#სილამაზე

„წარმატებაზე არასდროს მიოცნებია, მე მისთვის ვმუშაობდი“ - ესტე ლაუდერი

გაზიარება:

Estée Lauder-ის 75-წლიანი ისტორია არ გახლავთ მხოლოდ წარმატების ამბავი. ეს არის დაუღალავი შრომის და პროგრესისკენ მუდმივი სწრაფვის ისტორია, რომელიც უკვე 75 წელია აღგვაფრთოვანებს.

„Estée Lauder Companies საღი გადაწყვეტილებების და ცოტა იღბლის წყალობით, ბრენდმა მოახერხა და დამაარსებლის სახელიც კი გადაფარა, ისე როგორც ამას ვერც ერთი მისი კონკურენტი ვერ მოახერხებდა“ - წერდა მოდის კრიტიკოსი სიუზი მენკესი 1996 წელს, როდესაც კომპანიის დაარსების 50 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

ეს ღონისძიება ესტე ლაუდერისთვის უკანასკნელი საჯარო ღონისძიება აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დღეს უდიდესი იმპერიის დამაარსებელი ქალი უბრალოდ სრულყოფილად გამოიყურებოდა, ესტე ლაუდერი იმ საღამოს გადაღებულ თითოეულ ფოტოში ანათებდა. შესაძლოა ბრენდების სახელები მათი დამაარსებლის პირად იმიჯზე დგანან, თუმცა ესტეს შემთხვევაში ეს ორმაგად ჭეშმარიტ დებულებად ჟღერს.

„იმედებითა და ოცნებებით არაფერი მიიღწევა, მხოლოდ შრომით“ - ესტე ლაუდერი

მომავალი ესტე ლაუდერი - იმ დროისთვის ცნობილი, როგორც ჯოზეფინა ესთერ მენცერი, თანამედროვეობის მისის მეიზელს მოგაგონებდათ. თუმცა, სერიალის გმირისგან განსხვავებით ის არ იყო მდიდარი ებრაული ოჯახიდან. ის ემიგრანტების ოჯახში, პირველ ამერიკელ მოქალაქედ დაიბადა. ჯოზეფინას მამა, უნგრელი ემიგრანტი, ტექნიკის გადამყიდველი იყო. სწორედ მამის მაღაზიაში გატარებული დროის წყალობით მიიღო ჯოზეფინამ ვაჭრობის სფეროსა და მარკეტინგში პირველი რეალური გამოცდილება. 

ამასთანავე, ახალგაზრდა ჯოზეფინა მეტად დაინტერესებული იყო ქიმიკოსი და ფარმაცევტი ბიძის საქმიანობით, რომელიც ვენიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა. აშშ-ში ჯონ შოციმ New Way Laboratories გახსნა და დაიწყო სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება, სადაც ნაოჭსაწინააღმდეგო საცხების, სხეულის კრემებისა და ტუჩსაცხების აღმოჩენაც შეიძლებოდა.

„მე მუდმივად ვატარებდი ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე და მასზე ვინც ამისთვის მზად იყო. სახლში არასდროს გვქონია სიჩუმე, ყოველთვის საქმიანი ხმაური შეინიშნებოდა, განსაკუთრებით კი სამზარეულოში, სადაც სახის საცხის პატარა ქილებს ვავსებდი“ - წერდა ესტე ლაუდერი ავტობიოგრაფიულ წიგნში.

ამერიკაში სილამაზის ბაზრის განვითარების საქმე სწორედ ჯონმა აიღო საკუთარ თავზე - ბაზრის, რომელიც შტატებში ჯერ კიდევ არ არსებობდა, მასზე მოთხოვნა კი უდიდესი გახლდათ. ავტობიოგრაფიულ წიგნ Estée: A Success Story-ში ესტე ლაუდერმა წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები რომ გაიხსენა, აღნიშნა, რომ ის უბრალოდ მოჯადოებული იყო იმ ფაქტით, თუ როგორ გარდაიქმნებოდა ქიმიური ფორმულები სურნელოვან საცხებად და ლოსიონებად და როგორ ტესტავდა მათ კლასელ გოგოებთან ერთად.

 ჯონ შოცი იყო გენიალური ქიმიკოსი, თუმცა ის არ იყო ბიზნესმენი. სამაგიეროდ, ესტე იყო დაჯილდოებული მარკეტინგული უნარებით და ბიძას ბიზნესის დაწყებაშიც მალევე დაეხმარა. ესტემ მოიფიქრა სახელები პროდუქტებისთვის. მათ შორის, Super-Rich All Purpose Cream-ის სახელწოდებაც თავად ესტე ლაუდერს ეკუთვნის. სწორედ ეს სახელწოდება, მარტივი, დასამახსოვრებელი, თუმცა ინფორმაციული და იმავდროულად თავად საცხი, რამდენიმე ფორმულასთან გახდა Estée Lauder-ის, როგორც ბრენდის დასაბამი.

„დრო თქვენ სასარგებლოდ არ მოქმედებს, თუმცა თქვენ სასარგებლოდ მე ვიმუშავებ “- ესტე ლაურდერი

თუმცა, მანამ, სანამ ესტე საკუთარ ოცნებას რეალობად აქცევდა და მსოფლიოში ყვეალზე სახელგანთქმული ბრენდის დამაარსებელი გახდებოდა, ქერათმიანმა ლამაზმანმა ჯოზეფ ლაუტერზე იქორწინა, მიიღო მეუღლის გვარი და მოგვიანებით ის ყურისთვის უფრო მარტივად აღსაქმელ ლაუდერად გარდაქმნა. სწორედ ამ მომენტში დასრულდა ჯოზეფინა ესთერ მენცერის ცხოვრების თავი და ესტე ლაუდერის ეპოქა დაიწყო.

წარმატება ესტე ლაუდერთან თავისი ფეხით არ მისულა. პირიქით, საკუთარი საცხებით, პარფიუმერიითა და სუნამოებით ესტე მიდიოდა კლიენტებთან და მათ პირადად აცნობდა საკუთარ თავსა და ბრენდს. ესტე პროდუქციას ყიდდა ყველგან: მაღაზიებში, სალონებში, ქუჩაშიც კი და კუთვნილი აღიარების მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი გზის გავლაც მოუწია. 1944 წელს ესტემ პირველი მაღაზია გახსნა, 1946 წელს კი Estee Lauder Inc. დაარეგისტრირა.

1980-90-იან წლებში Estée Lauder ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მსხვილ კოსმეტიკურ კომპანიათა შორის მესამე ადგილზე იმყოფებოდა, 10 ათასი დასაქმებული ადამიანითა და 2 მილიარდიანი გაყიდვებით. 1999 წელს კი Estée Lauder-მა ქვეყნის მასშტაბით გაყიდული სილამაზის საშუალებების 50% შეადგინა.

ესტე ლაუდერი 2004 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა და სიმდიდრე ყოველწლიურად მხოლოდ იზრდება, Estée Lauder-ი კი დღემდე შთააგონებს ქალებს, რომ სილამაზე თავდაჯერებულობიდან მოდის და ამ სილამაზეს გაფრთხილება სჭირდება.

ზევით