ანი ფალავანდიშვილი: „ყველაზე საპასუხისმგებლო ქართველი მსმენელის წინაშე დაკვრაა“

ანი ფალავანდიშვილი ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი და ქარიზმატული ქართველი პიანისტია, რომელთან შეხვედრის და კოლაბორაციის საშუალება MARKETINGHUB-ისა და THEDIARY-ს საშემოდგომო წვეულებაზე მოგვეცა. ანიმ თავისი მომაჯადოებელი მუხტით მარტივად მოახერხა ჩვენი სტუმრების დატყვევება, დარბაზში არა ერთხელ მოგვესმა კითხვა: ვინ არის ეს გოგო? რასაკვირველია, ყველას მოვახსენეთ, რომ ფორტეპიანოსთან ანი ფალავანდიშვილი იჯდა, რომლის შესახებად THEDIARY-ს პლატფორმიდან სულ მალე ვუამბობდით და დღეს სწორედ ამ პირობას ვასრულებთ.

პირადი ისტორია

მე ვარ ანი ფალავანდიშვილი პიანისტი და მუსიკოსი. ჩემი საქმიანობა ბავშვობიდან მუსიკას უკავშირდება. მახსოვს პატარა ვიყავი სულ რაღაც 8 წლის, როდესაც დედამ სამუსიკო სკოლაში შემიყვანა და ამის შემდეგ უფრო და უფრო დიდი ბმა ჩნდებოდა ჩემსა და მუსიკას შორის. ბავშვობიდან იყო ძალიან ბევრი კონკურსი, კონცერტი, ბევრი საპასუხისმგებლო გამოსვლა, რამაც ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია გამიჩინა. ვიზრდებოდი და ვხვდებოდი, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდებოდა, ჩემი შემადგენელი ნაწილი.

კონსერვატორიაში წარმატებით ჩაბარების შემდეგ ჩემი ცხოვრება სრულიად ჩემს პროფესიას დაუკავშირდა. წარმატებული სწავლისთვის არაერთხელ გავმხდარვარ კონსერვატორიის, კულტურის სამინისტროს და მერიის სტიპენდიანტი. ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ ჩემი თავის წარმოჩენა. მაქვს ჩატარებული კონცერტები იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ამერიკაში,

თუმცა გამოგიტყდებით, ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც ქართველი მსმენელის წინაშე დაკვრა იყო.

პროფესია, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

რაც დრო გადის უფრო მეტად ვხვდები, რომ ძალიან რთულ და საინტერესო პროფესიას შევეჭიდე, პროფესიას რომელიც არც ერთი წამით არ გაძლევს იმის საშუალებას რომ მოდუნდე, რომ არ იყო მართალი შენს თავთან და მუსიკასთან. ეს არის პროფესია რომელიც ჩემთვის საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვის საშუალებაა.

მასწავლებლის ამპლუა

მაგისტრატურაზე სწავლის დროს გადავწყვიტე მეცადა ჩემი თავი მასწავლებლის ამპლუაში. ამ წლების მანძილზე ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, გავხდი “უფროსი მასწავლებელი”. ამ ეტაპზე ვასწავლი საერთაშორისო აკადემია “ლოგოსში” და კლასიკური მუსიკის აკადემიაში ასევე მყავს კერძო მოსწავლეები. მაქვს კონცერტები, ასევე ძალიან ხშირად ვუკრავ კორპორაციულ თუ სალონურ საღამოებზე. 

ძალიან მიყვარს როდესაც ჩემი პროფესიით ჩემს თავს და გარშემო მყოფებს სიამოვნებას ვანიჭებ, ასევე ძალიან მიხარია როდესაც ჩემს ცოდნას და გამოცდილებას ჩემს მოსწავლეებს და გარშემო მყოფებს ვუზიარებ. მგონია, რომ მუსიკის დანიშნულებაც სწორედ ეს არის.

პიანისტი ანი ფალავანდიშვილი

სამომავლო მიზნები

ჩემი მომავალი რა თქმა უნდა, ჩემს პროფესიას უკავშირდება, შემოქმედებით განვითარებას და ახალ , მაღალ საფეხურზე ასვლას. მაქვს ძალიან ბევრი გეგმა და სურვილი კლასიკური და ზოგადად მუსიკის პოპულარიზაციის კუთხით.

ზევით