#მოდა

შემოდგომის სტილის მუზა - კაროლინ ბესეტ-კენედი

გაზიარება:

მე-20 საუკუნის მიწურულს არა ერთი გამორჩეული სტილის სიმბოლო ახსოვს, ქალები, რომლებმაც მოდას თავიანთი ინდივიდუალური შტრიხები, განწყობა და ენერგია შემატეს და ყოველ გამოჩენაზე მცირე გადატრიალებებს აწყობდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. თითოეული მათგანის გემოვნება იმდენად ავთენტური და მომაჯადოებელი იყო, რომ დღესაც, მოდური არჩევანის გაკეთებისას ხშირად ვიხედებით უკან წარსულში და შთაგონებას მათ სტილში ვპოულობთ.

თუკი თქვენთვის შემოდგომის სტილი მინიმალიზმთან და ელეგანტურობასთან ერთდროულად ასოცირდება, მაშინ ჩვენი დღევანდელი სტილის სიმბოლოს კაროლინ ბესეტ-კენედის ინსპირაცია სწორედ თქვენთვისაა.

1994 წელს კაროლინ ბესეტი Calvin Klein-ის პუბლიცისტად მუშაობდა, როდესაც ნიუ-იორკში ყველაზე ცნობილ მამაკაცთან ჯონ კენედი-უმცროსთან დაიწყო შეხვედრა. კაროლინი ყურადღების ცენტრში მოულოდნელად მოექცა, თუმცა ეს მისი განზრახვა არასდროს ყოფილა. ბესეტი ძალ-ღონეს არ იშურებდა პაპარაცებისგან თავის ასარიდებლად და თითქმის არასდროს იძლეოდა ინტერვიუებს, რისი დამსახურებითაც სტილის კერპის პიროვნულობის დიდი ნაწილი საიდუმლოდ დარჩა. 

მის (კაროლინის) სტილში ინტელექტი აირეკლებოდა, ვფიქრობ, რომ მასში იყო უკიდურესი სიღრმე, რომელიც იზიდავდა როგორც ჯონს, ასევე მთელ სამყაროსაც - გაბრიელა ჰერსტი.

კაროლინ ბესეტის სტილი მარტივი და ეფექტური იყო, მინიმალიზმის მოყვარული ბესეტის ჩაცმულობა იმავდროულად ტენდენციურად ფრთხილი გახლდათ. კაროლინის შემოდგომის სტილი სადა სილუეტებისა და ნეიტრალური ფერების გარშემო ერთიანდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კაროლინ ბესეტი და ჯონ კენედი-უმცროსი 1999 წელს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპნენ, კაროლინის მოდური მემკვიდრეობა აგრძელებს ცხოვრებას. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ბესეტ-კენედი არა ერთხელ გამხდარა ყველაზე ცნობილი დიზაინერების განწყობის დაფების შთაგონების წყარო, კაროლინის მარადიული სტილი მუდმივად შთააგონებს თაობებს და მისგან მხოლოდ საუკეთესოს შექმნას გვაიძულებს.

ზევით