#ლიტერატურა

წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში განახლდა

გაზიარება:

30 მარტს, თიბისი კონცეპტის და საბას თანამშრომლობის ფარგლებში, წიგნის კლუბის შეხვედრების განახლებული სერია იწყება.

შეხვედრებს პოეტი და დრამატურგი ალექსანდრე ლორთქიფანიძე უმასპინძლებს, რომელიც მიწვეულ სპიკერებთან ერთად შეეცდება კლასიკური და პოსტ-მოდერნისტული ლიტერატურის ნაშრომების მთავარი თემების განხილვასა და დიკუსიის წარმართვას.

30 მარტი, 19:00 საათი

წიგნის კლუბი მარჯანიშვილზე: იოზიფ როთის „რადეცკის მარში“

წიგნის შესახებ: „რადეცკის მარში“ ებრაული წარმოშობის ცნობილი ავსტრიელი მწერლის იოზეფ როთის მაგნუმ ოპუსია, რომელშიც ტროტას ოჯახის რამდენიმე თაობის ისტორიაა მოთხრობილი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული და მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე, ერთი ოჯახის ფონზე, ავსტრიისა და სრულიად ევროპის თავგადასავალი ცოცხლდება, იცვლებიან თაობები და იცვლება დამოკიდებულებები, მაგრამ მთელ ეპოქას ლაიტმოტივად გასდევს კონფლიქტები და ქარტეხილები, რომელთა წიაღშიც ახალი წესრიგი იბადება.

შეხვედრის მთავარი თემები:

• ოჯახი, როგორც ისტორიის სარკე და განსხვავებები, ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობებს შორის.

• მე-19 საუკუნის კონფლიქტებიდან პირველ მსოფლიო ომამდე და შემდეგ.. გამოცდილება, რომელიც დავიწყებულია.

6 აპრილი, 19:00
წიგნის კლუბი: თომას მანის „დოქტორი ფაუსტუსი“

წიგნის შესახებ: მწერალს ფაუსტური პრობლემატიკა მეოცე საუკუნის სინამდვილეში გადმოაქვს და პაროდიის გამჭვირვალე საბურველში განიხილავს, პარალელს ავლებს ეშმაკთან შეკრული დიდი ხელოვანის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებასა და მაღალკულტურული, მაგრამ ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომში ჩათრეული გერმანელი ხალხის ხვედრს შორის.

შეხვედრის მთავარი თემები:

• ხელოვნება, როგორც საშუალება თუ ხელოვნება, როგორც მიზანი.

• როგორ რეფლექსირებს კულტურა პროცესებზე.

• ახალი ფაუსტის ჩამოყალიბება, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ნაციზმის გარიჟრაჟზე.

13 აპრილი, 19:00
წიგნის კლუბი მარჯანიშვილზე: უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“

წიგნის შესახებ: რომანი კუნძულზე გარიყული ბავშვების შესახებ, რომლებიც უკაცრიელ გარემოში საკუთარ წესრიგსა და სამყაროს აშენებენ, ერთგვარ ანარეკლს იმისა, რაც მათ რეალობას წარმოადგენდა. გოლდინგი დაუნდობლად აშიშვლებს ადამიანის ბუნებას და მის ცხოველურ მისწრაფებებს, თანაც აკეთებს ამას ბავშვების, ყველაზე დაუცველი ჯგუფის, ფონზე. რომანი ერთი მხრივ პესიმისტურია, რადგან კუნძულზე მოვლენები შეუქცევადად ვითარდება და უფსკრულისკენ მიაქანებს ადამიანურობის იდეას, მეორე მხრივ კი გამაფრთხილებელია, რადგან ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ძალადობრივი გარემო და სისასტიკე ბავშვების ფსიქიკაზე .

შეხვედრის შესახებ: ალექსანდრე ლორთქიფანიძე და მაია ცირამუა, წიგნის კლუბის სტუმრებთან ერთად, არაერთ კითვას გასცემენ პასუხს.

• რა არის ძალადობა? მოცემულობა თუ შეძენილი თვისება.

• როგორ მოქმედებს ომი და ძალადობა ბავშვებზე, რომელთა ფსიქიკაც სწორედ ამ პირობებში ყალიბდება.

შეხვედრამდე, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ გამოიტანონ კლუბის რჩეული წიგნები თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკიდან ან ისარგებლონ ბიბლიოთეკაში არსებული პლანშეტებით.

დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge -ზე.

ზევით