„მხოლოდ ახლა მესმის ჩემი დიდი ბებიის სიტყვები, ომი რომ არ ყოფილიყო“

ავტორი: ვიქტორია ვასილენკო

 

მე მქვია ვიქტორია ვასილენკო, ვარ 31 წლის. 2014 წელს დონეცკის ოლქის პატარა ქალაქიდან კიევში გადავედი საცხოვრებლად. როგორც ახლა ვხვდები, მშვენიერი ცხოვრება მქონდა, ვოცნებობდი, ჩემი ოცნებები ნელ-ნელა რეალური ხდებოდა. მქონდა საინტერესო სამუშაო, მყუდრო ბინა, საყვარელი ფრანგული ბულდოგი, გეგმები და ოცნებები 2022 წლის დაუვიწყარი ზაფხულისთვის, ბილეთი Imagine Dragons-ის კონცერტზე კიევში და მოგზაურობა ზღვისპირეთში სექტემბრისთვის, თუმცა...

კარგად მახსოვს, 23 თებერვალს საღამოს როგორ ვნახე ჩემი მეგობარი და ვისაუბრეთ, რომ ომი ნებისმიერ დღეს დაიწყებოდა, მაგრამ ზუსტად ვერავინ იტყოდა როდის.

საუბრის შემდეგ სახლში დავბრუნდი, საბუთები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები ზურგჩანთაში ჩავალაგე და დაძინება ვცადე. დილის 3 საათზე გამეღვიძა, ჩემი ძაღლი საშინლად ყეფდა, ტელეგრამაზე ახალი ამბების წასაკითხად შევედი და ვიდეო ვნახე, სადაც პუტინი სპეცოპერაციის დაწყებაზე საუბრობდა...

დილის 5 საათზე აფეთქებების ხმა გავიგონე, კიევის ცენტრში ვცხოვრობ და მართალია, ისინი შორს იყო ჩემი სახლიდან, 2014 წელს გადატანილი საშინელი დღეები კარგად მახსოვდა... დედას და ძმას დავურეკე, ისინი დონეცკის რაიონში DPR-ის საზღვართან ცხოვრობენ, აფეთქებები მათთანაც ისმოდა, ჩემმა მეგობარმა ოდესაში კი დაინახა როგორ გადაუფრინა რაკეტამ მის საცხოვრებელ სახლს.

მახსოვს ფრაზა, რომელიც მეგობარს მივწერე: „როგორც ჩანს, ყველაფერი დაიწყო“. ვერ აღვწერ იმ შიშს, რასაც განვიცდიდი, ასე არასდროს შემშინებია ცხოვრებაში, არ ვიცოდი რა მექნა და სად გავქცეულიყავი. პირველი საათი მხოლოდ სადარბაზოში ვიჯექი ძაღლით და ზურგჩანთით ხელში, ვუყურებდი როგორ გამორბოდნენ ყველა ბინიდან. ვიღაც ბანკომატთან მირბოდა ფულის გამოსატანად, ვიღაც სასურსათო მაღაზიაში მიდიოდა, ვიღაც კი ბომბების თავშესაფარში... დილის 7 საათზე ბინაში დავბრუნდი, ისევ ისეთი შეშინებული, გამუდმებით ახალ ამბებს ვათვალიერებდი ტელეგრამზე, მშობლებს ვურეკავდი და რაღაც ამოუხსნელის მოლოდინში ვიყავი.

მრცხვენია რომ ასე ძალიან შემეშინდა, იმდენად, რომ შიშისგან ღებინების შეგრძნებაც კი მქონდა, ვერ ვმოძრაობდი, იმ დღეს დერეფანში ჩამეძინა...

25 თებერვალს დილის 6 საათზე სირენების ხმაზე გამომეღვიძა, პირველ დღეს მათი ხმა საერთოდ არ მესმოდა. სახლიდან ძაღლის გასასეირნებლად გავედი და ქუჩაში უდიდესი საცობი დავინახე, ხალხის პანიკას ბოლო არ უჩანდა, ყველა სურსათის შეძენას და თანხის განაღდებას ცდილობდა, მაშინ გავაცნობიერე, რომ მთელი 1 დღე არაფერი მქონდა ნაჭამი, ღებინების შეგრძნება კი არ მშორდებოდა.

ამავე დღეს მეგობარმა დამირეკა და კიევის მახლობლად სოფელში წასვლა შემომთავაზა, მითხრა, რომ იქ სიმშვიდე იქნებოდა. ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი, სახლში ყოველ წუთს ხომ იმის შიშში ვატარებდი, რომ ჭურვი ახლა ან ახლა დამეცემოდა.

სოფელში მეგობრების გარემოცვაში შიში თითქოს სადღაც დროებით გაქრა, თუმცა როდესაც აფეთქებების ხმამ ჩვენამდე მოაღწია, მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინა დაგვეტოვებინა. ზუსტად ვიცოდით, რომ საქართველოში გვინდოდა ჩამოსვლა. საერთო ჯამში, 14 დღის განმავლობაში 5 ქვეყნის საზღვარი გადავკვეთეთ, სანამ საბოლოოდ ბათუმში აღმოვჩნდებოდით.

საქართველოში მეგობრებთან ერთად ჩამოვედი, რომლებიც ომის პირველ დღეს შემთხვევით გავიცანი. ისინი მეგობრები აღარ არიან, ჩემი ახალი ოჯახია, დიდ გზას ორი ძაღლითა და ორი ბავშვით დავადექით, ღამეებს მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სასტუმროებში ვათენებდით, ყოველი საუბარი ომით იწყებოდა და ახლა ისე გვესმოდა ჩვენი ბებია-ბაბუის ტკივილიანი ისტორიების, როგორც არასდროს.

ყოველდღე გული ჩემი მშობლების და ძმისთვის მიცემს, რომლებმაც უარი განაცხადეს მშობლიური ქვეყნის და სახლის დატოვებაზე. სულ ერთი და იგივე საშინელი ფიქრი მიტრიალებს თავში, იქნებ ეს ახალი წელი უკანასკნელი იყო, რომელიც ოჯახმა ერთად აღვნიშნეთ...

ომამდე წარმოუდგენელი შოპაჰოლიკი ვიყავი, მიყვარს ლამაზი ნივთები, კოსმეტიკა, სუნამოები და კიდევ უფრო მიყვარს სპორტული ფეხსაცმელი. 24 თებერვალს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საერთოდ არ მჭირდებოდა, ავიღე მხოლოდ ჯინსები, სპორტულები, მაისური და მაკრატელი, რადგან მე ჯერ კიდევ ვოცნებობ სწავლის დამთავრებაზე, ვოცნებობ გავხდე თმის სტილისტი.

ვიქტორიას სამუშაო სივრცე ბათუმში @kolorista_beautyspace

საქართველოში სამსახური მარტივად ვიპოვე, ერთ-ერთ სალონში თმას ვჭრი და ჩემს მიზნებს ვახორციელებ. როგორი კარგიც არ უნდა იყოს აქ, რა თქმა უნდა, ყოველდღე ჩემს კომფორტულ ბინაში დაბრუნებაზე ვოცნებობ, ვოცნებობ ომის დასრულებაზე და მშვიდ ცხოვრებაზე, ოჯახთან ერთად დიდი სადღესასწაულო მაგიდის გარშემო შემოსხდომაზეც ვოცნებობ.

და მხოლოდ ახლა მესმის ჩემი დიდი ბებიის სიტყვები, ომი რომ არ ყოფილიყო...


The Diary ომის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს კი პლატფორმას და პრექტ GOGO!-ს იმ უკრაინელ გოგოებსა და ქალებს ვუთმობთ, ვინც ომს გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა. ვიქტორია ვასილენკო დამწყები თმის სტილისტია კიევიდან, რომელიც ამჟამად ბათუმში @kolorista_beautyspace-ში მუშაობს. ვიქტორიასთან დაკონტაქტებას მისი Instagram გვერდის მეშვეობით შეძლებთ.

ზევით