BEAUTY LAB-ის ისტორია კვირის GOGO!-სგან

ქეთა ბაღაშვილი

წარმოიდგინეთ ალტერნატიული სივრცე ქალებისთვის, სადაც პასუხს ყველა კითხვაზე გაგცემენ. ან, არ წარმოიდგინოთ და უკვე გაჰიტებულ, ქალების დახურულ ჯგუფში გაწევრიანდით (თუ აქამდე არ გაწევრიანებულხართ), რომელსაც Beauty lab ჰქვია და სახელსაც ჭეშმარიტად ამართლებს. ზემოთ აღნიშნული ჯგუფი 2017 წელს შეიქმნა და იმ დროისთვის (ქართულ რეალობაში მაინც) ანალოგი არ ჰქყოლია. სილამაზის სფეროთი დაინტერესებული GOGO!-ს იდეა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯგუფად ჩამოყალიბდა, რომელსაც დღეს 116 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. The Diary-ის მკითხველს საკუთარი ქმნილების შესახებ ქეთა ბაღაშვილი უყვება.

როგორ დაიწყო Beauty lab-ის ისტორია?

ქეთა ბაღაშვილი: ბიუთი ლაბი 2017 წელს შეიქმნა, როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე ქართველი ქალებისთვის, სადაც ისინი ამომწურავი ინფორმაციის მიღებას თავის მოვლის შესახებ ქართულ ენაზე შეძლებდნენ. გვინდოდა ქალებს ერთმანეთისთვის რეკომენდაციები გაეზიარებინათ და განტვირთულიყვნენ. ჯგუფის მთავარი იდეა, სწორედ ქართველი ქალების დახმარება, სილამაზის ინდუსტრიის თავბრუდამხვევ შეთავაზებებთან გამკლავების გამარტივება და ერთმანეთის დახმარების სურვილით ავსებული ქალების გაერთიანება იყო.

ბიუთი ლაბის ქეთა

ახალი აპლიკაცია და დაფინანსება…

თანადაფინანსების გრანტის პროგრამა 2019 წლის სექტემბერში მოვიგე და 100,000 ლარი მოვიპოვე, რათა სილამაზის სალონებში ონლაინ ჯავშნის აპლიკაცია შემექმნა. აპლიკაცია 2020 წლის ოქტომბერში ჩავუშვით და ამ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, დაახლოებით 50 სალონთან ვთანამშრომლობთ.

5 რჩევა მათთვის, ვისაც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს გრანტის მოპოვება სურს

1. ჯერ, იპოვეთ პრობლემა და შემდეგ ამ პრობლემის გადაჭრის გზა. ეს “გზა” უნდა აქციოთ თქვენს პროდუქტად.

2. შეისწავლეთ თქვენი იდეა კარგად.

3. შეისწავლეთ ბაზარი და კონკურენტები. ისწავლეთ ანალოგების გამოცდილებიდან.

4. რატომ უნდა აგირჩიონ ინვესტორებმა თქვენ? იპოვეთ საკუთარ თავში რაიმე ისეთი, რაც სხვაზე უპირატესს გაგხდით.

5. უარის არ შეგეშინდეთ!

ქეთა ბიუთი ლაბი

შენი რჩევა მომავალ ენტერპრენერ GOGO!-ს...

არასდროს შეეშინდეს ფიქრის და ოცნების. იმიტომ, რომ მართლა ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს. სამყაროს ყველა კუთხეში შესაძლებლობებია დამალული, რომლებიც გველოდებიან, როდის მივალთ და აღმოვაჩენთ, რომ გამოვიყენოთ.

სამომავლო გეგმები…

ამ ეტაპზე სრულიად აპლიკაციაზე და ჯგუფზე ვარ ორიენტირებული. არსებულის დახვეწვაზე და გაუმჯობესებაზე ვზრუნავ. მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება და ყველა გამოწვევას თუ არ ავუწყეთ ფეხი, ძალიან მალე გამოგვეცლება ხელიდან ის, რაშიც ბევრი დრო და ენერგია გვაქვს ჩადებული.

ზევით