#დეკორი

The French Dispatch: როგორ გავხდეთ უეს ანდერსონის ახალი სამყაროს ნაწილი

გაზიარება:

რომელ ჩვენგანს არ უოცნებია ერთხელ მაინც გავჩენილიყავით უეს ანდერსონის ჯადოსნურ და იდუმალ სამყაროში? ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, რეჟისორმა 10 ფილმი წარმოგვიდგინა, რომლებიც ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებენ. სრულყოფილი სიმეტრია, მდიდრული ინტერიერი და მრავალფეროვანი ფერთა გამა, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავს ანდერსონის სათქმელს, Grand Budapest Hotel-ში წითელი და მეწამული ფერებით, Moonrise Kingdom-ში კი პასტელური გამით, რეჟისორის ხელწერის ნაწილს წარმოადგენს.

2021 წელს, 3-წლიანი პაუზის შემდეგ უეს ანდერსონი მაყურებელს და ერთგულ გულშემატკივრებს ახალი ფილმით  - The French Dispatch-ით დაუბრუნდა; დრამედიით, რომელიც რეჟისორის სასიყვარულო წერილს წარმოადგენს ჟურნალისტებისთვის.

ფილმში მოქმედება მე-20 საუკუნეში, საფრანგეთის გამოგონილ ქალაქში ამერიკული გამომცემლობის გარშემო ვითარდება. The French Dispatch-ში თავი ამერიკელმა თუ ფრანგმა მსახიობებმა მოიყარეს, რომლებსაც ვეს ანდერსონთან არაერთხელ უმუშავიათ. ფრენსის მაკდორმანდი აჯანყებას ადევნებს თვალს, რომელსაც ახალგაზრდა რევოლუციონერი ტიმოთი შალამე ხელმძღვანელობს. ბენისიო დელ ტორო კი პატიმარი მხატვრის როლში გვევლინება, რომელმაც მთელი ციხე საკუთარი ხელებით მოხატა. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს რეჟისორის ახალ ნამუშევარში ასე ნაცნობი და საყვარელი დინამიკა დააკლდა, ანდერსონის ხელწერა მაინც ყველასათვის თვალშისაცემი გახდა.

რენა დეანჯელომ, უეს ანდერსონის მეგობარმა და მისი ფილმების მთავარმა დიზაინერმა, არც ამჯერად დაივიწყა ვინტაჟური ავეჯის სიყვარული, ყვითელი ფერის გრადაციები თუ პასტელური ფერების დეკორატიული ნივთები.

როდესაც ანდერსონის ახალი ფილმი მზადების პროცესში გადავიდა, შემოქმედებითი გუნდი დეანჯელოს მეთაურობით პარიზს ესტუმრა და ყურადღებით დაიარა ანტიკვარული მაღაზიები, თუმცა მთავარი აღმოჩენა დიზაინერს ჯერ კიდევ წინ ელოდა. ანგულემში ჩასულ დეანჯელოს, სადაც The French Dispatch-ის გადაღებების დიდი ნაწილი მიმდინარეობდა, მოულოდნელად ქალაქში ანტიკვარული ნივთების უზარმაზარი საწყობი დახვდა, რომელშიც რედაქციების მიერ ნაქონი რეალური ნივთებიც ინახებოდა.

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ უეს ანდერსონის უახლესი ეკრანიზაცია ჩვენი ინტერიერის გარდაქმნის ინსპირაციად? მთავარია, რენა დეანჯელოს მსგავსად, ყურადღება დეტალებს მივაქციოთ და ჩვენი დიზაინი და დეკორაცია ერთ მთლიანობად წარმოვიდგინოთ, როგორც ამას უეს ანდერსონი შთაგვაგონებს. საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს იმის უფლება, ცხოვრებას ცოტა ხნით მაინც შევხედოთ ვარდისფერი სათვალეებით და 2022 წელს ჩვენი სახლი რეტრო სტილის დეკორაციებით, ვინტაჟური ფირის კამერებით, ფერადი წიგნებითა და სახლის მცენარეებით დავამშვენოთ.

ზევით