პრინცესა დიანას უცნობი პორტრეტი კენსინგტონის სასახლეში გამოიფინა

პრინცესა დიანა ფოტოგრაფებისთვის XX საუკუნის მეორე ნახევრის რჩეული ქალი გახლდათ, უელსის პრინცესას ფოტოები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ისე როგორც პრინცესა დიანას ცხოვრებაში, აგრეთვე მისი გარდაცვალების შემდეგაც. დღემდე, იშვიათობაა ისეთი ფოტოს აღმოჩენა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩრდილში ინახებოდა, თუმცა მსგავსი პრეცედენტი სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა.

კენსინგტონის სასახლეში, გამოფენაზე სახელწოდებით Life Through a Royal Lens, ფოტოგრაფ დევიდ ბეილის მიერ, 1988 წელს გადაღებული პრინცესა დიანას შავ-თეთრი პორტრეტი გამოიფინა. ხალხის პრინცესას ფოტოსურათში ცალმხრიანი კაბა და საყურეები ამშვენებს. ფოტოგრაფმა პორტრეტი National Portrait Gallery-სთვის გადაიღო, თუმცა ეს კონკრეტული სურათი არასდროს გამოუჩენია, ის დევიდ ბეილის პირად არქივში ინახებოდა.

შავ-თეთრ ფოტოსურათში ჯერ კიდევ მორცხვ პრინცესა დიანას ვხედავთ, როგორც მას 1980-იან წლებში პრესაში მოიხსენიებდნენ. 1990-იანი წლებიდან და განსაკუთრებით პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ უელსის პრინცესამ თავდაჯერებულობა შეიძინა, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება პრინცესა დიანას მოდის კერპად ჩამოყალიბება და მის პიროვნულობაში თავისუფალი არჩევანის, ბედნიერების აღბეჭდვა.

კენსინგტონის სასახლის გამოფენა სხვა საკვანძო სურათებსაც მოიცავს, Life Through a Royal Lens-ის შემადგენლობაში შედის მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის სამეფო ოჯახის პირადი არქივის ანოტირებული ფოტოალბომი, დედოფალ ალექსანდრას ილუსტრირებული სურათებით, პრინცესა მარგარეტის ზღაპრული პორტრეტითა და უინძორის ახალგაზრდა ჰერცოგის მიერ გადაღებული ფოტოებით.

ზევით