#კინო

2023 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები და მნიშვნელოვანი მომენტები ცერემონიიდან

გაზიარება:

„ოქროს გლობუსი“ გასულ ღამეს, საიუბილეო მე-80 დაჯილდოების ცერემონიით დაგვიბრუნდა. ცერემონია კომიკოსმა ჯეროდ კარმაიკლმა მონოლოგის ხისტი ხუმრობებით გახსნა. „მე აქ იმიტომ ვარ რომ შავკანიანი ვარ“, განაცხადა საღამოს წამყვანმა და დარბაზში მსხდომებს და მაყურებლებს შეახსენა მიზეზი, რის გამოც 2022 წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია NBC-ის ეთერში არ გადაიცა. 

„მე მომიწვიეს, რათა თეთრი ორგანიზაციის შავი სახე ვყოფილიყავი“ - დასძინა ჯეროდმა და ისიც აღნიშნა, რომ ამ მოვალეობას დათანხმდა, რადგან სურდა იმ ადამიანებთან ერთად ყოფილიყო ოთახში, რომლებიც აღაფრთოვანებენ.

„ეს ინდუსტრია იმსახურებს ასეთ ღამეებს“ და დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიაც დაიწყო! 

კომედიაში ან მიუზიკლში, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, Everything Everywhere All at Once-ში შესრულებული როლისთვის გამარჯვება მიშელ იეომ მოიპოვა. ამაღელვებენ სიტყვით გამოსვლაში მსახიობმა საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფილმი და ჯილდო მას საუკეთესო დროს მოევლინა.

„შარშან 60 წლის გავხდი და ვფიქრობ, ყველა ქალი გამიგებს რასაც ვიტყვი, რაც დრო გადის, დღეები, წლები, ციფრები იზრდება, შესაძლებლობები კი მასთან ერთად მცირდება. მაგრამ სწორედ მაშინ, ყველაზე მოულოდნელ დროს მოვიდა გრანდიოზული საჩუქარი Everything, Everywhere All at Once“ - განაცხადა მიშელმა.

მიშელ იეო მეორე აზიელი მსახიობია, რომელმაც ამ კატეგორიაში გაიმარჯვა. პირველი აკვაფინა გახლდათ 2020 წელს, ფილმით The Farewell.

ოსტინ ბატლერი ელვისის ეკრანზე გაცოცხლებისთვის ჯილდოების მიღებას აგრძელებს. მსახიობმა ოქროს გლობუსის ჯილდო დრამატულ ფილმში, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში მოიპოვა.

სტივენ სპილბერგი გასულ საღამოს სახლში რიგით მე-3 ოქროს გლობუსის ჯილდოთი დაბრუნდა. მე-20 ნომინაცია რეჟისორისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, ფილმისთვის The Fabelmans, სპილბერგმა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა.

თუ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა, გასული ღამის შემდეგ, ჯენიფერ კულიჯი მეზობლების წვეულებაზე უდავოდ მიპატიჟებული იქნება. მსახიობმა The White Lotus-ში შესრულებული ტანიას როლისთვის, პირველი ოქროს გლობუსის ჯილდო მოიპოვა. ბუნებრივია, ჯენიფერის სამადლობელი სიტყვა ხუმრობებით იყო დახუნძლილი: „ჩემი მეზობლები მელაპარალებიან, არასდროს ვყოფილვარ წვეულებაზე მიპატიჟებული, ახლა კი ყველას სურს ჩემი მისვლა“, მსახიობმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეჟისორ მაიკ უაითს: „მიუხეავად იმისა, რომ მომკალი (მე-2 სეზონის ბოლოს), შენ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალე“.

ვის წარმოედგინა, რომ ევან პიტერსი სახლში ჯილდოს გარეშე დაბრუნდებოდა? ჩვენ ნამდვილად არა, მსახიობმა Dahmer – Monster: The Jeffrey Dahmer Story-ში, სერიული მკვლელის ჯეფრი დამერის როლის შესრულებისთვის, ოქროს გლობუსის პირველი ნომინაცია და მასთან ერთად პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

House of the Dragon-ის აღიარების დროს დადგა, საუკეთესო დრამატული სერიალისთვის ჯილდო, სერიალის აღმასრულებელმა პროდიუსერმა მიგელ საპოჩნიკმა მიიღო, მასთან ერთად სცენაზე რენერას როლის შემსრულებლები: ემა დარსი და მილი ალკოკი იმყოფებოდნენ.

საღამოს ფინალური ჯილდოს მისაღებად კი სცენას სტივენ პილბერგი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულად The Fabelmans მოგვევლინა. ებრაული ოჯახის დოკუმენტური თხრობის ნარატივმა, რომელიც რეჟისორის ავტობიოგრაფიასაც მოგვაგონებს, კუთვნილი აღიარება მოიპოვა.

ზევით