რომლებიც მკითხველზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ, ყოველთვის იმსახურებენ სათანადო ყურადღებას და დაფასებას, დღეს The Diary-ს რედაქციის რჩეული წიგნი უნდა გაგაცნოთ, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ 2018 წელს გამოსცა ქართულ ენაზე.

რა საშინელია, როცა გაშორებენ რაიმე ესოდენ ბუნებრივს, ამაღლებულსა და მშვენიერს, რომელიც ასეული წლის განმავლობაში ხოტბით არის შემკობილი.

გაიცანით, თანამედროვე ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას სულის შემძვრელი რომანი „დედის რძე“, რომელშიც ორი ქალის ამბავი, ორი განსხვავებული ხედვისა და სიცოცხლის ისტორიაა მოთხრობილი. წიგნს ორი მთავარი გმირი ჰყავს - დედა და შვილი, მათი ამბები სრულფასოვან, დამოუკიდებელ ხაზებად მიედინება და მკითხველს კითხვის პროცესში ყოველთვის უტოვებს განცდას, რომ დედა, რომელმაც შვილის გამოკვებაზეც კი უარი თქვა, აუცილებლად გადაიკვეთება შვილთან.

ყიდვა

დიახ, ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრები დედა ახალშობილის გამოკვებაზე უარს აცხადებს; ეს ნორა იკსტენას რომანის სიმბოლიზმის ამომავალი წერტილია, დედა, რომელიც მილიონობით ქალის განზოგადებული სახეა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის კლანჭებში დაბადებისა და მარწუხებში ცხოვრების ბედი ხვდათ წილად, ცდილობს საკუთარი ისტორია, მის გარშემო არსებული ტოქსიკურობა და უიმედობა არავითარ შემთხვევაში არ გადასცეს შვილს დედის რძით, მეორე მხრივ კი შვილი მთელი ცხოვრება მოწყურებულია იმ ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას, რასაც დედა-შვილობა ჰქვია.

ჩვენ განწირულები ვიყავით, მსოფლიოსგან მოწყვეტილები,  მაღალი ღობით შემოსაზღვრულები, რომელსაც ეკლიანი მავთულები და მებრძოლი ძაღლები იცავდნენ. განწირულები, რაღაც ძილ-ბურანში მყოფნი, და ამისთვის ცხოვრება უნდა დაგვერქმია. 

ნორა იკსტენას „დედის რძე“ სევდიანი და ამაღელვებელი, ლამაზი და მტკივნეული წიგნია, რომელსაც მწერლის მომნუსხველი თხრობის მანერა, ნარატივები და ის თემები გამოარჩევს, რომლებიც ადგილ-ადგილ გაშლილია წიგნში და რომლებსაც თავად ჰყავთ თანმდევი პერსონაჟები, გმირები, რომლებიც დედა-შვილური ურთიერთობის მიღმა აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა მათსავით არიან მარწუხებში მოქცეული.

თუ ემოციებით სავსე, ტაბუდადებული თემებითა და ურთიერთობებით გაჯერებულ წიგნს ეძებთ, რომელიც შორეული ლატვიის მდინარეებში გადაგისვრით და მის პერსონაჟებთან ერთად ტოტალიტარული რეჟიმისა და პატრიარქალური სისტემის სიმწარეებზე გიამბობთ, მაშინ ნორა იკსტენას „დედის რძესთან“ ერთად წინ დიდი მოგზაურობა გელით.

ზევით