მირანდას უგემრიელესი ირისის ნამცხვარი

მირანდა ნადიბაიძე, ჩვენი საკონდიტრო სვეტის ავტორია. ახალგაზრდა კონდიტერი ჩვენს მკითხველს უგემრიელესი ნამცხვრების რეცეპტებს გაუზიარებს.

 

 ამ ჯერზე მირანდა უგემრიელესი ირისის ნამცხვრის რეცეპტს გვთავაზობს. 

ინგრედიენტები ცომისთვის:

• კვერცხი 3 ც

• შაქარი 200 გ

• კარაქი 100 გ

• თაფლი 3 ს.კ.

• სოდა 1 ჩ.კ.

• ვანილი 2 გ

• მარილი დანის წვერით

• ფქვილი 500 გ

 

მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, თაფლი, მარილი, ვანილი და სოდა. ორთქლის აბაზანაზე შედგით კვერცხიანი მასა, განუწყვეტლივ ურიეთ. როცა მასა ფერს შეიცვლის, დაუმატეთ ფქვილი და სწრაფად შეურიეთ. გადმოდგით ჯამი ორთქლიდან და შეაგრილეთ ცომი. ცომი გაყავით 5 ტოლ ნაწილად და გააბრტყელეთ პერგამენტზე ( 33სმ/55სმ) . გამოაცხეთ 200 გრადუს ცელსიუსზე შეწითლებამდე.

ინგრედიენტები მოხარშული კრემისთვის

• შაქარი 300 გ

• კვერცხის გული 6 ც ვანილი 1 გ

• რძე 1 ლ

• ფქვილი 200 გ კარაქი 200 გ

მომზადების წესი:

შაქარი და კვერცხის გული ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ვანილი. აადუღეთ რძე და გააციეთ. 250 გ რძე შეურიეთ გოგლიმოგლს. დაუმატეთ ფქვილი და მიღებული მასა ჩაასხით დარჩენილ რძეში. დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ. ადუღეთ 20 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან , გადმოიღეთ ჯამში და გააციეთ. ცალკე ათქვიფეთ კარაქი. მოხარშული კრემის ფაფა ათქვიფეთ ცომის ჩხირებით. კარაქს შეათქვიფეთ კრემის ფაფა.

ინგრედიენტები შესქელებული რძის კრემისთვის

• მოხარშული შესქელებული რძე 3 ც

• კარაქი 150 გ ვანილი 1 გ

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კარაქი და კოვზით შეურიეთ შესქელებული რძე. დაუმატეთ ვანილი. ააწყეთ ნამცხვარი ფოტოს მიხედვით. ფირფიტებს მონაცვლეობით წაუსვით შესქელებული რძისა და მოხარშული კრემი. ბოლო ფენას კი მხოლოდ შესქელებული რძის კრემი წაუსვით.

ზევით