#GOGO!

ირინა სიროტა: „ომი არ არის ცარიელი სიტყვა ჩვენი ქვეყნებისთვის“

გაზიარება:

The Diary ომის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს კი პლატფორმას და პროექტ GOGO!-ს უკრაინელ გოგოებსა და ქალებს ვუთმობთ. დღევანდელი დღის GOGO! ირინა სიროტაა, ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელმაც საქართველოში ცხოვრების გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო და მეუღლესთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო. დღეს, ირინა წარმატებული ფიტნეს ტრენერია @worldclassgeorgia-ში, მეუღლესთან ერთად ვაჟს ზრდის და ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც თამამად შეიძენს ბილეთებს და მშობლიურ უკრაინაში საყვარელი ადამიანების მოსანახულებლად გადაფრინდება...

მე, ირინა სიროტა

საქართველოში საცხოვრებლად 2017 წელს გადმოვედი. ამის საბაბი ჩემი ქართველი ქმარი გახდა. აქ დავეუფლე პროფესიას, ყველა საბაზისო მომზადება გავიარე და ოფიციალურად დავსაქმდი ფიტნეს ინსტრუქტორად.

მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი კიევში გავიცანით, იმ დროს ორივე იქ ვცხოვრობდით და უნივერსიტეტში ვსწავლობდით. ზამთრის ერთ საღამოს კარაოკეში საერთო მეგობრების გარემოცვაში აღმოვჩნდით. მაშინვე არ მოგვწონებია ერთმანეთი, როგორც ხშირად ხდება, ის ძალიან თავდაჯერებულად იქცეოდა, ქართველივით. ნელ-ნელა ჩვენ შორის სიმპათია გაჩნდა და გადავწყვიტეთ მიგვეცა შანსი ამ ურთიერთობისთვის, მიუხედავად იმისა. რომ გარემოებები ჩვენ წინააღმდეგ იყო.

ომი

იმ პერიოდში დაიწყო მეიდანი, უმძიმესი პერიოდი, ჩვენ პირველად შევეჯახეთ ასეთ ტკივილს. ომი არ არის ცარიელი სიტყვა არც ჩვენი ურთიერთობებისთვის და არც ჩვენი ქვეყნებისთვის. ახლა უკრაინა ომშია ჩაბმული, ჯერ კიდევ ძნელია იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი მართლაც ხდება და თანაც ამხელა მასშტაბით.

5 წელია ვცხოვრობ ორ ქვეყანაში, რომლებიც ძალიან მიყვარს. დასვენება, სითბო და ულევი სიყვარული, ორივე მათგანში ბლომად მომეპოვება. 

მშობლიური სახლი

ჩემი ოჯახი ახლა კიევშია, ქალაქის ცენტრში გადავიდნენ, სახლის დატოვება მოუწიათ, რადგან იქ ომია. მართალია სახლი ამ დროის მონაცემებით მთელია, მაგრამ ვიცი, რომ უკვე „შევიდნენ“ რუსები და ნივთებიც წაიღეს, თუმცა საბედნიეროს სახლი შენარჩუნებულია.

თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ახლა გაყოფილია ომამდე და მის შემდეგ, ამ ომმა ბევრ რამეზე გაგვახელინა თვალი და ყველამ მეტად დავაფასეთ ის, რაც ოდესღაც ჩვეულებრივ რამედ გვეჩვენებოდა. 

თანადგომა

ქართველი ხალხის თანადგომა ჩემთვის ღია ჭრილობების წამალია, მთელ ქალაქში უკრაინის დროშების დანახვისას ცრემლებს ძლივს ვიკავებ, ვამაყობ ჩვენი ერებით, მათი უნარით იბრძოლონ და იცხოვრონ თავისუფლად. ჩემი ოცნებაა ერთ დილასაც გავიღვიძო და გავიგო, რომ გავიმარჯვეთ, რომ ყველაფერი დასრულდა და მტერმა დატოვა ჩვენი მიწები.

დაველოდები დღეს, როდესაც შემეძლება თვითმფრინავის ბილეთის აღება და ახლობლებთან გაფრენა.

ზევით