Entrepreneurship & Friendship

გაზიარება:

ფოტოგრაფი და ფსიქოლოგი დაძმობილდნენ და ერთად გაუდგნენ ანტრეპრენერების გზას. გოგოები საქმიანობის სხვადასხვა სფეროდან, უფრო დიდი ხნით ადრე, ღრმა ბავშვობაში დამეგობრდნენ, მაგრამ მეგობრობამ ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ისინი ბიზნეს პარტნიორები არიან. და ვინ თქვა, რომ ბიზნესი მეგობართან ერთად არ უნდა აკეთო? ეს სტერეოტიპული გამონათქვამი ხშირად გვსმენია, თუმცა, The Diary-ს სწორედ ასეთი, ანტისტერეოტიპული გოგოები უყვარს და დიდი სიამოვნებით უთმობს მათ საკუთარ პლატფორმას.

როგორ და როდის მოგივიდათ იდეა შეგექმნათ ფერად-ფერადი „ბომბები“?

ანა: იდეა, ევროპაში ცხოვრების ჩემს გამოცდილებას უკავშირდება. ბარსელონაში ცხოვრებისას „ლაშის” და სხვა მსგავსი პროდუქციის მაღაზიებს ისტერიულად ვსტუმრობდი. იმ დროისთვის, თბილისში ორგანული კოსმეტიკის დიდი არჩევანი არ იყო. მოკლედ, ბარსელონიდან დაბრუნებული, სულ ბომბებსა და საპნებზე ვესაუბრებოდი ბავშვობის მეგობარსა და აწ უკვე ბიზნეს პარტნიორს, ირინას. ერთხელ, ირინამ ხუმრობით მითხრა, მოდი გავაკეთოთ და გავყიდოთო და აი ასე, ხუმრობით დავიწყეთ პირველი ტესტების გაკეთება.

ანა, საინტერესო და სახასიათო ფოტოგრაფი, ირინა კი, პროფესიით  ფსიქოლოგი ხართ, როგორ ტრანსფორმირდით ანტრეპრენერებად?  

ანა: ადამიანთა უმეტესობა ფოტოგრაფად მიცნობს, თუმცა პროფესიით მარკეტერი და ფსიქოლოგი ვარ და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი, რაც კი რამ აქამდე მისწავლია, აბსოლუტურად ყველაფერი, როგორც ანტრეპრენერს ძალიან გამომადგა. თუმცა, საკუთარი ბიზნესის კეთებაში ისეთ რაღაცებს ხვდები და სწავლობ ყოველდღიურად, რისთვისაც მზად ვერასდროს იქნები და მართლაც რომ, უდიდესი გამოცდილება გიგროვდება მოკლე სამუშაო პერიოდში.

მარცხნიდან მარჯვნივ: ანა და ირინა

ირინა: განათლებით ფსიქოლოგს, არასდროს მიფიქრია საკუთარ ბიზნესზე, თუმცა იდეით იმდენად ავენთეთ მეც და ანაც, რომ მალევე გადავეშვით საინტერესო ექსპერიმენტებში. გზა და გზა უამრავი რამ ვისწავლეთ და ამ საქმის მიმართ ჩამოგვიყალიბდა ძალიან წმინდა და ერთგული დამოკიდებულება. გადავწყვიტეთ, რომ ყოველთვის გულწრფელები ვყოფილიყავით მომხმარებლის მიმართ, ხოლო პროდუქტის შექმნისას ჩვენი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების ერთგულ დამცველებად დავრჩენილიყავით. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ბრენდის თანადამფუძნებელი, როგორიც „ეიფორიაა“.

რა გეგმები აქვს ბრენდს, აპირებთ  თუ არა რომ ბრენდი განავითაროთ, საერთაშორისო ბაზარზე ხომ არ აპირებთ გასვლას??

დღევანდელ სტრესულ გარემოში ადამიანისთვის განწყობის ამაღლება, სულ მცირე ბედნიერების მინიჭებაც კი მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი იმ საშუალებების შექმნაა, რომელიც სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან ერთად, მომხმარებელს განტვირთვის და სტრესული გარემოდან მოწყვეტის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი ყველა გეგმა და სურვილი ამ კონცეფციის ირგვლივ ტრიალებს. 2021 წელს საკმაოდ დიდი ცვლილებები გვაქვს, როგორც ბრენდის ასორტიმენტში, ისე საკომუნიკაციო სტრატეგიაში. ვაპირებთ მეტი რესურსი დავუთმოთ ჩვენი მომხმარებლისთვის საყვარელ ბომბებს. ვაგრძელებთ ძველებურად ჩვენი პროდუქტის დახვეწას და საერთაშორისო სტანდარტებზე მიწოლას ბოლომდე.

ზევით