„ვანილის სახლი“: ოცნების სახლის შენების უფასო გზამკვლევი Youtube-ზე

ვის არ უოცნებია ჯადოსნურ სახლზე, მაგიურ განწყობაზე, ულამაზეს ხედებსა და ყველაზე ძვირფას მოგონებებზე, რომლებსაც ამ სახლში დააგროვებს და მის სხვენში საგულდაგულოდ შეინახავს? - ალბათ, ყველას გვაქვს ჩვენი იდეალური სახლი სამომავლო პერსპექტივაში წარმოდგენილი, თუმცა დღეს იმ ადამიანების შესახებ უნდა გიამბოთ, რომლებმაც სრულყოფილი სახლის მშენებლობა 5 ან 10 წლით კი არ გადადეს, არამედ, თავიანთ ოცნებებს 2020 წლის ივლისში ჩაუყარეს საფუძველი და მას შემდეგ აქტიურად არიან ჩაბმული „ვანილის სახლის“ მშენებლობაში.

პროფესიით მარკეტერებმა, დიანა ველენგურსკაიამ და კახა კირთაძემ, გასულ წელს ფრთები ყველაზე დიდ ოცნებას შეასხეს და საკუთარი სახლის მშენებლობას შეუდგნენ შინდისში. ფოტო თუ ვიდეო პოსტებმა, რომლებსაც წყვილი აქტიურად აქვეყნებდა სოციალურ ქსელში, გენიალური იდეა დაბადა - „ვანილის სახლის“ შენების თითოეული ეტაპი, პირადი გამოცდილება და თანხის დაზოგვის სასარგებლო რჩევები ფართო აუდიტორიისთვისაც გაეზიარებინათ და ამისთვის Youtube პლატფორმა შეარჩიეს.

„ვანილის სახლის“ პირველი ბლოგი მაყურებელმა 2021 წლის მარტის თვეში იხილა და მას შემდეგ, საკუთარი თვალით გახდა იმის მოწმე, თუ რისი შექმნა შეუძლია ერთად დგომას, სწორ დაგეგმვას, გადაწყვეტილებების დროულ მიღებასა და საკითხების სიღრმისეულ კვლევას. დიანას და კახას ჯადოსნური სახლი ჩვენ თვალწინ „პატარა ბავშვივით სწრაფად გაიზარდა“ და დღეს შემქმნელებისგან პირად ისტორიასაც გვიამბობს.

„ვანილის სახლი“

პირველ ყოვლისა თქვენ შესახებ მოგვიყევით, ვინ ხართ და რას საქმიანობდით მანამ, სანამ საზოგადოება გაგიცნობდათ?

დიანა: მე და კახა მარკეტერები ვართ. ერთმანეთი 10 წლის წინ შეგვიყვარდა. ბევრი დაიტია ამ 10-მა წელმა. ბევრი შევქმენით. ვამაყობთ იმით, რომ ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიეთ, საკუთარი შრომითა და ერთმანეთის მხარში დგომით. 10 წლის წინ არაფერი გვქონდა. 

ოჯახი რომ შევქმენით, კახა „გალფის“ მარკეტინგი იყო, მე - „თეგეტა მოტორსის“ პიარი. ჩვენით შევიძინეთ და ჩვენ გემოზე მოვიწყეთ ახალი ბინა, რომელშიც დავიწყეთ ოჯახური ცხოვრება. შემდეგ იყო ბევრი შრომა, ბევრი წარმატება, კარიერის სხვადასხვა კომპანიაში შენება, პატარ-პატარა ბიზნესები და სხვადასხვა სტარტაპი, რასაც გზადაგზა ვქმნიდით.

პარალელურად კი ერთმანეთის მხარში დგომა, გამხნევება და აზრების შეჯერება... გულწრფელი მეგობრობა, წარმოუდგენლად დიდი სიყვარული და ტკბილი ოჯახი.

ჩვენი შრომითაა შეძენილი და  შევსებული თითქმის ყველაფერი ჩვენ გარშემო. ეს ასმაგად ტკბილია. სულ ვვითარდებოდით, ახლის ძიებაში ვიყავით... ხანდახან, უკან რომ ვიხედებით, ვხვდებით რამდენი გამოვიარეთ, რამდენი დასახული მიზანი შევასრულეთ, როგორ გავიზარდეთ. ძველი ამბები ტკბილად გვახსოვს, გვეღიმება საკუთარ გამოუცდელობაზე, თავქარიანობაზე, ნორჩობაზე და ა.შ. 

- ვანილის სახლი - როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე, მოგვიყევით იდეის გაჩენიდან რამდენად მალე მოახერხეთ ყველაფრის დაწყება?

დიანა: ეს სახლი სულ გვინდოდა. თანდათან ყალიბდებოდა და შენდებოდა ჩვენს წარმოსახვაში. თუმცა წლების წინ ფულიც რომ გვქონოდა, არაფერი გამოგვივიდოდა. მაშინ არ ვიცოდით რა გვინდოდა, როგორი გვინდოდა, დროდადრო ყველაფერი გამოცდილებამ მოიტანა. მიწის ნაკვეთი (1200 კვ.მ) დაახლოებით 8 წლის წინ შევიძინეთ ბანკის დახმარებით, დღევანდელ რეალობასთან შედარებით თითქმის 10-ჯერ იაფად.

იქ სამომავლო სახლის აშენება თავიდანვე გადავწყვიტეთ და  დღეს, როცა უკვე 30 წელს გადავაბიჯეთ, ცხოვრება ვისწავლეთ და ამასობაში 2 შვილიც შეგვეძინა, უფრო ნათლად დადგა სახლის საჭიროება; ჩამოგვიყალიბდა სურვილიც და ხედვაც, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ოცნების სახლი. დღეს სულ სხვანაირად ვუყურებთ მთელ რიგ საკითხებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის სწორი დაგეგმვისთვის. არაჩვეულებრივი პროექტი კი უნიჭიერესმა არქიტექტორმა ჩვენი სურვილებისა და ახირებების  გათვალისწინებით გაგვიკეთა. 

და მაინც! ვფიქრობ,  ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან ამხელა სახლის მშენებლობის დაწყება, რადგან  ყველაზე მთავარი - საჭირო თანხა არ გვქონდა. გვქონდა შეგროვებული დაახლოებით 40 000 ლარი და როდესაც მშენებელი გავიცანით, მან კი დაგვითვალა პროექტის ხარჯები, მივხვდით რომ ცოტა არაეალურს ვეჭიდებოდით.

მაგრამ რისკი და მიწოლა გვახასიათებს ცხოვრებაში. ერთმანეთის იმედიც გვაქვს და ოცნების ასრულებისკენ სავალ გზაზე უკან არც ამჯერად დავიხიეთ. დავიწყეთ იმით, რაც გვქონდა და შემდეგ ამ პროცესმა იმდენად ჩაგვითრია, მთლიანად შეგვისრუტა და შეგვმატა მოტივაცია. ამიტომ შრომა გავაასმაგეთ და ღვთის შეწევნით, ეტაპიდან ეტაპამდე მივყვებით ნელ-ნელა. რა თქმა უნდა მეტი ფული და მეტი დრო რომ გვქონდეს, უფრო სწრაფად ავაშენებდით, მაგრამ, ვფიქრობთ მთავარი ისაა, რომ არ ვჩერდებით. პროცესით სრულ სიამოვნებას ვიღებთ, ვცდილობთ ყველაფერი მაქსიმალურად ხარისხიანი და საუკეთესო  გამოვიყენოთ და ყველა ოცნება ავიხდინოთ. 

რატომ ვანილის სახლი? იმიტომ, რომ ძალიან ტკბილია ჩვენთვის, ჩვენი ხელით ვაშენებთ! მთლიანად ჩართულები ვართ პროცესში და ყოველ ჯერზე როცა იქ ვართ, განსაკუთრებულ სიტკბოს და სურნელს ვგრძნობთ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვერქმია ვანილის სახლი 

 

- რატომ Youtube ბლოგები?

დიანა: DIY (Do It Yourself) კონტენტი ძალიან პოპულარულია Youtube-ზე. საქართველოშიც ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უყურებს Youtube-ზე სხვადასხვა სახის ვიდეოებს. ჩვენი არხიც ვიდეო ეპიზოდის ატვირთვის  პირველივე დღეებიდან გახდა პოპულარული, რადგან ის ძალიან გულწრფელი და რეალურია. ჩვენ საფუძვლიანად ვიკვლევთ ყველა თემას, ეტაპობრივად და დეტალურად ვაჩვენებთ მშენებლობის ყველა ფაზას, ვყვებით საკუთარ გამოცდილებას და ყველა ეპიზოდის შემდეგ ვაზიარებთ რეალურ ხარჯთაღრიცხვას. უფასო რჩევებია მათთვის, ვისაც სურს ან აინტერესებს მშენებლობა.

თვითონ ვლოგის იდეა მშენებლობის დროს გაჩნდა. ჩვენ ისედაც ყველაფერს ვიღებდით სამახსოვროდ. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ოჯახში ხარისხიანი და საჭირო ტექნიკა მოგვეპოვება. ასე რომ, გადავწყვიტეთ შვილებს და შვილიშვილებს ისტორია შევუქმნათ. მომავალში ჩაუსხდებიან და უყურებენ სულ თავიდან ბოლომდე, როგორ აშენდა მათი სახლი 0-დან. ამაზე რომ ვფიქრობ გული მიჩუყდება. ავსახო და დავიმახსოვრო საკუთარი ცხოვრება ჩემთვის ან საყვარელი ადამიანებისთვის, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

ხშირად მიფიქრია შორეულ მომავალზე, როცა ღრმა მოხუცებულობაში საქმე აღარ მექნება, დავჯდები და გავიხსენებ მთელი ცხოვრების ბედნიერ მომენტებს, ყოველდღიურად ვიცხოვრებ მოგონებებში. ყველაზე მეტად ძველი ფოტოების თვალიერება მიყვარს, მოგონებები, “მემორები”, რაც გინდათ ის უწოდეთ, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზია: Colecting memoires, not things. ხომ არის მომენტები: ნიშნობა, ქორწილი, ორსულობა, ბავშვის დაბადება, ბავშვის პირველი ნაბიჯები... სადაც ყოველთვის ემოციურია დაბრუნება. ასეთ კადრებს ყოველთვის დიდი მოქმედების ძალა აქვს და ემოციების მთელ კასკადს გიძღვნის.

სახლის შენებაც ასეა. პატარა ბავშვივით სწრაფად იზრდება და იცვლება, შენს თვალწინ იქმნება ისტორია.

უყურებ ვლოგს მომავალში და ხედავ შენს თავს წარსულში: სხვა თვალით დანახულ საკუთარ თავს წლების მერე, როგორ იღიმები, როგორ გიბრწყინავს თვალები, როგორ გიყვარს, როგორ იზრდებიან შენი შვილები. სახლის შენება რომ დავიწყეთ, საბა დახოხავდა. იქ აიდგა ფეხი და დაბაჯბაჯებდა, მომავალში კი ამ სახლში გაიზრდებიან. ეს ჩემთვის ჯადოსნობაა, ჯადოსნური სარკე ზღაპრებიდან... სხვათაშორის, ბავშვები ხშირად მიგვყავს მშენებლობაზე. ემილი უკვე 5 წლის გოგოა, საბა კი მალე 2 წლის გახდება. სახლთან ერთად იზრდებიან, თამაშობენ ქვიშაში, დარბიან ეზოში და ყოველდღიურად უყურებენ როგორ შენდება მათი ოთახები. ეს მშვენიერია! 

- რომელიმეს თუ გქონდათ სამშენებლო სფეროსთან ახლო შეხება ვანილის სახლამდე და რამდენად დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული თქვენი წამოწყება საწყის ეტაპზე?

კახა: არანაირი გამოცდილება არ გვქონდა საერთოდ. რისკი უფრო ფინანსურია. ყოველთვის შეიძლება გავიჭედოთ! თუმცა ვცდილობთ არ მოვდუნდეთ, მაქსიმალურად ყველა რესურსს ამ პროექტში ვდებთ. პარტნიორი კომპანიებიც უკვე მრავლად გამოგვიჩნდნენ და სწორედ მათი დახმარებით მეტად იმედიანად ვართ.

- რა იყო თქვენი მთავარი მოტივატორი ამ შრომატევად საქმეში?

კახა: სახლი! ოცნების სახლი! ბევრი სივრცე და ჰაერი! პანდემიამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საბოლოოდ გადავწყვიტეთ და დავიწყეთ მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც შეგვეზღუდა და შეგვიმცირდა ფინანსური წყაროები, ისევე როგორც ყველას, მაინც მეტად მოვახერხეთ ფულის დაზოგვა, რადგან ვერც ვმოგზაურობდით და ვერც ვერთობოდით ძველებურად. გარდა ამისა, სწორედ პანდემიის ჩაკეტილობამ და 2 პატარის შემომატებამ უკვე ნათლად დაგვანახა გაფართოების საჭიროება.

- ვინც ჯერ არ იცნობს თქვენს Youtube არხს, რომ მოგვიყვეთ რა ეტაპები გაიარეთ და ახლა რამდენად ახლოს ხართ მიზანთან?

კახა: ოოო, ჯერ ბევრი გვაქვს წინ, თუმცა უკვე გვაქვს სახლი აშენებული, გადახურული, გალესილი, თავისი ტიხრებით, თბო და ჰიდრო იზოლაციით, ვერანდით, კიბეებით, ჩასმული ვიტრაჟებით და კარებით. მოკლედ სახლი ავაშენეთ და დავხურეთ.

პირველ ეპიზოდში ვაჩვენეთ როგორ ავაშენეთ სახლი 0-დან - 3 სართული და ვერანდა, თავის გადახურვითა და ტიხრებით.

მეორე ეპიზოდი ეძღვნებოდა ვიტრაჟების მოძიებას, შეკვეთას და მონტაჟს.

მესამე ეპიზოდში სრულად გავაკეთეთ სახურავის თბო და ჰიდრო იზოლაცია და ვერანდაზე დავაგეთ კერამოგრანიტი.

მეოთხე ეპიზოდი მიეძღვნა კიბეებსა და კარებს - 3 ლითონის შიდა კიბე დავამზადებინეთ და 2 ლითონის კარი ჩავსვით.

მეხუთე ეპიზოდში სახლი გავლესეთ და გავალამაზეთ გარედან, ჩავჭერით და ჩავაყენეთ სარკმლები და გამწოვები სველ წერტილებში. ასევე, სახურავის  ის მცირე ნაწილი, რაც ვერანდის კიდევ ზევითაა, გადავხურეთ ჰიდროსაიზოლაციო ტოლით. მოკლედ, მალე ჩვენი მე-6 ეპიზოდი დაიდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. თემას ჯერჯერობით სიურპრიზად შემოვინახავთ. დანარჩენს კი უკვე 2022 წლიდან გავაგრძელებთ.

- რაში იმალება სახლის ნაკლები ხარჯით აშენების საიდუმლო?

კახა: სწორ დაგეგმვაში, დროულ გადაწყვეტილებებში და ყველა საკითხის სიღრმისეულ კვლევაში. არ შეიძლება თანხის დაზოგვა ხარისხის სანაცვლოდ. მაგრამ კომპეტენტურობა და სწორი გათვლები ბევრს ცვლის ნამდვილად.

- რას იტყვით შეცდომებზე, იყო თქვენს თავგადასავალში გაუთვალისწინებელი მომენტები?

დიანა: საბედნიეროდ, ჯერ არა. გაგიკვირდებათ და ჯერჯერობით არ ვწუწუნებთ არცერთ ხელოსანზე. მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც გვერდში გვედგა მთელი ეს დრო. ჩვენს გაკვალულ გზას კი ძალიან ბევრი იყენებს. გვიხარია, რომ სულ გვწერენ, გვირეკავენ, როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების დიდი ნაწილი. ჩვენდაუნებურად მათთვის, გარკვეულწილად ექსპერტებივით ჩამოვყალიბდით. გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რომ უკან მოგვყვებიან და გვემადლიერებიან, რადგან ჩვენი მოკვლეული მზა რეცეპტებით ძალიან ბევრი დრო და ენერგია დაზოგეს ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში.

რას ფიქრობთ, რა იქნება მომავალში? როცა უკვე იცხოვრებთ ვანილის სახლში. 

დიანა: მინდა კიდევ ბევრი შევქმნათ ერთად და მომავალი 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გვქონდეს გასახსენებელი. მინდა ბევრ რამეზე გამეცინოს უკვე ახალი გადმოსახედიდან. მინდა ჩვენი ოცნების სახლში ვიცხოვროთ, საიდანაც მთელი თბილისის ხედით დავტკბებით; მინდა მრავალშვილიანი ოჯახი გვქონდეს, მთლიანად საკუთარი ბიზნესის მართვაში გადავიდეთ და ბევრი დრო დავუთმოთ ოჯახს, მოგზაურობას, მეგობრებს და რა თქმა უნდა - ერთმანეთს.

ჩვენი სახლი რომ დასრულდება და რენდერების ნაცვლად აუზიდან რეალურ სელფებს დავდებთ, ალბათ ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება. სხვა სამყაროში გადავსახლდებით, ულამაზეს წვეულებებს მოვაწყობთ აუზზე, სახლშივე გავატარებთ უქმეების უმეტესობას და ყოველდღიურობასაც ვიქცევთ სიამოვნებად. ჩვენს სამზარეულოში ხშირად იტრიალებს ვანილის სურნელი. ჰო, და კიდევ, აუცილებლად გვექნება ბევრი ვანილის ნაყინი ვანილის სახლში. 

რჩევები მკითხველს:

  1. ასჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით! 
  2.  არ დაზოგოთ ხარისხის სანაცვლოდ;
  3.  არ დაზოგოთ თანხა მასალებში;
  4.  გახდით ამ საქმის ექსპერტები! გაერკვიეთ საკითხში, საფუძვლიანად შეისწავლეთ ყველა ეტაპი;
  5.  მოიკვლიეთ ბაზარი და მხოლოდ საუკეთესოებთან ითანამშრომლეთ (ასე დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც);
  6.  არ დაკარგოთ კონტროლი. მიანდეთ სამუშაოები, მაგრამ მუდმივად ჩახედული იყავით პროცესში, დეტალების დონეზე მიადევნეთ თვალი თანხებს, შესრულების ხარისხს და მასალებს;
  7.  იფიქრეთ წინდაწინ. გაიხედეთ უფრო შორს, მომავალში! მშენებლობა ხომ მომავლის შენებაა! 
  8.  გამოიყენეთ თანხები ეფექტურად. შესაძლოა წინდაწინ  შეიძინოთ საჭირო მასალა გაცილებით დაბალ ფასად; 
  9.  წარმოიდგინეთ და დაინახეთ თქვენი თავი სახლში! დაიჯერეთ დაუჯერებელიც, რადგან თუ რაღაცის მთელი გულით გწამს, აუცილებლად  აგისრულდება;
  10.  გამოიწერეთ ჩვენი არხი, იქნებ თქვენთვისაც სასარგებლო იყოს ჩვენი რჩევები.
ზევით